"მხიარულობის პროცესში გარედან ჩხუბის ხმა გაიგონეს და..." - რა მოხდა წვეულებაზე, რომლის შემდეგაც ახალგაზრდა ფეხბურთელი დაიკარგა - კვირის პალიტრა

"მხიარულობის პროცესში გარედან ჩხუბის ხმა გაიგონეს და..." - რა მოხდა წვეულებაზე, რომლის შემდეგაც ახალგაზრდა ფეხბურთელი დაიკარგა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკითხული ერთ-ერთი პირის ადვოკატი, მზია ქასრაშვილი ადასტურებს, რომ წვეულებაზე, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი და გიორგი შაქარაშვილი იმყოფებოდნენ, ჩხუბი მოხდა.

როგორც მზია ქასრაშვილი "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებს, მის დაცვის ქვეშ მყოფს არ ახსოვს გიორგი შაქარაშვილმა ჩხუბში მონაწილეობა მიიღო თუ არა.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი და შაქარაშვილი ერთმანეთს არ იცნობდნენ და პირველად იმ წვეულებაზე შეხვდნენ ერთმანეთს.

"ერთ-ერთ გოგონას დაბადების დღე ჰქონდა და მან კერძო, ნაქირავებ სახლში, დაახლოებით, 35-40 კაცი დაპატიჟა. მათგან ზოგი ერთმანეთს იცნობდა, ზოგი - არა. ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა რამდენიმე ადამიანი საერთოდ პირველად ნახა. როგორც ის ამბობს, ადამიანები, რომლებიც მას იქ დახვდნენ როცა მივიდა, მთვრალები იყვნენ. ის დაახლოებით 5-10 კაცთან ერთად მივიდა. როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აღნიშნავს, მხიარულობის პროცესში მათ გარედან ჩხუბის ხმა გაიგონეს და გარეთ გავიდნენ. რატომ მოხდა ეს კონფლიქტი და ვის შორის მოხდა, ჩვენ არ ვიცით. ამის შემდგომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და მასთან ერთად წვეულებაზე მისული პირები წამოვიდნენ. ჩხუბი მორჩენილი იყო. შემდეგ მეორე მანქანა მისულა და ამ ავტომობილიდან გადმოსულმა პირებმა იქ დარჩენილი ბიჭები სცემეს. ვინ არიან მეორე მანქანით მისული პირები, რა შურისძიების წყურვილი ჰქონდათ ან რა გარჩევა იყო, როდესაც მივიდნენ, არ ვიცი. როდესაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ვკითხე, ჩხუბის დროს იყო თუ არა იქ გიორგი, მან მიპასუხა, რომ მისი თვალთახედვის არეში შაქარაშვილი არ მოხვედრილა", - აცხადებს მზია ქასრაშვილი.

ქასრაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოწმის სახით არის დაკითხული და ისინი გამოძებასთან თანამშრომლობას აპირებენ.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მეოთხე დღეა უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს გიორგი შაქარაშვილის საძიებო სამუშაოებს.

იხილეთ განახლებული ინფორმაცია: მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს

"ინტერპრესნიუსი"