"სხეულს აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები - ბლაგვი საგნით მიყენებული ტრავმების სახით" - რას ამბობს ექსპერტი გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე? - კვირის პალიტრა

"სხეულს აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები - ბლაგვი საგნით მიყენებული ტრავმების სახით" - რას ამბობს ექსპერტი გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე?

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილს დღეს დაკრძალავენ, ამ დრომდე ოჯახს არ აქვს პასუხი მთავარ კითხვაზე  - რას შეეწირა სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა? სამწუხაროდ, დამნაშავე ჯერ არა არის გამოკვეთილი, თუმცა ცალსახად იმის თქმა შეიძლება, რომ სერიოზულ კონფლიქტს ჰქონდა ადგილი აგარაკზეც და ავტობანზეც... ყველა ელოდება ექსპერტიზის დასკვნას, რაც ბევრ კითხვას გასცემს პასუხს. ფეხბურთელს მრავლობითი და მძიმე დაზიანებები რომ აქვს, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით მიყენებული, ამაზე საუბრობს უკვე დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტზის ცენტრ "ვექტორის" ხელმძღვანელი ალექსანდრე გეჯაძე. სწორედ "ვექტორის" ექსპერტი კახა ერისთავი ესწრებოდა ექსპერტიზას. გეჯაძის თქმით, გასარკვევია, მან ეს დაზიანებები სიკვდილამდე მიიღო თუ სიკვდილის შემდეგ.

ალექსანდრე გეჯაძე:

- ცალსახად დგინდება, რომ სხეულს გარეგნულად აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, კერძოდ, ბლაგვი საგნით მიყენებული ტრავმების სახით. როგორც თავის, სახის, სხეულის სხვადასხვა მიდამოებში და ა.შ. აღებულ იქნა სრული მოცულობით ყველანაირი ბიოლოგიური მასალა - ლაბორატორიული, ჰისტოპათოლოგიური და ფიზიკოტექნიკური კვლევისთვის, რათა დადგინდეს, საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ცოცხალი მოხვდა გარდაცვლილი წყალში თუ არა, ანუ ადგილი ჰქონდა თუ არა ასფიქსიით სიკვდილს თუ პირიქით, ბლაგვი საგნით მიყენებული ტრავმით გარდაიცვალა წყალში მოხვედრამდე... ეს ტრავმები იყო თუ არა სიცოცხლის დროინდელი, ეს დადგინდება ტრავმების ხასიათის კვლევის შედეგად. შემდგომ ეტაპზე, ალბათ, გამოძიება წარმოადგენს მოწმეების ჩვენებებზე დაფუძნებულ თავის ვერსიებს.

-  ბატონო ალექსანდრე, ამბობენ, რომ გარდაცვლილს ყური აქვს დაზიანებული, ამაზე რას იტყვით?

- არა, ეს ინფორმაცია არ მაქვს, თანაც დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრებ. დაველოდოთ ექსპერტიზის პასუხებს.

იხილეთ ასევე: "ნეტა გადამეღო ყველაფერი და დაიხურებოდა საქმე" - რა დეტალებზე საუბრობს გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის მოწმე ფოტოგრაფი?