აგარაკზე საქმის გასარჩევად თბილისიდან მოქმედი სპორტსმენები გამოიძახეს? - გიორგი შაქარაშვილის საქმის რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი?
აგარაკზე საქმის გასარჩევად თბილისიდან მოქმედი სპორტსმენები გამოიძახეს? - გიორგი შაქარაშვილის საქმის რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი?
შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის დეტალებს არკვევს, გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. როგორც შს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, გამოძიება არაერთ ვერსიას განიხილავს და შექმნილია სხვადასხვა სპეციალიზაციის გამომძიებლების შემადგენლობით საგამოძიებო ჯგუფი. დაახლოებით 50 მოწმეა გამოკითხული, ჩატარებულია ათეულობით საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის - საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა, ამოღებულია კონფლიქტში მონაწილე და შემსწრე პირთა ტანსაცმელი, ავტომანქანები, მობილური ტელეფონები, აღებულია კვლევის ნიმუშები, დანიშნულია ექსპერტიზები, გამოთხოვილია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.

ოფიციალური ინფორმაციით, ნაქირავებ სახლში მოხდა ცალკეულ
პირთა შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. მოგვიანებით კი კონფლიქტი გაგრძელდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდის სიახლოვეს, რის შემდგომაც გიორგი შაქარაშვილის კვალი დაიკარგა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა იმ პირს, ვინც მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით რაიმე სახის ინფორმაციას ფლობს, მაქსიმალურად ითანამშრომლონ გამოძიებასთან. მინისტრის
მოადგილე ადასტურებს, რომ ჯერჯერობით საქმეში არ არის გამოკვეთილი ბრალდებულების ვინაობა. ჩვენი ინფორმაციით, არაერთი მოწმე დაკითხა გამოძიებამ ხელახლა და მათ შორის ის პირები, ვინც სპეციალურად თბილისიდან მცხეთაში საქმის გასარჩევად ჩავიდნენ. ამ წუთებში "ტოიოტა ქამრის" მძღოლი და ის პირები იკითხებიან, ვისაც იმ საბედისწერო დღეს გიორგი შაქარაშვილი გაექცა, ხოლო მისი მეგობარი გურამ (გუკა) ამირხანაშვილი ჩაისვეს მანქანაში. როგორც ჩანს, გამოძიებას მათთან შეკითხვები აქვთ და არ არის გამორიცხული მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც კი აღიძრას. მათი ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ ეს პირები ამჟამად მოწმის სტატუსით იკითხებიან.

ალექსანდრე კობაიძე:
- მცხეთის პოლიციის შენობაში ვართ, ორი მოწმე გამოკითხვაზე ხელმეორედ დაიბარეს. აღნიშნული პირები შავი ფერის "ტოიოტა ქამრის" მძღოლი და მგზავრი არიან, რომლებიც სათვალთვალო კამერამ ნატახტრის ტერიტორიაზე დააფიქსირა. სწორედ აღნიშნულმა მანქანამ დატოვა ერთ-ერთ მეტროსადგურთან ე.წ. ოქროს მოწმე. აღნიშნულმა მოწმემ თავიდან თქვა, რომ არანაირი ფიზიკური შეურაცხყოფა, ძალადობა არ ყოფილა, შემდეგ კი თქვა, რომ მასზე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.
ალექსანდრე კობაიძე
ჩემი შეფასებით, ხელმეორედ გამოკითხვაზე ამის გამო დაგვიბარეს, ჩვენ მზად ვართ, მათ კითხვებს ვუპასუხოთ. ე.წ. ოქროს მოწმე ნატახტრის ტერიტორიიდან წამოიყვანეს, გარდაცვლილი მათ არ უნახავთ, ვინაიდან, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები მომხდარი ფაქტის - ჩხუბის შემდეგ, დაგვიანებით მივიდნენ. მანქანით გადაადგილებისას, დაინახეს, რომ 4 ადამიანი გადაადგილდებოდა ფეხით და გაუჩერეს. მათგან 3 ადამიანი, მათ შორის, გარდაცვლილი გაიქცა. ე.წ. ოქროს მოწმე დარჩა და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებმა ჩაისვეს მანქანაში. ეს მოწმე ამბობს, ისინი მინდოდა გადამერჩინა და იმიტომ დავრჩიო.

- თქვენი დასაცავები სპეციალურად ჩავიდნენ მცხეთაში საქმის გასარჩევად? ადასტურებთ რომ მათ მეგობარმა დახმარება სთხოვა?
- დიახ ვადასტურებ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები თბილისიდან სპეციალურად ჩავიდნენ, გადაადგილდებოდნენ "ტოიოტა ქამრით", ვერ მიუსწრეს მოჩხუბრებს, ვიდრე ჩავიდნენ, კონფლიქტი დასრულდა. გზაზე შეხვდნენ ცხონებული და მისი სამი მეგობარი, ამათ მანქანა რომ გააჩერეს, სამი გაიქცა გაურკვეველი მიმართულებით, დარჩა ერთი და წამოიყვანეს თბილისის მიმართულებით. ამის შემდეგ ქრება ბიჭის კვალი.

- იქნებ დაგვისახელოთ იმ ბიჭების ვინაობა, ვინც საქმის გასარჩევად ჩავიდა?
- ვინაობის დასახელება არ გვინდა იმიტომ, რომ იმედი გვაქვს, მათ ბრალს არ წაუყენებენ, მათ კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღიათ. ვადასტურებ, რომ თბილისიდან სპეციალურად ჩავიდნენ. ჩხუბი სადაც იყო, იქ იყვნენ შედარებით ახალგაზრდები - 19 წლისები შეკრებილები, მე და ჩემი კოლეგა კი ვისაც ვიცავთ, ისინი 25 წლის ბიჭები არიან. მათ უნდოდათ როგორმე ეს საკითხი დაერეგულირებინათ და წამოეყვანათ ბავშვები. თბილისიდან ჩასულები ჩხუბში მონაწილეების უბნელები - "ნახალოვკელები" არიან.

- რატომ ჩაისვეს მანქანაში გუკა ამირხანაშვილი, საქმეს ურჩევდნენ? სულ რამდენი ადამიანი იჯდა "ტოიოტაში"?
- მანქანაში იყო 6 პირი, ერთი მანქანით ბრუნდებოდნენ უკან და მეშვიდე ჩასვეს ეს ბიჭი, გუკა. არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ჩემს დასაცავებს საერთოდ არ უნახავთ გიორგი შაქარაშვილი. ახლა ამბობს გუკა ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინესო, ვფიქრობ, ხელმეორედ იმიტომ დაიბარეს ჩემი დასაცავები, რომ იმ ე.წ. ოქროს მოწმემ ჩვენება შეცვალა. ახლა სხვანაირად საუბრობს. არადა, მანქანა გაუჩერეს და ცივილურად წამოიყვანეს თბილისის მიმართულებით, ასე უწერია პირველ ჩვენებაში და წერს, გზაში წყალიც კი დამალევინესო, მერე ტელევიზიით გავიდა მისი ინტერვიუ და იქ სხვა რამეს ამბობს. ახლა მეორედ დაგვიბარეს, ალბათ მცდელობა იქნება, რომ სამართალდამცავებმა გაარკვიონ დეტალები და შეიძლება დააპირისპირონ ისინი ერთმანეთს. ჩემს დასაცავებს არანაირ ჩხუბში არ მიუღიათ მონაწილეობა, მხოლოდ იმიტომ ჩავიდნენ, რომ დაეწყნარებინათ სიტუაცია, მაგრამ ვერ ჩაუსწრეს, ჩხუბი უკვე მომხდარი იყო.

- საქმეში მეორე მანქანაც ფიგურირებს, რომელიც ასევე ამოღებულია და იმ მანქანაშიც "ნახალოვკელები" ისხდნენ?
- დიახ, მეორე მანქანა, რომელიც საქმეში ფიგურირებს, ისიც ამათი მეგობრისაა. თბილისიდან რამდენიმე კაცი ჩავიდა ორი მანქანით იქ სიტუაციის დასაწყნარებლად. 25 წლისები არიან, ვინც ჩავიდნენ.

- ადრეც ქუჩურ გარჩევებში იღებდნენ თბილისიდან ჩასული ბიჭები მონაწილეობას? რა წარსული აქვთ თქვენს დასაცავებს?
- ჩემი დასაცავები მოქმედი სპორტსმენები არიან. შეგნებულად არ გეტყვით სპორტის რომელ სახეობაში, რადგან მათ ბრალი არ აქვთ წარდგენილი. არ მინდა მათი ვინაობა გაჟღერდეს.

- კონფლიქტის მიზეზი რა იყო?
- ამაზე ჯერ ინფორმაცია არ მაქვს.


(სპეციალურად საიტისთვის)

კატო
24 ივნისი 2020 15:09
სახელი და გვარები დაწერეთ, ვინ მოქმედი სპორტმენები!!! ციხეში უნდა შეჰყარო ყველა და მიაყოლო ადვოკატიც.
ქართველი
24 ივნისი 2020 13:26
პირველ რიგში იმ გოგოს პატრონს უნდა მოეთხოვოს პასუხი ეს 18-19 წლის ღლაპები მარტო რომ დატოვეს......უპატრონოდ და უყურადღებოდ, აწი გინდა არკვიე და გინდა არა ამ საოცადვ ბიჭს რაღა ეშველება
მე-8 სულ მთლად საუკეთესო წელი!
24 ივნისი 2020 10:33
დაგვიბრუნდა ნანატრი დრო - "საძმოების" თარეშის ეპოქა!!!


რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები