რატომ გაჩხრიკეს ხასო ხანგოშვილის საცხოვრებელი სახლი და დააკავეს თუ არა მისი ვაჟი? - რას ამბობს პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრი? - კვირის პალიტრა

რატომ გაჩხრიკეს ხასო ხანგოშვილის საცხოვრებელი სახლი და დააკავეს თუ არა მისი ვაჟი? - რას ამბობს პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრი?

პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრი ხასო ხანგოშვილი აცხადებს, რომ მისი შვილის, გედიშ ხანგოშვილის ადგილსამყოფელი უცნობია და მის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.

როგორც ხანგოშვილი განმარტავს, გუშინ მისი საცხოვრებელი სახლი სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს და უთხრეს, რომ მის შვილს აუცილებლად დაკითხვადნენ. ხანგოშვილის თქმითვე, სპეცოპერაციის შედეგად თბილისში დაკავებული ეთნიკურად ჩეჩენი პირი, მის სახლში რამდენჯერმე იყო ნამყოფი და ის ბოლოს მისმა შვილმა გააცილა თბილისში.

"სპეცოპერაცია მაქსიმუმ, ნახევარი საათი მიმდინარეობდა, დაათვალიერეს ოთახები. ალბათ, სახელმწიფო უსაფრთხოების წარმომადგენლები იყვნენ, არც მაგით დავინტერესებულვარ. რას ეძებდნენ, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, ვერაფერი ნახეს. თავისთავად ცხადია, ვკითხე, რა აინტერესებდათ. იარაღი გაინტერესებთ-მეთქი? იარაღი მაქვს, გაფორმებულია-მეთქი, საბუთები ნახეს... ჩემ შვილზე მითხრეს, აუცილებლად დავკითხავთო, დანარჩენი ინფორმაცია არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, გავიგებთ 48 საათში", - განაცხადა ხანგოშვილმა.

მისივე განმარტებით, სპეცოპერაციისას დაკავებული პირი მისმა შვილმა ორი თვის წინ გაიცნო.

"ნაცნობები იყვნენ, ამ ორ თვეში რამდენჯერმე იყო აქ ჩამოსული. ვკითხე, რატომ იყო აქ, რას საქმიანობდა. ბიზნესი მაქვს, უკრაინიდან ვარ, საზღვრები რომ ჩაიკეტა, ვერ ჩავედიო, მითხრა. ის შუამავლის როლს ასრულებდა საკობიანოში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით. როცა ვნახულობდი, ამ კუთხით ვეკითხებოდი, რაღაც ძვრები არის, კარგად დამთავრდებაო, მეუბნებოდა. ჩემ შვილთან კონტაქტი ჰქონდა, მოდიოდა, 3-4 ჯერ მოვიდა მაქსიმუმ, მოვიდოდა, ისადილებდა და წავიდოდა.

გუშინწინ, როცა აჰმედი აქ ჩამოსული იყო, ღამე 12-ის ნახევარზე წავიდა, შვილმა მითხრა, თბილისამდე გავაცილებ და მოვბრუნდებიო, მითხრა რომ უკრაინაში მიდიოდა. არანაირი საქმიანი ურთიერთობა ჩემ შვილს მასთან არ ჰქონია.

აქ ნარკოტიკების შემოტანა და გატანა აღარ ხდება, ყველაფერი კონტროლდება, ძალიან კარგად იციან უცხო მანქანა, ვინ შემოდის, ასე რომ აქ ნარკოტიკის შემოტანა-გატანა გამორიცხულია. აჰმედზე ვამბობ, ისიც ხომ კონტროლის ქვეშ იქნებოდა?", - განაცხადა ხანგოშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩაატარა, რომლის შედეგადაც ერთი პირი, ეთნიკურად ჩეჩენი დააკავეს.

"ინტერპრესნიუსი"