"პირველ ეპიზოდს ედავებიან... ვიცი ის, რომ მოხდა კონფლიქტი" - რას ამბობს შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"პირველ ეპიზოდს ედავებიან... ვიცი ის, რომ მოხდა კონფლიქტი" - რას ამბობს შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი?

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული საბა ჩხარტიშვილის ადვოკატის, დავით ჭიკაიძის, ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაპირისპირების ორი ეპიზოდიდან პირველს ედავებიან. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი 08:00 საათზე დააკავეს და მას ედავებიან სსკ-ის 126-ე მუხლით შესაძლო დანაშაულის ჩადენას, ეს არის ძალადობა.

"მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ იმ კონკრეტულ დღეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ფიზიკურად არ იმყოფებოდა იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს სამწუხარო ფაქტი მოხდა. ის რამდენიმე საათით ადრე იყო გადასული ლისის ტერიტორიაზე. სავარაუდოდ, პირველ ეპიზოდს ედავებიან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. ვიცი ის, რომ მოხდა კონფლიქტი. მხარეები ვინ იყვნენ, ვინ რა დოზით მონაწილეობდა - ამის თაობაზე არ მაქვს ინფორმაცია. ბუნებრივია, საქმის მასალები არ გადმოუციათ ჯერ, შესაბამისად, ამის თაობაზე ვერ გეტყვით. როგორ კი შევხვდები მას, დამატებითი დეტალები მაშინ მეცოდინება. ჯერჯერობით უცნობია ჩემთვის ბრალს როდის წაუყენებენ,"- განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა 17 პირი დააკავეს.

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

იხილეთ ვიდეო