ხანძრების სერია გრძელდება - ახლა უკვე ვარკეთილის ბაზრობა (?!)
ხანძრების სერია გრძელდება - ახლა უკვე ვარკეთილის ბაზრობა (?!)
"ეს ბაზრობა წლების განმავლობაში მხილებულია არაერთ დარღვევაში - დოკუმენტაციის გაყალბებაში, სისხლის სამართლის დანაშაულში, ბიუჯეტისთვის გადასახადების დამალვაში, მშენებლობაც უკანონოდ მიმდინარეობდა და ზედამხედველობის სამსახურმა ბაზრობის ადმინისტრაციას არაერთი ჯარიმა გამოუწერა. სარემონტო სამუშაოებს მოვაჭრეები თვითნებურად ატარებდნენ, ბაზრობაზე არ იყო დაცული უსაფრთხოების ზომები და შედეგიც მივიღეთ..."

არკეთილში, შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი 15 ივნისს, ღამით გაჩნდა. 130-მდე მეხანძრე-მაშველი და 25 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა რამდენიმე­ საათის განმავლობაში მუშაობდა და მათ ხანძრის ჩაქრობა შეძლეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის
ინფორმაციით, ბაზ­რობის ტერიტორიაზე, დაახლოებით 4000 კვმ ფართობზე, ჯიხურები­ დაიწვა. მიზეზი უცნობია. მოვაჭრეების ნაწილი ამბობს, რომ ათასობით ლარი იზარალეს და ითხოვენ დახმარებას...

გიორგი სატურაშვილი: - ჩემი მაღაზია სულ დამწვარია. სათამაშოებს ვყი­დ­დით. კორონავირუსის დროს ბაზრობა დაკეტილი იყო. რომ გაიხსნა, არ შეგვიშვეს,­ რადგან რემონტი მიმდინარეობდა. ესეც ჩვენი­ ფულით
გავაკეთეთ - 2000 ლარი დაგვიჯდა. მოთხოვნა იყო, მეტლახი დაგვეგო, ჟალუზები გაგვეკეთებინა... მუშაობის დაწყებაც კი ვერ მოვასწარით, ყველაფერი განადგურდა. ვისაც საქონელი დაზღვეული არ გვქონდა, ხელისუფლებას დახმარებას­ ვთხოვთ. ჩვენი ოჯახები ამ ბაზრობაზეა დამოკიდებული, უამრავ ადამიანს ვარჩენთ. ყველას ბანკის სესხი აქვს. კორონავირუსის­ გამო ისედაც დავზარალდით და ახლა ახალი პრობლემა დაგვემატა.

შორენა აფციაური: - ორი მაღაზია­ მქონდა, ველოდებოდით მუშაობას დაწყებას, მაგრამ... დანახშირებულია ყველაფერი. გამინადგურდა 20.000 ლარის საქონელი, რომელიც დაზღვეული არ მქონდა...

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ მოვაჭრეთა უმრავლესობას საქონელი­ დაზღვეული ჰქონდა და სადაზღვევო კომპანია "ირაო" მზად არის, ყველას დანაკარგი აუნაზღაუროს. მოვაჭრეებს შეძლებისდაგვარად თბილისის მერიაც დაეხმარება.

"ხანძრის მიზეზი შესაძლოა, კომპლექსის მშენებლობა, ან პარტნიორებს შორის დაპირისპირება ყოფილიყო"


გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ბაზრობის შუა ნაწილში გაჩნდა. მაშველებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ იქ ინახებოდა­ აალებადი ნივთიერებები, გვერდით კი ავტოგასამართი სადგურია, შესაბამისად, იყო საშიშროება, ხანძარი მას გადასდებოდა. სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელი ოთარ კერესელიძე აცხადებს, რომ ხანძრის რამდენიმე კერა იყო. ერთი ვერსიით, იმ დღეს იქ მუშაობდნენ შემდუღებლები და, შესაძლოა, ხანძარი ნაპერწკლისგან გაჩნდა. მეორე ვერსიით, ხანძარი განზრახ გააჩინეს. ამ ვერსიას ეთანხმება ვარკეთილის ბაზრობის ყოფილი მეწილის, ზანდა მსხვილიძის ადვოკატი გიგი სისვაძე. ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ბაზრობის ნაცვლად იქ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა იგეგმებოდა, ბაზრობის დამფუძნებლებს შორის კი დაპირისპირებაა და შესაძლოა ხანძრის გაჩენა სწორედ ამას უკავშირდებოდეს.

გიგი სისვაძე, ადვოკატი: - დაახლოე­ბით­ 10 წელიწადია, დომინანტ დამფუძნ­ებლებს - ოთარ პირველის კლანსა და მცირე წილის მფლობელებს შორის დაპირისპირებაა და მცირე წილის მფლობელები დივიდენდებს ვერ იღებენ... წლებია მიმდინარეობს სასამართლო დავაც.­ ამჟამად კი უკვე ოთარ პირველის კლანის წევრებს შორისაც გაჩნდა დაპირისპირება.

ერთი ვერსიით, უნდოდათ ბაზრობის დანგრევა და მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა. ამბობდნენ, რომ არსებობდა ინვესტორიც. შიგნით უნდა ყოფილიყო სავაჭრო ცენტრი,­ საცხოვრებელი და კომე­რციული ფართობები.­ ლაპარაკია 9000 კვადრატულ მეტრზე. ცხადია, ამ პროექტის განხორციელებას მოვაჭრეები­ წინააღმდეგობას გაუწევდნენ - ისინი ამ ბაზრობაზე წლების მანძილზე დასაქმებული არიან და მათი იქიდან გაყვანა რთული იქნებ­ოდა. შესაძლოა, ამ კომპლექსის მშენებლობა ყოფილიყო ხანძრის ერთ-ერთი მიზეზი, ან პარტნიორებს შორის დაპირისპირება.

ამბობენ, რომ მერია უნდა დაეხმაროს დაზარალებულებს. ვერ გამიგია, დაზარალებულები რატომ უნდა დაკმაყოფილდნენ ქვეყნის ბიუჯეტით? უსაფრთხოების წესები­ უნდა დაიცვას ბაზრობის ადმინისტრაციამ, ზარალი კი უნდა აანაზ­ღაუროს სადაზღვევო კომპანიამ. პასუხისმგებელი სწორედ ისინი არიან. მოვაჭრეები აცხადებენ, ბაზრობას დიდი ზარალი მიადგა ხანძრის შედეგად და უნდა დაკმაყოფილდესო. თქვენი­ და ჩემი ფულით რატომ უნდა დაკმაყოფილდეს ბაზრობის ინტერესები?

თანაც ეს ბაზრობა წლების განმავლობაში მხილებულია არაერთ დარ­ღვევაში - დოკუმენტაციის გაყალბებაში, სისხლის სამართლის დანაშაულში, ბიუჯეტისთვის გადასახადების დამალვაში, მშენებლობაც უკანონოდ მიმდინარეობდა და ზედამხედველობის სამსახურმა ბაზრობის ადმინისტრაციას არაერთი ჯარიმა გამოუწერა. სარემონტო სამუშაოებს მოვაჭრეები­ თვითნებურად ატარებდნენ, არ იყო დაცული უსაფრთხოების ზომები...­ ბოლო წლებში არაერთი ბაზრობა დაიწვა და ეს ხდება იმიტომ, რომ სახელმწიფო პასუხს არ აგებინებს ბაზრობების ადმინისტრაციებს. როცა მთლიან ზარალს ბაზრობის ადმინისტრაციას აანაზღაურებინებ და მომხდარზე პასუხს აგებინებ, ეს პრობლემა მოიხსნება.

"ბაზრობის ადმინისტრაციას ყველაზე ნაკლებად უნდოდა მომხდარიყო ეს ამბავი"

შპს "ვარკეთილი 96-ის იურისტი ნანა წულაძე აცხადებს, რომ დაზარალებულებს­ საქონლის განადგურებით მიღებული ზარალი აუნაზღაურდებათ, ოღონდ ამისთვის სათანადო საბუთები უნდა ჰქონდეთ.

- თბილისის მერია, გამგეობა და სადაზღვევო კომპანია მაქსიმალურად დაეხმარებიან დაზარალებულებს.
ვისაც აქვს საქონლის შეძენისა და საკუთრების შესაბამისი დოკუმენტაცია, ზარალი ყველას აუნაზღაურდება, მათ კი, ვისაც საქონელი დოკუმენტაციის გარეშე ჰქონდა შეძენილი, გამგეობა და მერია დაეხმარება, გამოუყოფენ თანხას - კვადრატულ მეტრზე 500 ლარს და შესთავაზებენ ალტერნატიულ ფართობებს,­ სანამ იქაურობა მოწესრიგდება.

- ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ბაზრობის ადმინისტრაციას რა ვერსიები აქვს?
- გამოძიება მიმდინარეობს და იმედია, ყველაფერი გაირკვევა. ბევრგან არის დამონტაჟებული ვიდეოთვალი, ყველა ამოღ­ებულია და იშიფრება. ბაზრობის ადმინისტრაციას ყველაზე ნაკლებად უნდოდა მომხდარიყო ეს ამბავი, რადგან დიდი ზარალი მიადგათ.

- ზანდა მსხვილიძის ადვოკატი ამბობს, რომ ხანძარი შესაძლოა ხელოვნურად გააჩინეს. განიხილება ეს ვერსია?
- 29 ივნისს ველოდებით სასამართლოს­ გადაწყვეტილებას.
ეს ქალბატონი 2009 წლიდან უსაგნოდ დაობს. ტყუილია, რომ იქ მრავალსართულიანი შენობა უნდა აშენებულიყო. პროცესზე გვითხრა, დაინახავთ, რა დაგემართებათო. ყველას გვაინტერესებს, რა მოხდა.
დამფუძნებელმა და დირექტორებმა მხოლოდ ის იციან, რომ იმ დღეს ბაზრობის ტერიტორიაზე ერთი აზერბაიჯანელი რაღაცას ადუღებდა და შეიძლება აქედან გაჩენილიყო ხანძარი, რადგან ძალიან ცხელოდა. სხვა ვერსია არ გვაქვს.
ადმინისტრაციაც ელოდება იმის გარკვევას, რა მოხდა სინამდვილეში. ზარალი დიდია, მაგრამ მოვაჭრეები ცოტა დამშვიდდნენ, რადგან ყველა ცდილობს მათ დახმარებას. არ შეიძლება ეს ხალხი ქუჩაში დარჩეს.

ხანძრების სტატისტიკა

- 2012 წლის 15 ნოემბერს ლილოს ბაზრობა დაიწვა;

-2013 წლის 26 თებერვალს ცეცხლის ალში გაეხვია სავაჭრო ცენტრი "საბა";

- 2014 წლის 25 აგვისტოს ცეცხლი გაუჩნდა სენაკის აგრარულ ბაზარს;

- 2014 წლის 16 სექტემბერს თბილისში ე.წ. ბოშების ბაზრობაზე გაჩნდა ხანძარი;

- 2014 წლის 7 დეკემბერს დაიწვა ხოფის ბაზრობა ბათუმში;

-2014 წლის 27 დეკემბერს - ელიავას ბაზრობა.

- 2015 წლის 21 იანვარს გაჩნდა ხანძარი ისნის ბაზრობაზე;

- 2015 წლის 4 აგვისტოს ისევ ელიავას ბაზრობაზე გაჩნდა ცეცხლი;

- 2016 წლის 2 აგვისტოს ზესტაფონის ბაზრობა დაიწვა;

- 2016 წლის 30 იანვარს "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილ ხანძარს უდიდესი ზარალი მოჰყვა;

- 2017 წლის 2 ივლისს ისევ ელიავას ბაზრობა გაეხვია ცეცხლის ალში, ამ ფაქტიდან რამდენიმე დღეში კი დაიწვა ფოთის აგრარული ბაზარი;

- 2017 წლის 17 ივლისს ცეცხლი გაჩნდა "დეზერტირების""ბაზარში;

-2018 წლის 27 თებერვალს დაიწვა ბაზრობა "თერგი";

- 2018 წლის 4 მარტს დაიწვა სასაწყობე ტერიტორია სამგორში;

- 2018 წლის 6 აგვისტოს ყარაჯალის ბაზრობა გაეხვია ცეცხლის ალში;

- 2018 წლის 30 აგვისტოს ისევ ბათუმში, ამჯერად პუშკინის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ობიექტები დაიწვა;

- 2018 წლის 31 სექტემბერს რუსთავში "სტამბოლის" ბაზრობა დაიწვა;

- 2019 წლის 7 ივნისს ე.წ ჩინელების ბაზრობას გაუჩნდა ცეცხლი;

- 2019 წლის 2 ოქტომბერს ისევ "თერგი" აბრიალდა...

საყურადღებოა, რომ ხანძრები, ძირითადად, ღამით ჩნდება. მოვაჭრეები ხშირად ეჭვობდნენ, რომ ხანძარი განზრახ იყო გაჩენილი, მაგრამ არც ერთი საქმე გამოძიებული არ არის.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები