გუდაურში გარდაცვლილი 12 წლის სალომე ტატიშვილის საქმეზე ბრალდებულის ექსტრადირება 4 წლის შემდეგ განხორციელდა - კვირის პალიტრა

გუდაურში გარდაცვლილი 12 წლის სალომე ტატიშვილის საქმეზე ბრალდებულის ექსტრადირება 4 წლის შემდეგ განხორციელდა

12 წლის სალომე ტატიშვილის გარდაცვალებაში ბრალდებული გიორგი ლიპარტელიანის საქართველოში ექსტრადირება განხორციელდა. ამის შესახებ პროკურატურის ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

"საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩეხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში ექსტრადირებული იქნა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისთვის მსჯავრდებული გ.ლ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენით გ.ლ. დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით და მასზე გამოცხადებული იყო საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით.სასამართლოში დადასტურდა, რომ 2016 წლის 10 იანვარს სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში, ე.წ. „კუდები 3“ ტრასაზე თხილამურით სრიალისას გ.ლ.-მ უგულებელყო წინდახედულობის ნორმები, არ გაუწია კონტროლი თავის მოძრაობას, არ შეუფარდა სრიალის სიჩქარე და მანერა არსებულ პირობებს და გარემოს, არ შეარჩია წინა მოსრიალისთვის უსაფრთხო მარშრუტი და დისტანცია და უკნიდან, დიდი სისწრაფით შეეჯახა იმავე სასრიალო ტრასაზე მოსრიალე არასრულწლოვან 12 წლის ს.ტ.-ს, რომელიც შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებების გამო ადგილზე გარდაიცვალა.

საქართველოს მიერ ძებნილი გ.ლ. ჩეხეთის რესპუბლიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს. შესაბამისად, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ჩეხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს, მისი ექსტრადიციის შუამდგომლობით მიმართა. ქართული მხარის შუამდგომლობა ჩეხეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ სრულად იქნა დაკმაყოფილებული და მხარეთა ეფექტური თანამშრომლობის შედეგად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ განხორციელდა გ.ლ.-ს საქართველოში ეტაპირება" - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 2016 წლის 10 იანვარს გუდაურში ტრაგიკულ შემთხვევას 12 წლის სალომე ტატიშვილი ემსხვერპლა. გოგონას დიდი სისწრაფით შეეჯახა თხილამურებით მოსრიალე 18 წლის ბიჭი. სალომე ადგილზევე დაიღუპა. სალომე ტატიშვილი ცნობილი ექიმის, დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელის, აკადემიკოს დავით ტატიშვილის ძმისშვილი იყო.

მალევე გაირკვა რომ სალომეს 22 წლის გიორგი ლიპარტელიანი დაეჯახა. გარდაცვლილი გოგონას ოჯახი მის დასჯას მოითხოვდა, თუმცა 2017 წლის 29 დეკემბერს სასამართლომ ლიპარტელიანი უდანაშაულოდ ცნო.

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის მიერ გამოტანილი გამამართლებელი გადაწყვეტილება გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

გასული წლის აპრილში უზენაესმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება გამოიტანა - 22 წლის აზალგაზრას სხვისი სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ბრალდებით, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ლიპარტელიანს სასჯელი დაუსწრებლად შეეფარდა, ვინაიდან იგი წლებია საზღვარგარეთ იმყოფება.

ambebi.ge