"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები კატეგორიულად გამორიცხავენ იმას, რაც ბრალშია მითითებული" - რას აცხადებს შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები კატეგორიულად გამორიცხავენ იმას, რაც ბრალშია მითითებული" - რას აცხადებს შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების ადვოკატი?

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ვახტანგ ჩიქოვანისა და ნიკა ჟვანიას ადვოკატი არჩილ ბერიანიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირები უდანაშაულონი არიან.

როგორც მან ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დაწყებამდე განუცხადა, საქმეში ყველა მტკიცებულება ცალსახად მიუთითებს, რომ ვახტანგ ჩიქოვანი დაზარალებულია და მასზე ძალადობა განხორციელდა.

"საქმის მასალები საკმაოდ მოცულობითი იყო. ერთი გარემოება მინდა აღვნიშნო, რომ გარკვეული მასალები დღეს დილით, დაახლოებით 09:00 საათისთვის მივიღეთ. გუშინ, დღის მეორე ნახევარში 10 ტომი საქმის მასალა გადმოგვეცა. საქმის მასალებს მთელი ღამის განმავლობაში ვეცნობოდით. ბრალთან მიმართებით ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით ბრალად წარდგენილ ქმედებას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები ვახტანგ ჩიქოვანი და ნიკა ჟვანია კატეგორიულად გამორიცხავენ იმ ქმედების განხორციელებას, რომელიც ბრალშია მითითებული. ვიდეომასალები ცოტა ხნის წინ გადმოგვეცა, ფიზიკურად ვერ ხერხდებოდა ვიდეომასალების ჩვენთვის გადმოცემა. რაც შეეხება მატერიალური სახით საქმის მასალების გაცნობას, გუშინ საღამოს გადმოგვეცა. საჯაროდ გავრცელებულ ვიდეომასალაზე აბსოლუტურად არაფერი ღირებული არ ჩანს. იქ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ვერც ერთი ვერ დავინახე. საქმეში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც ვახტანგ ჩიქოვანის მიერ ბრალად წარდგენილ ქმედებას დაადასტურებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს, პირიქით, საქმეში ყველა მტკიცებულება ცალსახად უთითებს იმას, რომ ვახტანგ ჩიქოვანი არის დაზარალებული და მასზე ძალადობა განხორციელდა. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ის უდანაშაულოა და მასზე ძალადობა განხორციელდა" , - აცხადებს არჩილ ბერიანიძე.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული 17 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მცხეთის სასამართლო მსხჯელობს. სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება.

პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს ბრალდება წარუდგინა ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“.

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

"ინტერპრესნიუსი"