რას ამბობს თბილისის პოლიციის თანამშრომელი გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც მისი დაწინაურება გიორგი რურუას დაკავებას უკავშირდება - კვირის პალიტრა

რას ამბობს თბილისის პოლიციის თანამშრომელი გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც მისი დაწინაურება გიორგი რურუას დაკავებას უკავშირდება

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კახა მურადაშვილის განცხადებით, მისი დაწინაურება "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას დაკავებას არ უკავშირდება. აღნიშნულის შესახებ მურადაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ის მოწმის სახით დაიკითხა.

დაცვის მხარის განცხადებით, კახა მურადაშვილი იმ საგამოძიებო სამმართველოს უფროსი იყო, რომელმაც გიორგი რურუას დაკავება მოახდინა.

"ჩემი დაწინაურება ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა და ამაზე პასუხს მე ვერ გაგცემთ, ეს რურუას დაკავებასთან არანაირ კავშირში არაა. არაერთ მნიშვნელოვან საქმეში მაქვს მონაწილეობა მიღებული, ბევრი გაუხსნელი საქმე გაიხსნა ჩემი ხელმძღვანელობისას. შესაძლოა, ჩემმა ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ მე დაწინაურება დავიმსახურე. ჩემი დაწინაურება რურუას საქმესთან არანაირ კავშირში არაა", - განაცხადა მურადაშვილმა.

მისივე განმარტებით, სიცრუეა მოსაზრება, თითქოს, ცეცხლსასროლ იარაღზე რურუას ბიოლოგიური მასალა ხელოვნურად გადაიტანეს.

"ეს დაცვის პოზიციაა, მე პირადად ამას სიცრუეს და სისულელეს ვუწოდებ, რადგან იარაღიდან, რომელიც რურუას ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული, არსებობს ბიოლოგიური მასალა, რომელიც რურუასგან აღებულ ბიოლოგიურ ნიმუშს შედარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ იარაღზე არსებული კვალი რურუას ეკუთვნის. რაც შეხება იმას, რომ მასზე ხელის ანაბეჭდი და მეტალიზაცია არაა, ეს შესაძლოა, ზოგ ნივთზე დარჩეს და ზოგზე - არა, ეს არ არის იმპერატიული ხასიათის, რომ მასზე მაინც და მაინც უნდა არსებობდეს თითის ანაბეჭდი", - განაცხადა მურადაშვილმა.

მისივე განმარტებით, ასევე სისულელეა, რომ თითქოს, გიორგი რურუას ცეცხლსასროლი იარაღი "ჩაუდეს".

" მისი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი და მასზე არსებული ბიოლოგიური მასალა ეკუთვნის რურუას. არანაირი კამერა გათიშული არ არის, ყველა კამერა იქნა ამოღებული, რაც კი იმ ადგილზე იყო და საქმეს ერთვის", - განაცხადა მურადაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"