ვინ არის შაითანოვი და გაჟონა თუ არა მისგან ინფორმაციამ ე.წ. გაბუნიას საქმეზე? - კვირის პალიტრა

ვინ არის შაითანოვი და გაჟონა თუ არა მისგან ინფორმაციამ ე.წ. გაბუნიას საქმეზე?

მედიაში გამოქვეყნებულმა და შემდეგ ოფიციალურად დადასტურებულმა ინფორმაციამ, რომ საქართველოში იგეგმებოდა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობა, რომლის დამკვეთი, სავარაუდოდ, რამზან კადიროვი უნდა ყოფილიყო, შემსრულებელი კი - 12 ივნისს ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციისას დაკავებული პირი, საქართველოში და ქვეყნის გარეთ დიდი რეზონანსი გამოიწვია. შეკვეთის სისრულეში მოყვანის შემთხვევაში ეს იქნებოდა არა მარტო ჟურნალისტის, არამედ მთელი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რაც შეიძლებოდა დიდი დაპირისპირებისა და უმართავი პროცესების მიზეზიც გამხდარიყო. სანამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დეტალების დაზუსტებისგან თავს იკავებს, ფაქტის შეფასება ისევ ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს უწევთ, რაც საქმის არსს უფრო ბუნდოვანს ხდის.

ამ თემაზე ვრცელი სტატია მოამზადა გაზეთმა "კვირის პალიტრამ, რომელშიც ლაპარაკია იმ ვერსიაზეც, რომ გაბუნიას მკვლელობის დაგეგმვის შესახებ უკრაინის სპეცსამსახურებმა მას შემდეგ შეიტყვეს, რაც 14 აპრილს რუსეთის ФСБ-სთან დაკავშირებული გენერალ-მაიორი ვალერი შაითანოვი დააკავეს სამშობლოს ღალატის ბრალდებით (ФСБ შაითანოვს კიევში ტერაქტის მოწყობის სანაცვლოდ 200.000 დოლარსა და რუსულ პასპორტს ჰპირდებოდა).

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი კითხვაა, რაც უფრო ძაბავს პროცესს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განმარტებას არ ჩქარობს, არადა, საზოგადოებას კარგად ახსოვს სუს-ის ბოლოდროინდელი - ძმებ ფეიქრიშვილების შეკვეთილი მკვლელობის მცდელობის გახმაურებული საქმე, რომელიც კონტრტერორისტულმა ცენტრმა უკრაინული სპეცსამსახურების მიერ მოწოდებულ ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აღკვეთა. 2020 წლის იანვარში სუს-მა შვიდი პირი დააკავა თბილისსა და ბათუმში. ასევე დაკავებული იყო უკრაინის მოქალაქე, რომელიც, სავარაუდოდ, ქურდული სამყაროს შეკვეთით გიორგი და დავით ფეიქრიშვილების აფეთქებას გეგმავდა. ამ რეზონანსული დანაშაულის გახსნა სუს-მა თავადვე ამცნო ქვეყანას და მერეც, საჭიროების შემთხვევაში, განმარტებებს თავს არ არიდებდა. მაშ, ახლა რატომ დუმს?

ვინ არის ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი

ჩვენ ვცადეთ, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით დაგვედგინა, რა მოხდა სინამდვილეში და ვინ არის ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი. ჩვენი ინფორმაციით, 4-5 თვის წინ (გენერალ შაითანოვის დაკავებამდე დიდი ხნით ადრე) უკრაინის სპეცსამსახურის თანამშრომლებმა მიიღეს ინფორმაცია, თითქოს ერთი პირი პირად საუბარში ამბობდა, რომ იგეგმებოდა ქართველი ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას მკვლელობა და ამ მიზნით დაგეგმილ დროს საქართველოში კილერი უნდა ჩასულიყო. ინფორმატორი ასევე აღნიშნავდა, რომ კილერი კავკასიელი იყო. უკრაინელებმა, რომლებიც ბოლო დროს აქტიურად თანამშრომლობენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, ყველაფერი ქართველ კოლეგებს შეატყობინეს.

ჩვენი ინფორმაციით, ჩეჩენი (და არა ინგუში) ვასამბეკ ბოკოვი (ეს მისი ნამ-დვილი სახელი და გვარია) ოთხ თვეზე მეტია, საქართველოში ცხოვრობს და ქვეყანაში პირველად არის. მნიშვნელოვანია, რომ დღემდე არავინ იცის საქართველოში მისი ჩამოსვლის მიზანი. მას პანკისის ხეობაში გვარების შერიგებაში მონაწილეობა არ მიუღია (ამ ფაქტს დაპირისპირებული მხარეებიც ადასტურებენ). სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობია, რატომ მოექცა ბოკოვი სუს-ის ყურადღების არეალში, თუმცა, ვფიქრობთ, რომ საქართველოში სწორედ "იმ დაგეგმილ დროს" ჩამოვიდა, რომელიც ოპერატიულ ინფორმაციაში იყო ნახსენები.

ბოკოვს ბინა "დრიმს თაუნში" ჰქონდა დაქირავებული. ქართული სპეცსამსახურები რამდენიმე თვე თვალს არ აშორებდნენ (სუს-ის განცხადებაშიც არის ნათქვამი, რომ მიმდინარეობდა თვალთვალი), თუმცა ბოკოვი მათ "ხელჩასაჭიდს არაფერს აძლევდა".

ჩვენი ინფორმაციით, დაჯარიმებულიც არის, თუმცა ისეთი სუფთა წარსული აქვს, მონაცემების შემოწმებისას საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს. ის ჩადიოდა პანკისში, დროდადრო ინტერესდებოდა საქართველოში ბიზნესის პერსპექტივით. ეს იყო და ეს, მაგრამ იმის გამო, რომ შეიძლებოდა უკრაინიდან მიღებული ინფორმაცია ნამდვილი ყოფილიყო, ქართულ სპეცსამსახურებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ ბოკოვის "გასანეიტრალებლად". ბოლოს და ბოლოს, ის ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ბრალდებით დააკავეს. ჩვენი ინფორმაციით, ეს სხვა გვარზე გაცემული ყალბი პასპორტი უნდა იყოს. იხილეთ სრულად