"გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულთა წრე შესაძლოა, გაიზარდოს" - კვირის პალიტრა

"გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულთა წრე შესაძლოა, გაიზარდოს"

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული პირების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს. მისივე თქმით, ფეხბურთელის გარდაცვლების მიზეზს და ექსპერტიზის დასკვნას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და თუ დამატებით გამოიკვეთება სხვა პირთა ბრალეულობა, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

"225-ე მუხლი ნიშნავს ჯგუფურ ძალადობას და მასში მონაწილეობას და ასევე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება შეიძლება ჩადენილი იქნას როგორც ნებისმიერი საგნით, ასევე კონკრეტული საგნების გარეშეც. არაერთი ნივთმტკიცებაა ამოღებული, რომელსაც დეტალურად ვერ ჩამოვთვლი. შეიძლება დაკავებულთა წრეც გაიზარდოს. ჩვენ ყველა მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას, ექსპერტიზის დასკვნას და გარდაცვალების მიზეზს აქვს უდიდესი მნიშვნელობა ამ სისხლის სამართლის საქმეში და შესაბამისად, თუ დამატებით გამოიკვეთება სხვა პირთა ბრალეულობა, ბუნებრივია ჩვენი რეაქცია იქნება მყისიერი და ყველას ქმედებას მივცემთ შესაბამის სამართლებრივ შეფასებას. მას შემდგომ, რაც განხორციელდა 17 პირის დაკავება, ჯერჯერობით მათთან საგამოძიებო მოქმედებები და გამოკითხვები ჩატარებული არ არის, მაგრამ მანამ, ვიდრე განხორციელებოდა დაკავება, უმრავლესი მათგანი არის გამოკითხული და ნაწილი ამ ადამიანებისგან თანამშრომლობს ჩვენთან", - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

მისი ინფორმაციით, დაკავებული პირებიდან რამდენიმე არასრულწლოვანია.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა 17 პირი დააკავეს. დაკავებულებს ედავებიან ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა რბევა, იარაღის გამოყენება, სახელმწიფო წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობის გაწევა, ასევე ედავებიან თავისუფლების უკანონო აღკვეთას, ხულიგნობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას. დაკავებულებს შორის არიან: ვასილ მახარაძე, არჩილ გაგნიძე, თენგო ბარბაქაძე, საბა ჩხარტიშვილი, ირაკლი მუმლაძე, ნიკა ჟვანია, ირაკლი წაქაძე.

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

"ინტერპრესნიუსი"