"ჩავიდნენ იმისთვის, რომ განერიდებინათ თავიანთი უბნელი ამ კონფლიქტიდან" - რას ამბობენ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები? - კვირის პალიტრა

"ჩავიდნენ იმისთვის, რომ განერიდებინათ თავიანთი უბნელი ამ კონფლიქტიდან" - რას ამბობენ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები?

თბილისის მთავარ სამმართველოში რამდენიმე წუთში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ერთ-ერთ მორაგბეს, არჩილ გაგნიძეს ბრალს წაუყენებენ. მოგვიანებით კი, მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალი ვასილ მახარაძეს წარედგინება.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში მათი უფლებადამცველი ბექა ნემსიწვერიძე აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მორაგბეები ძალადობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში არ მონაწილეობდნენ. ადვოკატი ირწმუნება, რომ მორაგბეები - არჩილ გაგნიძე და ვასილ მახარაძე - თბილისიდან მცხეთაში თავიანთი უბნელი მეგობრების წამოსაყვანად ჩავიდნენ, რათა ისინი კონფლიქტური სიტუაციისგან განერიდებინათ.

"ისინი "ტოიოტას" მარკის ავტომობილში ისხდნენ. სხვა რაიმე სახის მონაწილეობას დანაშაულში, იქნება ეს ძალადობა თუ თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ისინი არ ადასტურებენ და არ ეთანხმებიან. როგორც თვითონ ამბობენ, ისინი არ გაკიდებიან შაქარაშვილს მდინარემდე.

მათ გაიგეს, რომ რაღაც კონფლიქტი მოხდა და ჩავიდნენ იმისთვის, რომ განერიდებინათ თავიანთი უბნელი, შედარებით უმცროსი ასაკის პირები ამ კონფლიქტიდან.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები კატეგორიულად უარყოფენ რაიმე საგნის გამოყენებას. ამირხანაშვილმა პირველი ჩვენებისას თვითონ უარყო რაიმე სახის დაპირისპირება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებთან ან მათი მხრიდან რაიმე ტიპის ძალადობა. ასევე, უარყო ის ფაქტი, რომ მას უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, თუმცა შემდეგ, როგორც აღმოჩნდა, მან ალბათ, შეცვალა ეს ჩვენება. დღეს გადმოგვეცემა საქმის მასალები და დაზუსტებით შევძლებთ ვილაპარაკოთ, რა ჩვენება მისცა ამირხანაშვილმა პირველად და რა ჩვენება მისცა შემდგომ", - აცხადებს ადვოკატი.

დაკავებულ მორაგბეებს საქართველოს სსკ-ის 225-ე, 143-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა რბევა, იარაღის გამოყენება, სახელმწიფო წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობის გაწევა, ასევე ედავებიან თავისუფლების უკანონო აღკვეთას.

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ფეხბურთელის, ირაკლი წაქაძის ადვოკატი, გაიოზ ჩარკვიანი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ინციდენტის მხოლოდ პირველ ეპიზოდში მონაწილეობდა. ამასთან, ადვოკატი აღნიშნავს, რომ ირაკლი წაქაძეს გიორგი შაქარაშვილთან ნაცნობობა აკავშირებდა.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მხოლოდ პირველ ეპიზოდში მონაწილეობდა, შემდეგ კი თავის სახლში წავიდა. გიორგი შაქარაშვილი ფეხბურთელი იყო, ირაკლი წაქაძეც და მასთან ნაცნობ-მეგობრობა აკავშირებდა, ის საბურთალოს მხრიდან იყო, ეს არაერთხელ მითქვამს", - აცხადებს ჩარკვიანი.

ირაკლი წაქაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პირველი პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც ძალადობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"