ტომ როგანი: "თუ მკვლელობის მიზნით შეთქმულება დადასტურდება, მაშინ აშშ-მა რამზან კადიროვს სანქციები უნდა გამოუცხადოს" - კვირის პალიტრა

ტომ როგანი: "თუ მკვლელობის მიზნით შეთქმულება დადასტურდება, მაშინ აშშ-მა რამზან კადიროვს სანქციები უნდა გამოუცხადოს"

აშშ-ის გაზეთში "Washington Examiner" დაბეჭდილია ტომ როგანის სტატია, სათაურით: "თუ საქართველოში მკვლელობის მიზნით შეთქმულება დადასტურდება, მაშინ აშშ-მა რამზან კადიროვს სანქციები უნდა გამოუცხადოს".

როგორც ავტორი აღნიშნავს, თუ ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა მართლაც გასცა ბრძანება ქართველი ჟურნალისტის მკვლელობის მიზნით, მაშინ შეერთებულმა შტატებმა სანქციები არა მარტო მას, არამედ იმ ორგანიზაციებსაც უნდა გამოუცხადოს, რომლებიც მასთან თანამშრომლობენ. "გარდა ამისა, ვაშინგტონმა კონტაქტები უნდა დაამყაროს უკრაინის სადაზვერვო სამსახურთან სიტუაციის გასარკვევად", - აღნიშნულია სტატიაში.

ავტორს სარწმუნოდ მიაჩნია, რამზან კადიროვის განზრახვა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობის შესახებ:

"პირველი არგუმენტი ისაა, რომ ჩეჩნეთის ლიდერი მართლაც დაემუქრა 2019 წელს გიორგი გაბუნიას სიკვდილით. შეიძლებოდა ეს კადიროვის ტრაბახად ჩაგვეთვალა (მას უყვარს მსგავსი განცხადებების კეთება), რომ არა ფაქტები: იგი ცივსისხლიან მკვლელად ითვლება, მისი ბრძანებით მართლაც ბევრი ადამიანია მოკლული. მეორე არგუმენტი - რამზან კადიროვი ვლადიმირ პუტინის კაცია ჩეჩნეთში, იგი კრემლის პოლიტიკას ახორციელებს. მან პრეზიდენტისაგან უსაზღვრო უფლებამოსილება მიიღო და რუსეთის ამ რესპუბლიკას როგორც უნდა ისე მართავს. შესაბამისად, რამზან კადიროვს ესმის, მთავარი ბოსის მიმართ საპატივსაცემო დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს. ამიტომაც, როცა ვლადიმირ პუტინს ვინმე შეურაცხჰყოფს, რამზან კადიროვი ყოველთვის რუსეთის ხელმძღვანელის ერთგულ მხარდაჭერად გვევლინება. ზოგჯერ იგი საკუთარი ინიციატივითაც ცდილობს ვლადიმირ პუტინის კეთილგანწყობა დაიმსახუროს და ისეთ რაღაცეებს სჩადის, რომელიც პრეზიდენტმა არც იცის, მაგრამ თუ ეს ბოსს ესიამოვნება, იგი მზადაა შეასრულოს. ასე მოხდა 2015 და 2019 წლებში, ბორის ნემცოვისა და ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობებთან მიმართებით...

თუ ამ შეთქმულებას უკრაინა ოფიციალურად დაადასტურებს, მაშინ ვაშინგტონი ქართულ დემოკრატიას უნდა დაეხმაროს. რამზან კადიროვს უკვე ისედაც აქვს გამოცხადებული სანქციები და იგი რეალურ ზეწოლას განიცდის. გარდა ამისა, წარმომადგენლების პალატაში რესპუბლიკელებმა უკვე წარადგინეს ვლადიმირ პუტინის აგრესიული მოქმედების შეკავების გეგმა, რომლის რეალიზებისათვის დღევანდელი სიტუაცია კარგ შანსს იძლევა", - წერს ავტორი. წყარო

იხილეთ ასევე: "გაბუნია რაღაც არასტაბილური ტიპია, თან მშიშარაა..." - რა ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს უკრაინული გამოცემა?