სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვასამბეკ ბოკოვის დაკავებაზე მორიგ განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვასამბეკ ბოკოვის დაკავებაზე მორიგ განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვასამბეკ ბოკოვის დაკავებასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ მასმედიის საშუალებებში თემის განხილვის დროს, რიგ შემთხვევებში, კეთდება ისეთი სახის უპასუხისმგებლო განცხადებები, რომლებიც, მათივე თქმით, არც ფაქტობრივ გარემოებებზეა დაფუძნებული და რაც ყველაზე შემაშფოთებელია, აზიანებს გამოძიების ინტერესებს.

სუს-ი მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ სისხლის სამართლის საქმის გარემოებების საჯარო განხილვისაგან, რათა ხელი არ შეეშალოს ინტენსიურად მიმდინარე საგამოძიებო პროცესს.

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2020 წლის 15 ივნისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაკეთდა განცხადება რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, ვასამბეკ ბოკოვის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით, რა დროსაც, ჩვენს მიერ გახმოვანდა მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც, ჩვენი თვალთახედვით, მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო საზოგადოების სწორი ინფორმირებისთვის და არ დატოვებდა სივრცეს მანიპულირებისთვის.

ხსენებულ განცხადებაში, ჩვენ ცალსახად მივუთითეთ, რომ საქმეზე მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება და ნებისმიერი სახის ინფორმაციის - ნამდვილის თუ ყალბის - გავრცელებამ, შესაძლოა დააზიანოს მთავარი საჯარო ინტერესი - დადგინდეს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება, მხილებულ იქნას დანაშაულში ჩაბმული ყველა პირი და აღსრულდეს მათ მიმართ მართლმსაჯულება.

მიუხედავად ამისა, მასმედიის საშუალებებში თემის განხილვის დროს, რიგ შემთხვევებში, კეთდება ისეთი სახის უპასუხისმგებლო განცხადებები, რომლებიც არც ფაქტობრივ გარემოებებზეა დაფუძნებული და რაც ყველაზე შემაშფოთებელია, აზიანებს გამოძიების ინტერესებს.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ურთულეს სისხლის სამართლის საქმეზე პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში ტარდება სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, იკრიბება და ფასდება მტკიცებულებები და სკრუპულოზურ ანალიზზე დაყრდნობით იგეგმება ყოველი შემდგომი ნაბიჯი, რათა არც ერთი ვერსია და ფაქტობრივი გარემოება არ დარჩეს გამოძიების ჯეროვანი ყურადღების მიღმა.

ამ პროცესში ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალსაც შეიძლება ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რის გამოც კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ სისხლის სამართლის საქმის გარემოებების საჯარო განხილვისაგან, რათა ხელი არ შეეშალოს ინტენსიურად მიმდინარე საგამოძიებო პროცესს.

ამასთან, გვსურს ცალსახად აღვნიშნოთ, რომ გამოვთქვამთ მზადყოფნას, კანონით დადგენილი წესისა და პროცედურის დაცვით, ნებისმიერი პირისაგან მივიღოთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია და მოვუწოდებთ საზოგადოებას, ითანამშრომლონ გამოძიებასთან”, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ტელეკომპანია "მთავარის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. გვარამიას ინფორმაციით, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული განცხადება იყო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ ვასამბეგ ბოკოვის დაკავება შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში განხორციელდა.

"ინტერპრესნიუსი"