შეკვეთილი მკვლელობები, რომელთა კვალიც რამზან კადიროვთან მიდის
შეკვეთილი მკვლელობები, რომელთა კვალიც რამზან კადიროვთან მიდის
ფოტო:ზელიმხან ხანგოშვილი, ამინა ოკუევა, უმარ ისრაილოვი
12 ივნისს, ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურმა ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩაატარა. დააკავეს ერთი პირი, როგორც თავდაპირველად ითქვა, ეროვნებით, ჩეჩენი. მოგვიანებით, ტელეკომპანია "მთავარის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ის რუსეთის მოქალაქე ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი იყო -  ინგუში, დაბადებული ინგუშეთის რესპუბლიკაში. მოგვიანებით სამართალდამცავებმა პანკისის ხეობაში, უხუცესთა საბჭოს წევრის ხასო ხანგოშვილის სახლი გაჩხრიკეს. როგორც გაირკვა, დაკავებული ხანგოშვილებთან სახლში სტუმრად იმყოფებოდა.

15 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებული ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. ამ
საკითხზე სპეციალური განცხადება გაავრცელა უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურმა, რომელშიც ვკითხულობთ:

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტის მიერ, ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკავებულია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.

ბრალდებული ვ.ბ.-ს დაკავება განხორციელდა შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის
საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა…" იხილეთ განცხადება სრულად

რამ გაანაწყენა კადიროვი?

დაახლოებით ერთი წლის წინ, ჯერ კიდევ "რუსთავი2"-ის ეთერში გიორგი გაბუნიას მონოლოგი, რომელშიც მან უხამსად მიმართა ვლადიმირ პუტინს, ჩვენი საზოგადოებისთვისც ყოვლად მიუღებელი აღმოჩნდა, მაგრამ ამას განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა რუსეთიდან, გახსოვთ ალბათ, ზოგიერთი თავგაცხელებული გაბუნიას რუსეთისთვის გადაცემასაც კი ითხოვდა...
რამზან კადიროვი
ამ ფაქტმა აღაშფოთა ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვიც, რომელიც გაბუნიას ღიად დაემუქრა.

"კავკასიაში კაცი მსგავს სიტყვებს არ ამბობს, მით უმეტეს თავისი მოსისხლის მიმართაც. გაბუნია მშიშარაა. ის ქართველი ხალხის და საქართველოს სირცხვილია". კადიროვმა განაცხადა, რომ კარგი იქნება თუ გაბუნიას სადმე შორს გადამალავენ, რადგან მსოფლიოში მილიონობით ისეთი ახალგაზრდა მოიძებნება, რომელიც "მას იმას მიუზღვავს, რასაც იმსახურებს". შესაბმისად, მას მერე, რაც ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურმაც დაადასტრა, რომ შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმის გამოძიების ფარგლებში რუსეთის მოქალაქე დააკავეს, ბუნებრივია, რომ ყველას კადიროვის მუქარა გაახსენა და მომხდარიც ჩეჩენ ლიდერს დაუკავშირდა, მით უფრო, რომ პირველი შემთხვევა არ არის, რომ შეკვეთილი მკვლელობის თუ მკვლელობის მცდელობის კვალი კადიროვთან მიდის.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ რუსული სპეცსამსახურები და რამზან კადიროვის მხარდამჭერები ყველას უსწორდებიან, ვინც მათ წინააღმდეგ გაილაშქრებს. კადიროვის დაჯგუფებასა და რუსულ სპეცსამსახურებს უკავშირდება უმარ ისრაილოვის, ზელიმხან ხანგოშვილის, ამინა ოკუევას და იმრან ალიევის მკვლელობები. გავიხსენოთ ვინ როდის გამოსალმეს სიცოცხელს...

უმარ ისრაილოვი

პირველად ევროკავშირის ტერიტორიაზე რამზან კადიროვის ოპონენტი 2009 წლის იანვარს ჩაცხრილეს. ვენაში, კადიროვის ბრძანებით, ჩეჩნეთის მეთაურის დაცვის ყოფილი წევრი უმარ ისრაილოვი მოკლეს.

ისრაილოვი საკუთარ თავს "კადიროვის რეჟიმის მსხვერპლს" უწოდებდა. ის ჩეჩნეთის მმართველს 2003-2005 წლებში ჩადენილ დანაშაულებებში ამხელდა.

ისრაილოვი ამტკიცებდა, რომ მას შემდეგ, რაც მან ჩეჩნეთის ტერიტორია დატოვა და ევროპაში წავიდა, კადიროვი მამამისს 10 თვის განმავლობაში პატიმრობაში ამყოფებდა. ოჯახის წევრზე ძალადობით კი კადიროვი თავისი დაცვის ყოფილ წევრს აიძულებდა ისევ ჩეჩნეთში დაბრუნებულიყო.

2011 წლის 1-ლ ივნისს, ავსტრიის სასამართლომ ისრაილოვის მკვლელობის ბრალდებით სამი ჩეჩენი გაასამართლა, ესენი იყვნენ ოტო კალტენბრუნერი, მუსლიმ დადაევი და ტურპალ-ალი ეშურკაევი. კალტერბრუნერი მკვლელობის ორგანიზებაში დაადანაშაულეს, მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, დადაევს -19 წლით, ხოლო ეშურკაევს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. ჩეჩენმა ლიოშა ბაგატირევმა კი, რომელიც ამ მკვლელობის შემსრულებლად მიიჩნეოდა, მალევე დატოვა ევროპა, ჩეჩნეთში დაბრუნდა. ის ვერ დააკავეს.

როგორც ცნობილია, ვენის სასამართლოს ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის დაკითხვაც სურდა, თუმცა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე ისრაილოვმა "ნიუ-იორკ თაიმსს" უამბო, რომ ის თავად იყო მოწმე, თუ როგორ აწამებდნენ კადიროვი და მისი ხელქვეითები შეიარაღებულ ამბოხში მონაწილე ეჭვმიტანილებს.

ამინა ოკუევა

2017 წლის 30 ოქტომბერს, კიევის ოლქში უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტომობილს, რომელშიც აღმოსავლეთ უკრაინაში ცენტრალური ხელისუფლების მხარეს მებრძოლი ცოლ-ქმარი, ამინა ოკუევა და ადამ ოსმაევი იმყოფებოდნენ. შემთხვევა კიევიდან 35 კილომეტრის მოშორებით მოხდა. როგორც კი ოსმაევისა და ოკუევას ავტომობილი რკინიგზის გადასასვლელზე გაჩერდა, ბუჩქებიდან უცნობმა პირებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს.
ერთ-ერთი ტყვია ამინა ოკუევას თავში მოხვდა, ის ადგილზევე გარდაიცვალა. ადამ ოსმაევი, რომელიც ფეხში დაიჭრა, აცხადებდა, რომ მათზე თავდასხმის დამკვეთი კრემლში უნდა ეძებნათ.
ამინა ოკუევა
ეს ცოლ-ქმარზე მეორე თავდასხმა იყო, მანამდე 2017 წლის 1-ლ ივნისს ცოლ-ქმარს ვენაში ყოფნისას დაესხნენ თავს. თავდამსხმელი მათ ფრანგული გამოცემა Le Monde-ს ჟურნალისტად გაეცნო, მანქანაში კი ადამის მიმართულებით ცეცხლი გახსნა. მაშინ ამინა და ადამი გადარჩნენ. მათი მტკიცებით, ქილერის კვალი რამზან კადიროვთან მიდიოდა. (იხილეთ სტატია: "ამინამ ადამი სამჯერ გადაარჩინა, მესამედ საკუთარი სიცოცხლის გაწირვით")


ზელიმხან ხანგოშვილი

წარმოშობით ქართველი ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. ქუჩაში მას ველოსიპედით მოძრავი მამაკაცი მიუახლოვდა, ჯერ ზურგში ესროლა, შემდეგ თავში საკონტროლო გასროლით ადგილზე მოკლა და გზა განაგრძო. მკვლელმა მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ ის მალე დააკავა. ბერლინის პროკურატურის თავდაპირველი მონაცემებით, დანაშაულში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქე ვადიმ სოკოლოვი იყო, თუმცა იქვე ითქვა, რომ ეს სავარაუდოდ, ფიქტიური გვარ-სახელი იყო და დასადგენი იყო მისი რეალური ვინაობა.

მომხდარიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ ხანგოშვილის დაქირავებული მკვლელის იდენტიფიცირება მოხერხდა და ის 54 წლის რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვია.

ხანგოშვილმა მისი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში სხვადასხვა საომარ დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა. მონაწილეობდა რუსეთ-ჩეჩნეთის ომში. იყო ერთ-ერთი საველე მეთაური, რის გამოც მოსკოვს მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. ჩეჩენ მებრძოლებთან ერთად ბრძოლისას დაიჭრა კიდეც. მას თბილისშიც დაესხნენ თავს.

მან რამდენჯერმე შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი და ბოლოს ბერლინში დასახლდა.

პრეზიდენტმა პუტინმა ხანგოშვილის მკვლელობის შემდეგ, განაცხადა, რომ ხანგოშვილი მოსკოვის მეტროში მომხდარ აფეთქებაში მონაწილეობდა. პუტინს მალევე დაუჭირა მხარი კადიროვმა. "ის ტერორისტი და დამნაშავეა და თუ ის მოკლეს, ამის შემდეგ მსოფლიოში ერთი ტერორისტით ნაკლებია. ეს ჩვენთვის ძალიან კარგია", - განაცხადა კადიროვმა.

იმრან ალიევი

რეჟიმის მსხვერპლი გახდა ცნობილი ბლოგერი იმრან ალიევი, რომელიც აქტიურად უპირისპირდებოდა რამზან კადიროვის რეჟიმს. ის საფრანგეთში ქალაქ ლილის ერთ-ერთ სასტუმროში მოკლული იპოვეს. ბლოგერს ცივი იარაღით მიაყენეს სასიკვდილო ჭრილობები.
 იმრან ალიევი
44 წლის ბლოგერი აქტიურად აქვეყნებდა კადიროვის რეჟიმის საწინააღმდეგო მასალებს Youtube-ს პირად გვერდზე. ის სოციალურ ქსელში "მანსურ სტარის" სახელს იყენებდა.

ჩეჩნეთის დატოვების შემდეგ ალიევი ბელგიაში ცხოვრობდა, თუმცა საფრანგეთში მკვლელობის წინა დღეს ჩავიდა.

"საქართველოს წინააღმდეგ ძალიან სერიოზული აგენტურული ქსელი მუშაობს"


გვესაუბრება ექსპერტი მამუკა არეშიძე:

"ზელიმხან ხანგოშვილს რომ თავი დავანებოთ, ადამიანებს, რომლებიც გამოირჩევიან კადიროვის საწინააღმდეგო განცხადებებით, ხშირად თავს ესხმიან, ზოგიერთი მათგანი დაიღუპა კიდეც.

უნდა ითქვას, რომ კადიროვი ცდილობს, ემიგრაციაში მყოფი ჩეჩნები და მთლიანად კავკასიელები მის მიმართ ლოიალურები იყვნენ და ამისთვის იყენებს, როგორც ფულს, ასევე ლიკვიდაციას. კადიროვის აქტიურობის გარდა, მნიშვნელოვანია რუსული სპეცსამსახურების აქტიურობაც. მაგალითად, ძმები იამადაევების მკვლელობა. ძმები იამადაევები რუსეთის გმირები იყვნენ. ერთ-ერთი მათგანი კი ბატალიონ "აღმოსავლეთის" ხელმძღვანელი გახლდათ, რომელიც 2008 წლის ომის დროს გორში შემოვიდა.
მამუკა არეშიძე
საბოლოოდ, გამოდის, რომ რუსეთის სპეცსამსახურები ცალკე ახდენენ ლიკვიდაციას, საველე მეთაურებისა თუ აქტივისტების, რომლებიც სისტემის წინააღმდეგ გამოდიან, კადიროვი კი - ცალკე.

ეს ყველაფერი რაც ხდება, არ არის დღევანდელი მოვლენა, ეს რუსეთის რეჟიმია, საბჭოთა ხელწერა და ეს პროცესები გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან დღემდე გრძელდება. ერთი სქელტანიანი წიგნი არ ეყოფა იმ გვარების ჩამონათვალს, რომელიც ამ რეჟიმმა იმსხვერპლა დასავლეთში და მათ შორის, ევროპაში.

საქართველოში რომ რუსულ სპეცსამსახურებს გავლენები აქვს, ამას ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება. არაერთი პიროვნება ვიცით, მათ შორის ჩეჩენიც, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურებზე მუშაობდა და ცოტა ხნის განმავლობაში პანკისშიც იყო. ცნობილი "ლოპოტას" ოპერაციის დროს, რომელმაც არაერთი ადამიანი შეიწირა, მონაწილეობდა ერთი ადამიანი, რომელიც შემდეგ რუსეთში გადავიდა. ეს იყო ვინმე რაბანი. ის კარგა ხანს ცხოვრობდა პანკისის ხეობაში და როგორც გაირკვა, იყო რუსული სპეცსამსახურების აგენტი.

ნუ დაგვავიწყდება, რომ პიროვნულ აგენტურასთან ერთად, რუსები უახლესი ტიპის ელექტრონული დაზვერვის აპარატებს ფლობენ და ეს განლაგებული აქვთ ცხინვალის რეგიონში. შემიძლია დიდი ალბათობით გითხრათ, რომ ცხინვალში განლაგებული ტექნიკით, ნებისმიერი სასურველი ადამიანის სატელეფონო საუბრის მოსმენა შეუძლიათ საქართველოს ტერიტორიაზე. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს წინააღმდეგ ძალიან სერიოზული აგენტურული ქსელი მუშაობს. ხიფათი ყოველთვის არსებობს და ეს ხიფათი ყოველთვის "დამოკლეს მახვილივით" კიდია საქართველოს თავზე.

რაც შეეხება გიორგი გაბუნიასთან დაკავშირებულ შემთხვევას, ძალიან ბევრი კითხვა გამიჩნდა და ინფორმაციის სიმცირის გამო, მიჭირს სწორი შეფასება გავაკეთო. ვერაფრით გავიგე, რა შუაში იყო უკრაინა. შევეცადე ჩემი კავშირებით დამედგინა უკრაინულ-ინგუშურ დიასპორაში ამ პიროვნების არსებობა, ყურმოკვრით მითხრეს, რომ ასეთი პიროვნება მართლაც არსებობს და რადგან არსებობს ასეთი პრაქტიკა კადიროვის მხრიდანაც, იძულებული ვარ დავიჯერო ის ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა".



სენსაცია
17 ივნისი 2020 11:17
ქურდობა აკრძალულია-თამაზ ბაკურიძე მიტინგებს მართავს ბათუმში. ვისი დავალებით??????????????????????????
სასაცილოა
16 ივნისი 2020 20:41
ქურდები აქციას მართავენ ბათუმში. თამაზ ბაკურიძე მათ გვერდზეა. საინტერესოა რამდენს აძლევენ.????????????????
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები