"სუფრაზე რამდენიმე კონფლიქტი მოხდა, გამოძიების კითხვებიდან ვასკვნი, რომ დაპირისპირება ჯერ გოგოს გამო დაიწყო, ასევე მოხდა კონფლიქტი დიჯეისთან" - კვირის პალიტრა

"სუფრაზე რამდენიმე კონფლიქტი მოხდა, გამოძიების კითხვებიდან ვასკვნი, რომ დაპირისპირება ჯერ გოგოს გამო დაიწყო, ასევე მოხდა კონფლიქტი დიჯეისთან"

19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზები ჯერ ისევ უცნობია.  ამ დრომდე ისევ აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 24 ივნისს რამდენიმე პირს ექსპერტიზა ჩაუტარდა. ექსპერტებმა უნდა დაადგინონ აქვთ თუ არა მათ სხეულზე დაზიანებები და რითია ეს დაზიანებები გამოწვეული. როგორც ცნობილი გახდა, გარდაცვლილის მეგობარი გოგონა ამბობს, რომ თბილისიდან საქმის გასარჩევად საგანგებოდ ჩასული ახალგაზრდები, რომლებიც ავტობანზე შეხვდნენ ბიჭებს, რკინის ნაჭრებით იყვნენ შეიარაღებულები. ერთ-ერთი ვერსიით, ისინი თავს დაესხნენ ავტომაგისტრალზე მიმავალი ოთხი ბიჭიდან ერთ-ერთს - ვახო ახვლედიანს, რის შემდეგაც დანარჩენი ახალგაზრდები გაიქცნენ. როგორც ახვლედიანის ადვოკატი ამბობს, ბიჭს სხეულზე დაზიანებები აქვს.

როგორც ირკვევა, წვეულებაზე გადასაღებად მისული ფოტოგრაფიც ავტომაგისტრალზე მიდიოდა ფეხით გიორგი შაქარაშვილთან და გუკა ამირხანაშვილთან ერთად. ცნობილია ისიც, რომ სამი ახალგაზრდა გაიქცა, გუკა ამირხანაშვილი კი მანქანაში ჩასვეს, სადაც 6 "ნახალოვკელი" ახალგაზრდა იჯდა, მათ შორის ისინიც, ვინც სპეციალურად საქმის გასარჩევად ჩავიდნენ თბილისიდან მცხეთაში.

როგორც ირკვევა, კონფლიქტი აგარაკზე რამდენჯერმე მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით კონფლიქტი გოგოს გამო დაიწყო, მეორე ვერსიით, "ნახალოვკელებსა" და საბურთალოებს შორის კონფლიქტი მოყვა კითხვას, რომელი უბნელი ხარ, ბიჭო? როგორც წყარო ჩვენთან საუბრისას ამბობს, კიდევ ერთი კონფლიქტი  დიჯეისა და სუფრის წევრებს შორის მოხდა.

ადვოკატი მუხრან ღურწკაია "ნახალოვკელ" ბიჭებს იცავს, რომელთა მანქანაც შემთხვევის ადგილზე ნახეს. ადვოკატი ჩვენთან საუბარში ადასტურებს, რომ ექსპერტიზა მის დასაცავებსაც ჩაუტარდათ. მისი მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები აგარაკზე საერთოდ არ ყოფილან და არც ავტობანზე მიუღიათ ჩხუბში მონაწილეობა. ახლა იკვეთება, რომ სამი ავტომანქანა ფიგურირებს ავტობანზე და სამივე ავტომანქანაში მყოფი ახალგაზრდები "ნახალოვკელები" იყვნენ.

ერთი ვერსიით, "ტოიოტა ქამრში" მყოფი თბილისიდან ჩასული ახალგაზრდები იყვნენ რკინის ნივთებით შეიარაღებული, თუმცა მათი  ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ამას უარყოფს.

ის იცავს იმ  ორ სპორტსმენს, კერძოდ, "ნახალოვკელ" მორაგბეებს, რომლებიც "ტოიოტა ქამრის" მარკის ავტომანქანით ჩავიდნენ თბილისიდან, სწორედ ამ ავტომანქანით ჩამოიყვანეს თბილისში გუკა ამირხანაშვილი, რომელიც მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბრობს.

"ჩემი დასაცავები არ იყვნენ რკინებით შეიარაღებული, მსგავსი არაფერი ყოფილა. ჩხრეკა მათ სახლებშიც ჩატარდა, მაგრამ არაფერი უნახავთ, ჩემს დასაცავებს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარეს იმის გასარკვევად ხომ არ აქვთ რაიმე დაზიანებები, ცემის კვალი. შეფასებას გვეტყვიან. ვიზუალურად არაფერი ეტყობათ საერთოდ.

- გაიჟღერა რომ კონფლიქტი სუფრაზე გოგოს გამო მოხდა, თუმცა არა იმ გოგონას გამო, ვის დაბადების დღესაც აღნიშნავდნენ...

- ჩემი ინფორმაციით, შელაპარაკება მოყვა კითხვას, - შენ რა უბნელი ხარო? როგორც მეუბნებიან, "ნახალოვკელმა" ახალგაზრდამ კითხა ერთ-ერთ ბიჭს,  მან რომ უპასუხა საბურთალოელი ვარო, ნახალოვკელმა უთხრა, ე.ი. უცხო ყოფილხარო...  ეს იუკადრისა მეორემ, რას ქვია უცხოო, - ყველა უცხოსო და შეიგინა, ამას მოყვა კონფლიქტი. ამის გამო დაიწყო კონფლიქტი, თუმცა ვერ დაგიკონკრეტებთ კონკრეტულად ჩხუბი ვის და ვის შორის იყო. ამირხანაშვილის, შაქარაშვილის მხარეა ეს საბურთალოელი ახალგაზრდა, თუმცა ხაზგასმით გეტყვით, რომ თავად გიორგი შაქარაშვილი ამ კონფლიქტში არ მონაწილეობდა. ჯერჯერობით ასე ჩანს, რომ ის არ ყოფილა არა თუ ჩხუბის  ინიციატორი, მონაწილეც კი...

- იმასაც ამბობენ, დიჯეისთანაც მოუხდათ კონფლიქტიო, ბევრჯერ მოხდა კონფლიქტი სუფრაზე?

- მეც მითხრეს, რომ დიჯეისთან მოხდა კონფლიქტიო, მაგრამ ეს დიჯეი საერთოდ არაფერ შუაშია... ისეა ყველაფერი ჩახლართული, ბევრი ეპიზოდია, ბევრი ვერსიაა, ამიტომ ჯერ დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვი. ერთს გეტყვით, გარდაცვლილის კონფლიქტში მონაწილეობაზე არავინ საუბრობს. უბრალოდ ავტობანზე გიორგისთან ერთად იყო ფოტოგრაფი და კიდევ ერთი ახალგაზრდა და ისინი გაიქცნენ. ვადასტურებ იმასაც, რომ ჩხუბი მოხდა ავტობანზეც, მაგრამ ჩემს დასაცავებს ამ კონფლიქტშიც არ მიუღიათ მონაწილეობა, ჩხუბი დამთავრებული იყო, ისინი იქ რომ მივიდნენ, მანამდე რომ მისულიყვნენ, შესაძლოა ეს კონფლიქტი არც მომხდარიყო. "ნახალოვკელი" ჯგუფის სამი მანქანაა ამოღებული და დალუქული, ერთი "ტოიოტა ქამრი", როგორც გითხარით, მასში ჩემი დასაცავები დისხდნენ და  და კიდევ ორი ვერცხლისფერი "მერსედესი" - ერთი ორკარიანი და ერთიც 4 კარიანი. ჯერ ვინმეს ბრალეულობა გამოკვეთილი არ არის, მიმდინარეობს გამოძიება და ვნახოთ რა გაირკვევა.

ადვოკატი მუხრან ღურწკაია ამბობს, რომ მისი დასაცავებისთვის სუფრიდან არავის დაურეკავს და არავის უთხოვია დახმარება, თუმცა ადასტურებს, რომ მისი დასაცავები ნახალოვკელი 24-25 წლის ახალგაზრდები არიან. ისიც 2 პირს იცავს:

მუხრან ღურწკაია:

- დახმარება ჩემი დასაცავებისთვის არავის უთხოვია. ერთადერთი ის იყო, რომ ჩემებს დაუკავშირდა მეგობარი, რომელთანაც ფიქსირდება სუფრის წევრის სატელეფონო ზარი და ამიტომ ყველა დაიბარეს... ვერცხლისფერი მანქანა დაათვალიერეს, თუმცა იქიდან რაიმე საეჭვო საგანი ამოღებული არ არის და არც არაფერს გვედავებიან. გვაქვს მოწმის სტატუსი და მისცეს ჩვენება. ექსპერტიზაც ჩაუტარდათ. საქმიდან ჩანს, რომ რამდენიმე მანქანა ფიგურირებს, ეს ბუნებრივია, სუფრაზე 50 კაცი იყო. არც გუკა ამირხანაშვილთან ჩემს დასაცავებს არანაირი კავშირი არ ჰქონიათ.

- ფოტოგრაფი ნაცემია? ამაზე ხომ არ გაქვთ ინფორმაცია? - როგორც ჩანს, მიწვეული ჰყავდათ ფოტოგრაფიც და დიჯეიც იყო, როგორც ვიცი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დიჯეისთან მოუხდათ კონფლიქტი, ეტყობა იქ რამდენიმე კონფლიქტი მოხდა, რეალურად გოგოს გამო მოხდა კონფლიქტი ამას ვასკვნი გამოძიების კითხვებიდან გამომდინარე. სავარაუდოდ, გოგოს გამო დაიწყო კონფლიქტი, საუბარი არ არის იუბილარზე, სუფრაზე მყოფ სხვა გოგოზეა ლაპარაკი. მეტ დეტალს ვერ გეტყვით. ბრალი ჯერ არავის აქვს წარდგენილი. ჩემს დასაცავებს ბრალს ვერ წაუყენებენ, რადგან არანაირი კავშირი არ აქვთ ამ ინციდენტთან, უბრალოდ მათი მანქანა დაფიქსირდა კამერებში. ვერც იმას გეტყვით ამ ეტაპზე, ის გოგო კონფლიქტშო მონაწილე რომელი მხარის მეგობარი იყო და კონკრეტულად რაზე იჩხუბეს. დაველოდოთ გამოძიებას.

იხილეთ ასევე: "ნეტა გადამეღო ყველაფერი და დაიხურებოდა საქმე" - რა დეტალებზე საუბრობს გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის მოწმე ფოტოგრაფი?

(სპეციალურად საიტისთვის)