ე.წ. კანონიერი ქურდის დახმარებით დაზარალებულს შვილის გატაცების მუქარით 60 000 დოლარს სძალავდნენ - რა მოხდა სენაკში? - კვირის პალიტრა

ე.წ. კანონიერი ქურდის დახმარებით დაზარალებულს შვილის გატაცების მუქარით 60 000 დოლარს სძალავდნენ - რა მოხდა სენაკში?

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1976 წელს დაბადებული ა.გ., "ქურდული სამყაროს" წევრობისა და დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ბრალდებით, სენაკში დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ გიორგი ლილუაშვილმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ა.გ. და მისი საზღვარგარეთ მყოფი შვილი - 2001 წელს დაბადებული გ.გ., ვითომდა ჩეჩნური დაჯგუფების ლიდერების - "მაგამედისა" და "ხაკიმის" სახელით, ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის თემურ გვასალიას (მეტსახელად "თემურ სოხუმსკი") დახმარებით, მოქალაქეს - 1967 წელს დაბადებულ მ.ყ.-ს, ვაჟიშვილის გატაცების, ასევე, მისი და მისივე ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 60 000 აშშ დოლარს სძალავდნენ.

სამართალდამცველებმა ა.გ. დაზარალებულისგან მოთხოვნილი თანხის გამოძალვის დროს დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, გამოძალული თანხის ნაწილი - 10 000 აშშ დოლარი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებულ ა.გ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც "ქურდული სამყაროს" წევრობას გულისხმობს. ასევე, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით, რაც დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვას გულისხმობს. დაკავებულს ბრალი ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტითაც წარედგინა.