ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე კვლავ პატიმრობაში რჩება - კვირის პალიტრა

ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე კვლავ პატიმრობაში რჩება

ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე კვლავ პატიმრობაში რჩება. დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, ცინარიძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა. ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ კვლავ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. როგორც პროკურორმა განმარტა, ახალი გარემოება, რაც ცინარიძის მდგომარეობას შეამსუბუქებდა, არ გამოკვეთილა.

ამასთან, ბრალდების მხარის განმარტებით, ცინარიძეს ბრალი ძალადობრივი ხასიათის ქმედებისთვის აქვს წარდგენილი და კვლავ არსებობს როგორც მიმალვის, ასევე ახალი დანაშაულის ჩადენისა და დაზარალებულზე ზემოქმედების საფრთხე.

დავით ცინარიძის ადვოკატი, კახაბერ ხვისტანი ბრალდების მხარის პოზიციას არ დაეთანხმა. როგორც ადვოკატმა განმარტა, ცინარიძის ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულს არ შეიცავს.

ხვისტანმა დავით ცინარიძის მიმართ აღკვეთი ღონისძიების გაუქმების და მის მიმართ 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატის განმარტებით, აღნიშნული შუამდგომლობა დაზარალებულის გამოკითხვის ოქმზე დაყრდნობითაა, ვინაიდან ადვოკატის თქმით, დაზარალებულს სურს ცინარიძესთან თანაცხოვრების გაგრძელება.

მოსამართლე ალექსანდრე იაშვილის განცხადებით, დავით ცინარიძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ამ ეტაპზე ძალაში უნდა დარჩეს.

მოსამართლის განმარტებით, ახალი გარემოება უნდა არსებობდეს, რაც აღკვეთის ღონისძიების გაუქმების საფრთხეებს გააქარწყლებს. მოსამართლის განცხადებითვე, მოცემულ შემთხვევაში არსებობს დაზარალებულზე ზემოქმედების საფრთხე და გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო მიმალვის საფრთხეს არ დაეყრდნო, ვინაიდან ეს საფრთხე დასაბუთებული არ არის.

ცნობისთვის, დავით ცინარიძე სამართალდამცავებმა 28 აპრილს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დავით ცინარიძემ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა. ცინარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარასა და ძალადობას გულისხმობს.

იხილეთ ასევე: "ქალმა ისტერიკული კივილი დაიწყო. დათომ უთხრა, თავი არ მომჭრა, არ დარეკო 112-ში, თორემ ყოფას გიტირებო..."

"ინტერპრესნიუსი"