"არ გვინდა შეცდომა დავუშვათ და ამ ანგელოზი ბავშვის სული დავამძიმოთ, აღარ ვარგივართ, მკვდრები ვართ ჩვენც" - კვირის პალიტრა

"არ გვინდა შეცდომა დავუშვათ და ამ ანგელოზი ბავშვის სული დავამძიმოთ, აღარ ვარგივართ, მკვდრები ვართ ჩვენც"

4-დღიანი ძებნის შემდეგ ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მყვინთავებმა წყალში იპოვეს.

19 ივნისს, დაახლოებით, 11:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილის ოჯახმა მისი დაკარგვის შესახებ მიმართა. მანამდე 19 წლის გიორგის გაუჩინარების თაობაზე ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა მეგობრებმა გაავრცელეს. მათი თქმით, ახალგაზრდა ბოლოს საგურამოს ტერიტორიაზე ნახე და მას შემდეგ მისი კვალი გაქრა.

"ძალიან რთულია არაპროფესიონალის თვალით იმის გამიჯვნა ჰქონდა თუა არ დაზიანებები ცხედარს, როცა ის ვიპოვეთ, ჩვენ ამისი წინასწარი მონახაზი ნამდვილად არ გვაქვს, ამას სჭირდება სპეციალური ცოდნა და ამიტომ ვენდობით ექსპერტების კვალიფიკაციას", - ამის შესახებ გადაცემა "360 გრადუსში" გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა.

"მე ვარ ახალ ექსპერტიზის ბიუროში. ოჯახა მოისურვა თავის ნდობითაღჭურვილი პირების ჩართვა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს უნდობლობას ვუცხადებთ, უბრალოდ გვინდა, რომ მაქსიმალურად დამაჯერებლები ვიყოთ, სიმართლის გარდა არავის არაფერი აინტერესებს. გვაინტერესებს რეალურად რა მოხდა, როგორ დაიღუპა ბავშვი, რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, რთული იქნება პირველ ეტაპზე გამოკვეთოს ექსპერტმა დაზიანებების შესაძლებლობა - რის გამო და როგორ აქვს მიყენებული. წყლის ნაკადი, ქვასთან კონტაქტი, ჩარბენა ფერდობზე, ათასი ნიუანსია. თუ ისინი შეძლებენ, რომ რაღაც სურათი მოგვცენ, მოგვცემენ, თუ არა და შეიძლება დროში გაიწელოს საბოლოო დასკვნის დადება... დაველოდებით, სხვა რა გზა გვაქვს. ძალიან რთულია არაპროფესიონალის თვალით იმის გამიჯვნა ჰქონდა თუ არა დაზიანებები ცხედარს, როცა ის ვიპოვეთ, ჩვენ ამისი წინასწარი მონახაზი ნამდვილად არ გვაქვს, ამას სჭირდება სპეციალური ცოდნა და ამიტომ ვენდობით ექსპერტების კვალიფიკაციას.

გვქონდა იმედი, რომ გიორგის ცოცხალს ვიპოვიდით, ხიდზე დატოვებული კვალი მაძლევდა საფუძველს, მევარაუდა, რომ გამოირიცხებოდა გიორგის მდინარეში აღმოჩენა... თანაც სამი დღე თავდაუზოგავად იშრომეს ბიჭებმა და მდინარის თემა ნელ-ნელა ირიცხებოდა, იმიტომ, რომ სამი დღე დიდი დროა, დააშრეს არაგვი, მინიმუმადე დაიყვანეს, გიორგი არ ჩანდა და ეს გვაიმედებდა...  თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენი იმედი არ გამართლდა... აღმოჩნდა, რომ ბავშვი მდინარემ წაიღო, როგორ მოხდა და რანაირად რთულია ვერსიების ჩამოყალიბება. ჩემი ღრმა რწმენით, ყველაფერს პასუხი უნდა გასცეს ექსპერტიზამ, უნდა გაიმიჯნოს დაზიანებები როდინდელია - გარდაცვალებამდელი თუ გარდაცვალების შემდგომი. არ გვინდა შეცდომა დავუშვათ და ამ ანგელოზი ბავშვის სული დავამძიმოთ, აღარ ვარგივართ, მკვდრები ვართ ჩვენც, ცოცხლები აღარ ვართ. მაშველებმა რაც შეძლეს ყველაფერი გააკეთეს", - განაცხადა ტრაგიკულად გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძამ.

იხილეთ ასევე: "თავს უფლება მისცა მისთვის საბედისწერო წვეულებაზე მისულიყო, არ უყვარდა წვეულებებზე სიარული"