"თუ ექსპერტიზით დადგინდა, რომ დაზიანებები სიცოცხლის დროინდელია, გამოდის, ვიღაცას უცემია ან მოუკლავს და გადაუგდია" - კვირის პალიტრა

"თუ ექსპერტიზით დადგინდა, რომ დაზიანებები სიცოცხლის დროინდელია, გამოდის, ვიღაცას უცემია ან მოუკლავს და გადაუგდია"

"ეტყობა, გიორგი სიღრმეში ჩავიდა. ხიდებთან დამრეცი ფერდობი იწყება. თუ ვივარაუდებთ, რომ გიორგის ხელჩანთა იქ მისი დადებულია, მაშინ გამოდის, რომ ამ დაღმართზე კოტრიალით ჩავიდა და მდინარის ნაპირზე მოხვდა. ამის შემდეგ ჭირს ვითარების ზუსტი ანალიზი - რანაირად შეიძლებოდა აღმოჩენილიყო მდინარის კალაპოტში. გიორგიმ ცურვა არ იცოდა, ამიტომ ყველაზე ნაკლებად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის წყალში გადახტა. რჩება ორი ვერსია: თუ ექსპერტიზით დადგინდა, რომ დაზიანებები სიცოცხლის დროინდელია, გამოდის, ვიღაცას უცემია ან მოუკლავს და გადაუგდია; თუ დაზიანებები სიცოცხლის დროინდელი არ აღმოჩნდა, მაშინ ბავშვმა შიშისგან რაღაც შეცდომა დაუშვა, ამოფარება სცადა იქ, სადაც არაგვი ღრმაა და შეიძლება ფეხი დაუცდა..."

სასამართლომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 17 პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ყველა მათგანს წარედგინა ბრალდება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძალადობაში მონაწილეობისა და ჯგუფურად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტებზე. პროკურატურის ინფორმაციით, ცემისა და თავდასხმის ფაქტები დასტურდება შემთხვევის ადგილზე მყოფთა გამოკითხვით და სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერებით, რომელიც უწყებამ გაავრცელა. ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზის დადგენის მიზნით.

მოვლენები 18 ივნისს მცხეთაში ასე განვითარდა:

ანა გაბეჩავამ დაბადების დღის აღსანიშნავად სამხედროს ქუჩა #76-ში მდებარე სახლი იქირავა და მეგობრები დაპატიჟა. როგორც ჩანს, შეკრებილთაგან ბევრი ერთმანეთს არ იცნობდა. ახალგაზრდების ორ ჯგუფს, კერძოდ, საბურთალოელებსა და ნახალოვკელებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაახლოებით 23:00 საათზე დაიწყო. ერთი ვერსიით, ახალგაზრდები შეკამათდნენ დიჯეი კოკო ღიბრაძის გამო, რომელიც წვეულებაზე საბურთალოელმა მეგობრებმა მიიყვანეს, როგორც დიჯეი. მალე კამათი ჩხუბში გადაიზარდა. სამმა ახალგაზრდამ ორ თანატოლს სცემა. ნაცემია ნახალოვკელი ვახო ჩიქოვანი და მისი არასრულწლოვანი მეგობარი. გამოძიების ინფორმაციით, ნაცემმა ჩიქოვანმა და მისმა მეგობრებმა შურისძიების მოტივით გადაწყვიტეს ჯგუფის შეკრება. როგორც ამბობენ, სწორედ ჩიქოვანმა დარეკა დახმარებისთვის თავის უბანში. ნაძალადევში მცხოვრებ ხუთ ახალგაზრდას ბრალად ედება დანაშაულის დაგეგმვა. მათ შორის არიან ვახო ჩიქოვანი და ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილი, რომელიც ასევე იყო წვეულებაზე. ჩიქოვანი და ტატიაშვილი თავიანთი ავტომობილებით თანმხლებ პირებთან ერთად თბილისში წავიდნენ, ხოლო მათი ორი მეგობარი - ლ.შ. და გ.მ. აგარაკზე დარჩნენ, რომ პერიოდულად მეგობრებისთვის ინფორმაცია მიეწოდებინათ. გამოძიების ცნობით, თბილისში ჩასულებმა უბანში დახმარებისთვის მიაკითხეს უფროს, 24-25 წლის ახალგაზრდებს, რომელთა შორის სამი - ვასილ მახარაძე, არჩილ გაგნიძე და ნიკა ჟვანია - მორაგბეა, მალე კი მათთან ერთად მანქანებით მცხეთისკენ გაბრუნდნენ. ძიუდოისტი ტატიაშვილი თავისი ვერცხლისფერი "მერსედესის" საჭესთან იჯდა და პირველი სწორედ მისი ავტომობილი გამოჩნდა ავტობანზე, სადაც შეხლა-შემოხლა მოხდა. ირკვევა, რომ ამ მანქანაში მყოფი ერთი პირი რკინის ხელკეტით იყო შეიარაღებული.

როცა "მერსედესი" ავტობანზე გამოჩნდა, გზაზე ექვსი ახალგაზრდა იდგა. ისინი აგარაკიდან თბილისში დაბრუნებას ცდილობდნენ. გიორგი შაქარაშვილი, მისი მეგობარი გურამ (გუკა) ამირხანაშვილი, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე, საბურთალოელი გიორგი ქათამაძე, ვახო ახვლედიანი და დიჯეი კოკო ღიბრაძე გამვლელი მანქანის გაჩერებას ცდილობდნენ, რადგან ტაქსის გამოძახება ვერ შეძლეს. სწორედ მათ დაესხნენ თავს ტატიაშვილის "მერსედესიდან" გადმოსული ახალგაზრდები.

ყველა დაკითხული აცხადებს, რომ შაქარაშვილს აგარაკზე კონფლიქტი არავისთან მოსვლია, მაგრამ ის კონფლიქტის მონაწილეებთან ერთად აღმოჩნდა ავტობანზე.

გამოძიების მტკიცებით, "მერსედესიდან" გადმოსულები გაუსწორდნენ გიორგი ქათამაძეს, ვახო ახვლედიანსა და კოკო ღიბრაძეს, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე, გუკა ამირხანაშვილი და გიორგი შაქარაშვილი გაიქცნენ, "მერსედესმა" კი ანგარიშსწორების შემდეგ იქაურობა დატოვა. როგორც ჩანს, გიორგი ქათამაძე ძალიან იყო ნაცემი და თავდამსხმელების წასვლის შემდეგ შაქარაშვილი, ამირხანაშვილი და ახვლედიანი მის დასახმარებლად ავტობანზე დაბრუნდნენ, მაგრამ მალე იმ ადგილზე მეორე მანქანა, შავი "ტოიოტა ქამრი" გამოჩნდა, რომელშიც ექვსი პირი იჯდა, მათ შორის - აგარაკზე ნაცემი ვახტანგ ჩიქოვანი. საფრთხის თავიდან ასარიდებლად შაქარაშვილი, ამირხანაშვილი, ქათამაძე და ახვლედიანი საავტომობილო გზაზე გაიქცნენ და გზის მოპირდაპირე მხარეს გადავიდნენ, მერე კი ბუჩქნარისკენ დაეშვნენ. სამი მათგანი ბუჩქნარში დაიმალა, შაქარაშვილი კი მდინარე არაგვის მიმართულებით გაიქცა. მას შემდეგ ის გუკა ამირხანაშვილს აღარ დაუნახავს. ბუჩქებიდან ამირხანაშვილი მომხდურებმა გამოიყვანეს, "ტოიოტა ქამრიში" ჩასვეს და თბილისში წამოიყვანეს. სწორედ ამიტომ ამ მანქანაში მსხდომ ექვს დაკავებულს პროკურატურა ამირხანაშვილისთვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთას ედავება. ამირხანაშვილს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ის ჩვენებაში ამბობს, რომ დაზიანებები მაშინ მიიღო, როცა ბუჩქებში იმალებოდა და არავის უცემია, თუმცა ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე ლაპარაკობს...

"არადა, საერთოდ სხვა "სასტავი" ვიყავით"

საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძეა. ამბობს, რომ სურათების გადასაღებად იყო მიწვეული. "წვეულებაზე საღამოს 11:00 საათზე მივედი. 15 წუთში ჩხუბი დაიწყო. რატომ, აზრზე არ ვარ. არც ის ვიცი, ვინ ჩხუბობდა. გიორგი შაქარაშვილი ჩხუბში არ მონაწილეობდა, შიგნით იყო. კონფლიქტის შემდეგ ექვსი ბიჭი წამოვედით. იუბილარს ნერვები მოეშალა, ასეთი რაღაც რომ მოხდა. ტიროდა, ძლივს დავაწყნარეთ. ყველა წადითო... ტაქსი ვერ გამოვიძახეთ და ავტობანზე დავდექით. ამ დროს გაჩერდა მანქანა და გადმოვიდა, სავარაუდოდ, ხუთი კაცი. შეიძლება ოთხიც, ზუსტად არ დამინახავს. ერთს რკინის ხელკეტი ეჭირა, მეორემ დიდი ქვა აიღო და წამოვიდა, რომ ჩემთვის დაერტყა... ამათ ეგონათ, ჩვენ ისინი ვიყავით, ვინც იჩხუბა, არადა, საერთოდ სხვა "სასტავი" ვიყავით... მოკლედ ყველა გავიქეცით. სამი - ხიდისკენ. ერთი იქვე ბუჩქებში დაიმალა... მე ღობეზე გადავხტი. მიტოვებული შენობის მეორე სართულზე ავედი და დავრეკე პოლიციაში. ვუთხარი, რაც მოხდა და არაგვის ხიდზე მოდით-მეთქი. როცა ყველაფერი მორჩა, პოლიცია მერე მოვიდა...

ჩავდიოდი, რომ მენახა და დავხმარებოდი ნაცემებს და ამ დროს უცებ მეორე მანქანა მოვიდა. ისევ უკან ავბრუნდი, რომ არ დავენახე... როცა არავინ იყო გზაზე, მანქანაც არ დადიოდა (პირველი საათი და რაღაც წუთები იყო), გადავედი ბათუმისკენ მიმავალ მხარეს და ავედი ტყეში. ისევ დავრეკე პოლიციაში, აღარაფერი ხდება და შეგიძლიათ, გააუქმოთ-მეთქი. იქიდან რომ ჩამოვედი, მაშინ მოვიდა პოლიცია. მოვუყევი, რაც მოხდა. მორჩა ყველაფერი, ერთადერთი, შეგიძლიათ თბილისში წამიყვანოთ-მეთქი".

ბრეგვაძე ამბობს, რომ მას არ დაუნახავს, სად გაიქცა გიორგი შაქარაშვილი...

ბრალდებულ ძიუდოისტს, გიგა ტატიაშვილს დანაშაულის ორგანიზებაშიც ედება ბრალი - ის ჯერ აგარაკზე მომხდარ კონფლიქტში მონაწილეობდა, მერე კი ავტომაგისტრალზე თავისი "მერსედესით" მივიდა. ტატიაშვილის მეგობრის, ასევე ბრალდებულ თენგო ბარბაქაძის მამაც ამბობდა, რომ ტატიაშვილი და მისი შვილი სიტუაციას გამოერიდნენ და თბილისში ტატიაშვილის "მერსედესით" წამოვიდნენ, ცოტა ხანში კი უკან დაბრუნდნენ მეგობრების წამოსაყვანად, მაგრამ როგორც საქმის მასალებით ჩანს, ტატიაშვილი თბილისიდან საქმის გასარჩევად წასული ნახალოვკელების ჯგუფთან ერთად დაბრუნდა უკან.

დაკავებული 17-ივე პირი ბრალს უარყოფს

გიორგი ყიფშიძე, გიორგი ტატიაშვილის ადვოკატი: "გიორგი ბრალს არ ეთანხმება და არ აღიარებს... ყველა მოწმე ამბობს, რომ მას ხელი არ დაუკარებია არავისთვის და ზედმეტი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს. არსად მსგავსი ფაქტი, რომ ვინმეს მიუახლოვდა, არ არსებობს. ყველგან განცალკევებით დგას და არ მოქმედებს. მას მცხეთიდან თანაკლასელების ჩამოყვანა სთხოვეს და ამისთვის ჩაიყვანეს იქ, მერე კი შეეჩეხა ამ კონფლიქტს... ის მხოლოდ ხიდის ეპიზოდს შეესწრო. ე.წ. ოქროს მოწმემ ამოცნობისას მასზე თქვა, ეს ის ბიჭია, რომელიც მანქანიდან პირველი გადმოვიდა და გვერდით დადგა... ჩვენ არც მოგვკარებიაო. ყველაზე უცნაური, იცით, რა არის? ამ საქმით იმას კი არ ცდილობენ, გაარკვიონ, შაქარაშვილს რა მოუვიდა, ისჯება 17 აბსოლუტურად სხვა ადამიანი და შაქარაშვილის თემა ცალკეა დარჩენილი. ჩემი დასაცავის ჩვენებებით მოეფინა სინათლე ყველაფერს. რადგან ბრალს არ აღიარებს, არ ნიშნავს, რომ გამოძიებასთან არ თანამშრომლობს. მას წარმოდგენა არა აქვს, ვინ არის გიორგი შაქარაშვილი".

დაკავებული 17 პირიდან 6 არასრულწლოვანია. ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა, თამაზ ხომასურიძე, შვილის მონათხრობზე დაყრდნობით ჰყვება: "საბურთალოელებსა და ნახალოვკელებს შორის დაიწყო კონფლიქტი, სადაც ვახო ჩიქოვანი ჩაერია გასაშველებლად. მას თავში ბლაგვი საგანი მოხვდა და თავი გაუტყდა. ჩემი ბიჭი იყო შიგნით, ბარში. როდესაც ყველა გარეთ გავიდა, მეც გავყევიო, თქვა, მაგრამ რაღაცამ იმოქმედა, ცუდად გავხდი და იქვე ხეს მივეყუდე, 5-10 წუთში კი ყველაფერი დამთავრდა, ჩემი ძმაკაცი ვახო ჩიქოვანი მოვიდა, ამაყენა და მანქანაში ჩამსვაო...

...ჩემი შვილი ამბობს, ავტობანზე ძილბურანში ვიყავი, უცებ მანქანა გაჩერდა, ყველანი გადახტნენ და გარბოდნენ, მეც გავეკიდე, ავარია მეგონაო... დავეწიე და ვეკითხები, რა ხდება-მეთქი. გადავირბინეთ შუა გაზონი და იქ რომ მივირბინეთ, ბიჭები აღარ იყვნენ, მითხრეს, დაიმალნენო, ანუ დაინახეს, რომ მივრბოდით და დაიმალნენო. ბიჭებმა მითხრეს, წადი, შენ მანქანა მოიყვანე და ჩვენ ამათ ვნახავთ, აქ თუ არიანო. წავედი, მანქანა მოვიყვანე. ამ დროს უკვე ის ბიჭი (გუკა ამირხანაშვილი) იპოვეს და ბუჩქებიდან ამოიყვანესო. უთხრეს, ნუ გეშინია, არაფერს დაგიშავებთ, კარგი ხალხი ვართო. ჩავისვით მანქანაში და ვუთხარით, თუ გინდა, მოძებნე შენი მეგობარი და ერთად წაგიყვანთ, ჩვენ მოგეხმარებით მოძებნაშიო. შეშინებული იყო ეს ბიჭი და უთქვამს, არა, წამიყვანეთ, ჩემი ძმაკაცი თვითონ მიხედავს თავსო. გვითხრა, დიდუბეში დამტოვეთო... შაქარაშვილი ჩემს ბიჭს არ უნახავს. პირველად ნახა მისი სურათი და აუტყდა ტირილი, როგორ მოკვდა ჩვენ გამოო".

თამაზ ხომასურიძე სამართალდამცავებს შვილზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს. მისმა ადვოკატმა სარჩელიც კი შეიტანა სახელმწიფო ინსპექტორთან პოლიციელების დასჯის მოთხოვნით.

გიორგი გელხაური, თამაზ ხომასურიძის ადვოკატი: "[გვაქვს] ყველა ინფორმაცია და ყველა მაიდენტიფიცირებელი ნიშანი იმ პოლიციელისა, რომელმაც მოახდინა არასრულწლოვანზე ზეწოლა. მან ბავშვს ძლიერად ჩაარტყა თავში, როცა რაღაცაზე უთხრა, რომ ისე არ იყო. ამ პოლიციელს მისგან უნდოდა მიეღო სასურველი ჩვენება. მერე, როცა გაიყვანეს შემთხვევის ადგილზე, ხიდთან, მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა - ზურგში ჩაარტყა მუშტი...

არც ერთი მოწმე არ ამბობს, რომ ჩემი დასაცავი არასრულწლოვანი კონფლიქტში მონაწილეობდა, ეს არც კადრებში ჩანს... ხელთ მაქვს გუკა ამირხანაშვილის გამოკითხვის ოქმები, სადაც ის ამბობს, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ წაიყვანეს პირებმა, რომლებიც მცხეთასთან, ხიდთან შეხვდნენ... არის მეორე ჩვენებაც, სადაც ამბობს, რომ მის მიმართ იძულება არ ყოფილა. ამირხანაშვილმა არაერთი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება მისცა. რომელ ჩვენებას დაუჯერა პროკურატურამ? არც ერთ ჩვენებაში არ ამბობს, რომ ავტომობილში მას შეურაცხყოფა მიაყენეს... არასრულწლოვანს რომ ბრალს წაუყენებ მუხლით, რომელიც 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მის ინტერესებს არ ვითვალისწინებთ".

დაკავებულთა შორის ასევე არიან საბა ჩხარტიშვილი, ირაკლი მუმლაძე, "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელი ირაკლი წაქაძე და სხვები. არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატიც უარყოფდა კონფლიქტში მათ მონაწილეობას, თუმცა ისინი დღეს განსასჯელის სკამზე სხედან...

მათი ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ირწმუნება, რომ ისინი თბილისიდან სიტუაციის განსამუხტავად ჩავიდნენ. "ის ერთი, რომელიც ტრასაზე დარჩა, ჩაისვეს მანქანაში ("ტოიოტა ქამრიში") და თბილისში წამოიყვანეს, თან ამშვიდებდნენ. ჩემს დასაცავებს შაქარაშვილი არ დაუნახავთ. რაც შეეხება მანამდე მისულ "მერსედესს", ვადასტურებ, რომ "ტოიოტასა" და "მერსედესში" მსხდომები ერთმანეთს იცნობენ - ყველანი ნახალოვკელები არიან და ეს ორი მანქანა მცხეთაში სიტუაციის განსამუხტავად ჩავიდა".

ტატიაშვილის მეგობრის, თენგიზ ბარბაქაძის ადვოკატ გიორგი ფოფხაძის ინფორმაციით, აგარაკის ინციდენტში შაქარაშვილი არ მონაწილეობდა და მის დასაცავს იგი არც ხიდთან დაპირისპირებისას შეუმჩნევია: "თენგო ბარბაქაძე მონაწილეობდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, მაგრამ ძალადობა აგარაკზე ჯერ მის მიმართ განხორციელდა. მერე დაპირისპირება ხიდზეც მოხდა. ხიდის ინციდენტი შეიძლება დავყოთ რამდენიმე ეტაპად, რადგან იქ რამდენიმე მანქანა მონაწილეობდა. არ ვიცით, ამ დროს სად იყო შაქარაშვილი. ის ბარბაქაძეს არ დაუნახავს და რომც დაენახა, მის მიმართ პრეტენზია არ ექნებოდა, ვინაიდან ის არ იყო მათ შორის, ვინც თენგო და მისი მეგობრები სცემა".

საბა ჩხარტიშვილსაც ძალადობა ედება ბრალად. მისი ადვოკატი დავით ჭიკაიძე ამბობს, რომ შაქარაშვილის ტრაგედიასთან დაკავშირებით ბრალში არაფერია ნათქვამი. მისი დასაცავი ბრალს არ აღიარებს.

გუკა ამირხანაშვილთან ერთად დაზარალებულად არის ცნობილი რამდენიმე პირი, მათ შორის - ვახო ახვლედიანი. ფაქტს მისი ადვოკატი მზია ქასრაშვილი ადასტურებს: "მას ცხვირი და შუბლი აქვს გატეხილი. ეს დაზიანებები მეორე ეპიზოდში მიიღო. ვინ მიაყენა დაზიანებები, ვერ ასახელებს, იმიტომ, რომ ღამე იყო. ვიღაცამ ჩაარტყა, არ ვიცი, მუშტი იყო თუ ხელში რაიმე ჰქონდა... საბურთალოს ჯგუფმა მიიყვანა დიჯეი, რომელსაც ელექტრონული მუსიკა კარგად ესმის. მათ იქ დახვდათ ნახალოვკის ჯგუფი, რომლებიც უკვე მთვრალები იყვნენ და მოხდა კონფლიქტი. ისიც ჩანს, რომ მათ დაიწყეს გოგონების შევიწროებაც. ჩხუბი ავტობანზე გაგრძელდა".

განიხილება კიდევ ერთი ვერსია, თითქოს ნახალოვკელებსა და საბურთალოელებს შორის კონფლიქტი მოჰყვა კითხვას: "ბიჭო, შენ რომელუბნელი ხარ?" კითხვის ადრესატს უპასუხია, საბურთალოელი ვარო. "უცხოდ ხარ აქ?" - უთქვამს ნახალოვკელს, რასაც გინება და ჩხუბი მოჰყვა.

"ვისი ხელიც ურევია ამ საქმეში, ყველა უნდა დაისაჯოს!"

გარდაცვლილი ბიჭის ბიძა, იურისტი მირიან ნიკოლაძე ელოდება გამოძიების დასრულებას: - გიორგი იმ სუფრაზე ორი საათის დაგვიანებით მივიდა მეგობარ გუკა ამირხანაშვილთან ერთად. როგორც ვიცი, კონფლიქტი დიჯეის გამო მოხდა, ამაში გიორგის მონაწილეობა არ მიუღია. დედამისი ბოლოს ღამის პირველ საათზე ელაპარაკა და მაშინ ყველაფერი კარგად იყო. მერე ერთად გამოვიდნენ ავტობანზე გიორგი, გუკა, ფოტოგრაფი, კიდევ ერთი ახალგაზრდა და ის ორი პირი, რომლებიც ჩხუბში იყვნენ გარეული. სწორედ ამ დროს მიუახლოვდა მათ "მერსედესი" და იქიდან გადმოსულმა ბიჭებმა სცემეს ის ბიჭი, ვისთანაც აგარაკზე კონფლიქტი მოუხდათ. ამის შემხედვარე დანარჩენები ხიდის მიმართულებით გაიქცნენ. მერე, მანქანა რომ წავიდა, როგორც ჩანს, არ მიატოვეს ის ნაცემი ბავშვი და დასახმარებლად უკან მობრუნდნენ. ამ დროს მოადგათ კიდევ ერთი მანქანა - "ტოიოტა". ისევ გაიქცნენ. გუკა ამბობს, რომ გიორგი ყველაზე წინ მირბოდა, თვითონ კი იქვე დაიმალა ბუჩქებში, მაგრამ მაინც დაიჭირეს. სხვები გაიქცნენ.

ეტყობა, გიორგი სიღრმეში ჩავიდა. ხიდებთან დამრეცი ფერდობი იწყება. თუ ვივარაუდებთ, რომ გიორგის ხელჩანთა იქ მისი დადებულია, მაშინ გამოდის, რომ ამ დაღმართზე კოტრიალით ჩავიდა და მდინარის ნაპირზე მოხვდა. ამის შემდეგ ჭირს ვითარების ზუსტი ანალიზი - რანაირად შეიძლებოდა აღმოჩენილიყო მდინარის კალაპოტში. გიორგიმ ცურვა არ იცოდა, ამიტომ ყველაზე ნაკლებად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის წყალში გადახტა. რჩება ორი ვერსია: თუ ექსპერტიზით დადგინდა, რომ დაზიანებები სიცოცხლის დროინდელია, გამოდის, ვიღაცას უცემია ან მოუკლავს და გადაუგდია; თუ დაზიანებები სიცოცხლის დროინდელი არ აღმოჩნდა, მაშინ ბავშვმა შიშისგან რაღაც შეცდომა დაუშვა, ამოფარება სცადა იქ, სადაც არაგვი ღრმაა და შეიძლება ფეხი დაუცდა...

მე დავათვალიერე ის ადგილები, რაც იმ საბედისწერო დღეს გიორგიმ გაიარა. ძალიან გამიჭირდა იქ მისვლა და მან სიბნელეში როგორ ჩაიარა?! დაზიანებები რომ აქვს, ბუნებრივია - სამი დღე მდინარეში იყო ბავშვი, მაგრამ მთავარია, გაირკვეს, რით მიადგა - ეს არის სიკვდილამდე მიყენებული, თუ წყლის დინებით გამოწვეული.

ვისი ხელიც ურევია ამ საქმეში, ყველა საკადრისად უნდა დაისაჯოს! თუ გიორგი არავის მოუკლავს, რაც ჩაიდინეს, იმაზე უნდა აგონ პასუხი. სიმართლე გაირკვევა, თუმცა ამ ტკივილს ვერაფერი მოაშუშებს. მიუხედავად იმისა, რომ მე მასზე უფროსი ვარ, კარგი მეგობრები ვიყავით. ზრდილობიანი, უკონფლიქტო, სერიოზული სპორტსმენი... ძალიან კარგად თამაშობდა, უცხოეთიდან მოწვევა ჰქონდა და წასვლა უნდოდა... განადგურებულები ვართ. სრულიად უდანაშაულო ბავშვი შეეწირა ადევნებას, შიშს, კონფლიქტს, რომელშიც არ მონაწილეობდა... სამწუხაროდ, ამ სიკვდილის მანქანას ჩვენ ვერ გავაჩერებთ, ისევ მოგვიწევს ამ საფრთხის პირისპირ ცხოვრება და ეს არის მწარე რეალობა, რადგან ბავშვებს არავინ ჰყავთ ჩამაგონებელი, რომ ძალადობა ყველაზე დიდი სირცხვილია! არ შეიძლება ძალადობა იქცეს ნორმად! მშობლები ძალიან დაშორდნენ შვილებს და ასეთი უმძიმესი ტრაგედიები ხდება...

რას ამბობს ექსპერტი

ჯერჯერობით უცნობია პასუხი მთავარ კითხვაზე: რას ემსხვერპლა 19 წლის ახალგაზრდა? ფეხბურთელს მრავლობითი და მძიმე დაზიანებები, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. ამაზე ლაპარაკობს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ "ვექტორის" ხელმძღვანელი ალექსანდრე გეჯაძე: "სხეულს გარეგნულად აღენიშნება მრავლობითი დაზიანება, კერძოდ, ბლაგვი საგნით მიყენებული ტრავმები თავის, სახის, სხეულის სხვადასხვა მიდამოში. ექსპერტიზით უნდა დადგინდეს, სიცოცხლის დროინდელია თუ არა ტრავმები... ცოცხალი მოხვდა წყალში და ასფიქსიით გარდაიცვალა, თუ ბლაგვი საგნის შედეგად... დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ".

რას წერს ჩვენებაში ბრალდებული მორაგბე

ვასილ მახარაძე: "ვინაიდან ფხიზელი ვიყავი, დავჯექი ვახო ჩიქოვანის ავტომანქანის საჭესთან. ასევე მანქანაში ჩასხდნენ არჩილ გაგნიძე, ნიკუშა რევაზიშვილი, ვახო ჩიქოვანი და მასთან ერთად მყოფი კიდევ ორი პირი. ანუ სულ თბილისიდან საგურამოს მიმართულებით წავედით ექვსნი. იმ სახლში, სადაც იყო დაბადების დღის წვეულება, უნდა გვენახა ჩიქოვანის ძმაკაცები და წამოვსულიყავით უკან... მივედით იმ სახლში, მაგრამ არავინ დაგვხვდა. ამის შემდეგ ისევ ჩავსხედით მანქანაში და გზა გავაგრძელეთ დასავლეთის მიმართულებით, სადაც პირველივე ესტაკადასთან მოვტრიალდით და წამოვედით თბილისისკენ. ავტობანზე, ბენზინგასამართ "რომპეტროლსა" და მცხეთის გადასახვევს რომ გავცდით, ხიდთან შევნიშნეთ გზაზე მოძრავი ოთხი პირი, გავაჩერეთ მანქანა.

მუხრუჭის გაგონებაზე ოთხივე უკან გაიქცა. ყველანი გადმოვედით მანქანიდან და მათ ვუყვიროდით, რომ გაჩერებულიყვნენ და ნურაფრის ნუ ეშინოდათ, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც გარბოდნენ. მე იქვე დავარღვიე წესი, დავატრიალე მანქანა და გავეკიდე მათ საპირისპირო მიმართულებით, რადგან გვინდოდა ამ ახალგაზრდების შეჩერება და მათთან მშვიდად საუბარი. როდესაც გავჩერდი და გადმოვედი მანქანიდან, დავინახე, რომ ყველა მათგანმა გადაკვეთა ავტობანი და გადავიდა საპირისპირო მხარეს. მე, ვახო ჩიქოვანი და მისი ერთი ძმაკაცი ჩავსხედით ასევე მანქანაში საპირისპირო მხარეს მოსახვედრად, ხოლო აჩიკო გაგნიძე, ნიკა რევაზიშვილი და ვახოს ერთი ძმაკაცი მისდევდნენ იმ პირებს და ეძახდნენ, გაჩერებულიყვნენ, ჩვენ კი ამასობაში მოვატრიალეთ მანქანა და აღმოვჩნდით საპირისპირო მხარეს. ამ დროს იქნებოდა დაახლოებით ღამის პირველი საათი. როდესაც ახლოს მივედით, დავინახე ჩემი მანქანის წევრებს ბუჩქებიდან ამოყვანილი ჰყავდათ ერთი პირი, რომელსაც ესაუბრებოდნენ და ამშვიდებდნენ (გულისხმობს გუკა ამირხანაშვილს - ავტ.). ამ ბიჭის თქმით, მას ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღია და იყო ფეხბურთელი. ჩვენს შეკითხვაზე, თუ სად იყვნენ დანარჩენები, თქვა, რომ სადღაც გაიქცნენ და კონკრეტულ ადგილს ვერ გვეუბნებოდა. ასევე თქვა, რომ იყო დაბადების დღეზე მეგობართან, გიორგი შაქარაშვილთან ერთად და მას ვერ პოულობდა, ხოლო დანარჩენ ორს არ იცნობდა. ჩვენ ყველამ ამ ბიჭს ვუთხარით, რომ დაერეკა თავის მეგობარ გიორგისთან და ისიც წაგვეყვანა თბილისში. რაზეც მან განმარტა, რომ გიორგის თან არ ჰქონდა ტელეფონი. ამის შემდეგ ყველანი მანქანაში ჩავსხედით და თბილისში წამოვედით. ეს ბიჭი თავისი თხოვნით ჩამოვსვით "სამთო ქიმიის" მიმდებარედ.

ჩვენ წავედით ნახალოვკაში. შემდგომ უბანში ბიჭებისგან შევიტყვე, რომ ბიჭი, ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი დაკარგული იყო. უშუალოდ ადგილზე რა მოხდა, ჩემთვის უცნობია, რადგან მე, ვახო ჩიქოვანმა და მისმა ერთმა ძმაკაცმა მანქანა მოვატრიალეთ და წამოვედით საპირისპირო მიმართულებით, სადაც მხოლოდ დაკარგული შაქარაშვილის მეგობარი ვნახეთ".

"კვირის პალიტრა" სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.

იხილეთ ასევე: "არავის ვაპატიებ შენ სიკვდილს, გპირდები"

თეა ხურცილავა