"ვეჭვობ, ზელიმხანზე თავდამსხმელებს პანკისელი ქისტი ეხმარებოდა. გაბუნიას შემთხვევაშიც შემსრულებელს ადგილზეც ეყოლებოდა თანამზრახველი" - კვირის პალიტრა

"ვეჭვობ, ზელიმხანზე თავდამსხმელებს პანკისელი ქისტი ეხმარებოდა. გაბუნიას შემთხვევაშიც შემსრულებელს ადგილზეც ეყოლებოდა თანამზრახველი"

"კადიროვს პუტინის თანხმობა ექნებოდა, თავის მხრივ, კადიროვსაც მისთვის ალბათ საჩუქრის გაკეთება უნდოდა გაბუნიას ლიკვიდაციით" - რას ამბობს ზელიმხან ხანგოშვილის ძმა?

რამდენიმე დღის წინ, ქავთარაძის ქუჩაზე, "დრიმ თაუერის" საცხოვრებელ კომპლექსში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაცია ჩაატარა და სამართალდამცველებმა ამავე კორპუსში მცხოვრები, ერთი პირი დააკავა. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქმე ნარკოდანაშაულს ეხებოდა, თუმცა 15 ივნისს "მთავარი არხის" დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კონტრტერორისტული სამსახურის მიერ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. მისივე თქმით, მკვლელობა ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც მის გადაცემაში გაბუნიას მიერ პუტინის გინება გახდა.

როგორც გაირკვა, გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის დაგეგმვა და ინფორმაციის გაჟონვაც უკრაინაში მოხდა.

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის სახელს ბევრი გახმაურებული მკვლელობა უკავშირდება, მათ შორის ანა პოლიტკოვსკაიას, ნატალია ესტემიროვას, ზელიმხან ბაკაევის, ზელიმხან ხანგოშვილზე ჯერ თბილისში წარუმატებელი თავდასხმა, შემდგომ ბერლინში მისი მკვლელობა და სხვა. kvirispalitra.ge მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას ზურაბ ხანგოშვილს ევროპაში დაუკავშირდა.

- ბატონო ზურაბ, არის რამე სიახლე თქვენი ძმის მკვლელობის საქმეში?

- სიახლე არაფერია. ადვოკატი დამიკავშირდა და მითხრა, ჯერჯერობით პროცესი შეჩერებულია და თუ რამე ახალი იქნა, შეგატყობინებო. ვერაფერს ვიტყვი, არ ვიცი, იქნებ გამოძიება ჩიხშიც შევიდა... ის კია დადასტურებული, რომ მკვლელობა მოსკოვიდან იყო შეკვეთილი.

- ახლახან თბილისში დააკავეს ვასამბეკ ბოკოვი, რომელსაც სავარაუდოდ, ბრალი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მომზადებაში ედება. ამ ადამიანის სახელი და გვარი თუ გეუბნებათ რამეს, მით უფრო, ის პანკისში თქვენს ნათესავებს სტუმრობდა. თქვენც იცნობთ ამ პიროვნებას? - ამ ადამიანის სახელი და გვარი არასდროს მსმენია, არ ვიცი, ვინ არის. მკვლელობის მცდელობას რაც ეხება, რუსეთის მხრიდან გამორიცხული არაფერია. აქ საინტერესო ისაა, ეს ადამიანი მანამ რატომ არ დააკავეს, ვიდრე უკრაინის სპეცსამსახურებმა ქართულ მხარეს არ გადმოსცეს ინფორმაცია ბოკოვის შესახებ. რას ელოდნენ თვეების განმავლობაში? გამოდის, უკრაინას რომ არ გადმოეცა, იმ ინგუშს არც დააკავებდნენ და გაბუნიას მოაკვლევინებდნენ? ზელიმხან ხანგოშვილი ჩემი ძმის საქმისა არ იყოს, რუსეთის ინტერესებში რაც შედის, იმაზე ხელისუფლება თვალს ხუჭავს, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებმა თუ გადმოსცეს ინფორმაცია, უკვე იძულებული ხდებიან შეაჩერონ საქმის მსვლელობა და დააკავონ ეჭვმიტანილი. მგონია და იმას ვხედავ, რომ თუ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს არ ექნებოდათ ეს ინფორმაცია და არ აცნობებდნენ ქართულ მხარეს, გამორიცხული არაა, კილერი ნებაზე მიეშვათ.

- რამდენად რეალური გგონიათ ის ვერსია, რომ ამ მკვლელობის დამკვეთი შესაძლოა კადიროვი იყოს, რომელიც მანამდე დაემუქრა კიდეც ჟურნალისტს? - კადიროვი და მისი ხალხი პუტინის ჯარისკაცები არიან და ისინი მისი თანხმობის გარეშე არავის შეეხებიან, არც ერთ ქვეყანაში კაცს არ მოკლავენ. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, კადიროვი იქნება, რუსი იქნება, ჩეჩენი, თუ ინგუში - ყველაფერი ცენტრიდან მოდის. მათი მხრიდან ყველაფერია მოსალოდნელი. შეკვეთა მათია და შემსრულებლად მათ გამოიყენებენ, ვისაც სამიზნეზე ხელი მიუწვდებათ. ისინი ყველანი პუტინის ჯარისკაცები არიან. გაბუნიას შემთხვევაში შემსრულებელს ადგილზეც აუცილებლად ეყოლებოდა თანამზრახველი, როგორც ჩემი ძმის შემთხვევაში იყო. მტკიცებულებად არ გამოდგება, მაგრამ მაქვს ეჭვი, რომ ზელიმხანის თავდამსხმელებს პანკისელი ქისტი ეხმარებოდა.

- ანუ ფიქრობთ, რომ რამზან კადიროვი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციას დამოუკიდებლად ვერ გადაწყვეტდა? - რა თქმა უნდა.. ეს პირველი ხომ არ არის? ევროპაში ბევრი შემთხვევებია და ყველა მკვლელობა, თუნდაც კადიროვმა შეასრულოს, მაინც რუსების და მათი სპეცსამსახურების დაკვეთაა. ცენტრს უცხო ქვეყნებში ზედმეტი ხმაური არ აწყობს და რა თქმა უნდა, პუტინი გააკონტროლებს, რუსეთს რამე რომ არ დააბრალონ. პუტინის თანხმობა ექნებოდა, თავის მხრივ, კადიროვსაც მისთვის ალბათ საჩუქრის გაკეთება უნდოდა გაბუნიას ლიკვიდაციით.

- როგორც პანკისელები ამბობენ, ამ სქემის შესახებ არაფერი იციან და მათი ინფორმაციით, ვასამბეკ ბოკოვი ხეობაში გვარების შესარიგებლად იყო ჩამოსული, ისიც ითქვა, რომ ბოკოვი თქვენი ბიძაშვილის - გებიშ ხანგოშვილის მეგობარია... - პანკისელები და ზოგადად კავკასიელები, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და როცა კაცი მოდის და რაღაცას გვიყვება, ვუჯერებთ. მას რა ზრახვები აქვთ გულში, არ ვიცით, რასაც ლაპარაკობს, ვუსმენთ და ვენდობით. დანარჩენში ხალხის აზრი არაა იმდენად მნიშვნელოვანი, სპეცსამსახურებმა უნდა იმუშაონ და გამოიძიონ, ვინ იყო ეს კაცი სინამდვილეში, სად და ვისთან დადიოდა, ვისთან ჰქონდა კავშირები და რა მიზნები ჰქონდა სინამდვილეში.  ნებისმიერი ქისტი, ვინც მას შეხვდა და დაელაპარაკა, არ იტყვის, რომ ის კაცი ვიღაცის მოსაკლავად იყო ჩამოსული, რადგან თვითონ ის კაცი არ ეტყოდა მათ ამას. გებიშიც (პანკისელი უხუცესის ხასო ხანგოშვილის ვაჟი - ნ.ფ.) არ მგონია საქმის კურსში იყოს, ვისთან ჰქონდა საქმე და რა მიზნები ამოძრავებდა სტუმარს. საიდან და როდიდანაა მისი მეგობარი, ესეც არ ვიცი, ან სად და როდის გაიცნო...

- ამ ამბავმა თქვენი ძმის მკვლელობა, მანამდე კი მასზე თავდასხმა გაგვახსენა თბილისში. ამ საქმის ავტორადაც კადიროვი და მისი სპეცსამსახურები დასახელდა, თუმცა საქმე დღემდე არ გახსნილა... - არასდროს დამავიწყდება ეს თავდასხმა. ჩემი ძმა ვერ დაიცვეს საქართველოში, დანაშაული არ აღკვეთეს, არც ეს საქმე გამოიძიეს... ეს ყველაფერი ძალზე საწყენია მთავრობის მხრიდან. ალბათ ჩვენ ის დონე არ ვიყავით და ეს საქმე ისე არ გახმაურდებოდა, როგორც ცნობილი ჟურნალისტის შემთხვევაში მოხდა. მკვლელობის, ან ტერაქტის შემსრულებლები ასე ადვილად რომ გადაადგილდებიან ქვეყანაში და თავიანთი ბოროტი ზრახვები მოჰყავთ, ან ვერ მოჰყავთ სისრულეში, მათთვის საქართველო თავისუფალი ზონა რომაა, ეს ჩვენი პრორუსულად განწყობილი მთავრობის ბრალია. რაც რუსეთს აწყობს, იმ დავალების შესრულებას ესენი ხელს არ შეუშლიან, ეს ჩვენი, ზელიმხანის შემთხვევაში უკვე დამტკიცებულია. პუტინის და კადიროვის სპეცსამსახურებს თანამზრახველები ჰყავთ საქართველოში...

- გითქვამთ, რომ კადიროვს არც თქვენ უნდა ეხატებოდეთ გულზე. თქვენ თუ გრძნობთ თავს დაცულად? - არა, რა თქმა უნდა. საქართველოში რომ ვყოფილიყავი, უფრო მეტად დაუცველი ვიქნებოდი. მე და რუსული სპეცსამსახურები ერთმანეთის მტრები ვართ და თუ შეძლებენ, ალბათ ჩემს ლიკვიდაციასაც მოახერხებენ. ჩემი ძმის მკვლელობის შემდეგ გამაფრთხილეს კიდეც. თვითონაც ძალიან ფრთხილად ვარ, ვერიდები ურთიერთობებს, გადაადგილებას და ჩემი სიფრთხლე უფრო მნიშვნელოვანი მგონია, ვიდრე ის, რომ ვიღაცამ დამიცვას.

- როგორც ვატყობ, საქართველოში ჩამოსვლას არ აპირებთ... - ჯერჯერობით არ ვაპირებ. ვიდრე ეს პრორუსული მთავრობა გვეყოლება, საქართველოში არ ჩამოვალ.

იხილეთ ასევე: შეკვეთილი მკვლელობები, რომელთა კვალიც რამზან კადიროვთან მიდის

(სპეციალურად საიტისთვის)