"დაკავებაც და პატიმრობაც არის უკანონო, გავასაჩივრებთ" - რას აცხადებს ვახტანგ ჩიქოვანისა და ნიკა ჟვანიას ადვოკატი - კვირის პალიტრა

"დაკავებაც და პატიმრობაც არის უკანონო, გავასაჩივრებთ" - რას აცხადებს ვახტანგ ჩიქოვანისა და ნიკა ჟვანიას ადვოკატი

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ვახტანგ ჩიქოვანისა და ნიკა ჟვანიას ადვოკატის არჩილ ბერიანიძის განცხადებით, ისინი სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირების დაკავების არავითარი საფუძველი არ არსებობს.

"პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, რადგან ჩვენი პოზიცია იგივეა, საქმეში არ არსებობს ფორმალური და ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც დაკავებულ პირებს უნდა შეფარდებოდათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. ჩვენი არგუმენტები გახლავთ ის, რომ საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს. გარდა ამისა, ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირები მაქსიმალურად თანამშრომლობენ გამოძიებასთან, მათ ინტერესში შედიოდა აღნიშნულ საქმეზე სიმართლის დადგენა. იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირების დაკავების საფუძველი არ იყო, მათი წინარე ქმედებებიდან გამომდინარე, დაკავებაც და პატიმრობაც არის უკანონო"-აცხადებს არჩილ ბერიანიძე.

ცნობისთვის, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

"ინტერპრესნიუსი"