"არავის ვაპატიებ შენ სიკვდილს, გპირდები" - კვირის პალიტრა

"არავის ვაპატიებ შენ სიკვდილს, გპირდები"

"არავის ვაპატიებ შენ სიკვდილს, გპირდები", - დაწერა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ანა შაქარაშვილმა, რომლის 19 წლის ძმის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.

19 ივნისს, დაახლოებით, 11:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილის ოჯახმა მისი დაკარგვის შესახებ მიმართა. მანამდე 19 წლის გიორგის გაუჩინარების თაობაზე ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა მეგობრებმა გაავრცელეს. მათი თქმით, ახალგაზრდა ბოლოს საგურამოს ტერიტორიაზე ნახე და მას შემდეგ მისი კვალი გაქრა.

4-დღიანი ძებნა, სამწუხაროდ, ტრაგიკული შედეგით დასრულდა - მყვინთავებმა გიორგის ცხედარი წყალში იპოვეს.

ამ ხნის განმავლობაში საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო, 70 მეხანძრე-მაშველი, 3 მყვინთავი, 7 ნავი და ორი სპეციალური კატერი, რომელიც ახორციელებდა ფკერის სკანირებას. შეუჩერებლად ფუნქციონირებდა საველე შტაბი, საიდანაც ხდებოდა საძიებო ოპერაციის მართვა. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა საჭირო სპეც-ტექნიკა, მათ შორის თერმული დრონები, რომლებიც ახორცილებელდნენ ტერიტორიის მონიტორინგს.

ძებნა მიმდინარეობდა მტკვარსა და არაგვში, ამის ერთ-ერთი მთავრი მიზეზი კი გახდა ის, რომ ამ მდინარეების შესართავამდე 500 მეტრში, ხიდის ჯებირზე ნახეს გიორგის ე.წ. წელის ჩანთა, რომელიც იმ უკანასკნელ ვიდეოშიც ჩანს, რომელიც იმ წვეულებაზე გადაიღეს, სადაც იმყოფებოდა ახალგაზრდა ფეხბურთელი, შემდეგ კი მეგობრებმა სოციალურ ქსელში ატვირთეს.

და მაინც რა მოხდა მცხეთში, რას ემსხვერპლა 19 წლის ბიჭი? - როგორც ამბობენ, ის უკონფლიქტო და წესიერი ადამიანი იყო. კლუბ "საბურთალოს" ფეხბურთელი ბევრს ვარჯიშობდა და დიდი გეგმები ჰქონდა.

იმ დღეს გიორგის მეგობარი გოგონას დაბადების დღის აღსანიშნავად, ახალგაზრდებმა სახლი ქალაქთან ახლოს, მცხეთაში იქირავეს და დღესასწაულის მოწყობა ასე გადაწყვიტეს. როგორც ამბობენ, გიორგი სუფრაზე მოგვიანებით მივიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, წვეულებაზე კონფლიქტი მოხდა.

ამ საქმეზე დაკითხული ერთ-ერთი პირის ადვოკატი, მზია ქასრაშვილიც ადასტურებს, რომ წვეულებაზე, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი და გიორგი შაქარაშვილი იმყოფებოდნენ, ჩხუბი მოხდა.

როგორც მან "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ ახსოვს გიორგი შაქარაშვილი ჩხუბში მონაწილეობდა თუ არა.

"ერთ-ერთ გოგონას დაბადების დღე ჰქონდა და მან კერძო, ნაქირავებ სახლში, დაახლოებით, 35-40 კაცი დაპატიჟა. მათგან ზოგი ერთმანეთს იცნობდა, ზოგი - არა. ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა რამდენიმე ადამიანი საერთოდ პირველად ნახა. როგორც ის ამბობს, ადამიანები, რომლებიც მას იქ დახვდნენ როცა მივიდა, მთვრალები იყვნენ. ის დაახლოებით 5-10 კაცთან ერთად მივიდა. როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აღნიშნავს, მხიარულობის

პროცესში მათ გარედან ჩხუბის ხმა გაიგონეს და გარეთ გავიდნენ. რატომ მოხდა ეს კონფლიქტი და ვის შორის მოხდა, არ ვიცით. ამის შემდგომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და მასთან ერთად წვეულებაზე მისული პირები წამოვიდნენ. ჩხუბი მორჩენილი იყო. შემდეგ სხვა მანქანა მისულა და ამ ავტომობილიდან გადმოსულმა პირებმა იქ დარჩენილი ბიჭები სცემეს. ვინ არიან მეორე მანქანით მისული პირები, რა შურისძიების წყურვილი ჰქონდათ ან რა გარჩევა იყო, როდესაც მივიდნენ, არ ვიცი. როდესაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ვკითხე, ჩხუბის დროს იყო თუ არა იქ გიორგი, მან მიპასუხა, რომ მას შაქარაშვილი არ დაუნახავს", - განაცხადა მზია ქასრაშვილმა...

გიორგის გაუჩინარების შესახებ სხვადასხვა ვერსიები ვრცელდებოდა, იყო ლაპარაკი, რომ თითქოს ის მცხეთში შეყვარებულის სანახავად ჩავიდა, რასაც თითქოს კონფლიქტი მოჰყვა, თუმცა ახლობლების თქმით, ეს მხოლოდ ჭორებია და რეალობასთან კავშირი არ აქვს.

გიორგი შაქარაშვილის ბიძის, ადვოკატ მირიან ნიკოლაძის თქმით, საქმეში მონაწილე პირების ძირითადი ნაწილი უკვე დაკითხულია. ჩვენი ინფორმაციით, ამ დრომდე დაკითხვაზე იმყოფება 3 არასრულწლოვანი, რომელთა მიმართ გამოძიებას განსაკუთრებული ინტერესი აქვს.  გიორგის ახლობლები და მეგობრები კი სოციალურ ქსელში უკვე წერენ, რომ დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. იმედია, სამართლადამცავები დროულად გაარკვევენ რა მოხდა და რას ემსხვერპლა ახალგაზრდა.

პ.ს. "კვირის პალიტრა" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გიორგი შაქარაშვილის ოჯახს.

იხილეთ ასევე:"თავს უფლება მისცა მისთვის საბედისწერო წვეულებაზე მისულიყო,არ უყვარდა წვეულებებზე სიარული"