"მისდევდნენ იმ პირებს და ეძახდნენ, გაჩერებულიყვნენ" - რას ჰყვება ჩვენებაში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მორაგბე? - კვირის პალიტრა

"მისდევდნენ იმ პირებს და ეძახდნენ, გაჩერებულიყვნენ" - რას ჰყვება ჩვენებაში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მორაგბე?

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მათ შორისაა მორაგბე ვასილ მახარაძე, რომლის ჩვენებას გაზეთ "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნდა.

რას წერს ჩვენებაში ბრალდებული მორაგბე

ვასილ მახარაძე:

"ვინაიდან ფხიზელი ვიყავი, დავჯექი ვახო ჩიქოვანის ავტომანქანის საჭესთან. ასევე მანქანაში ჩასხდნენ არჩილ გაგნიძე, ნიკუშა რევაზიშვილი, ვახო ჩიქოვანი და მასთან ერთად მყოფი კიდევ ორი პირი. ანუ სულ თბილისიდან საგურამოს მიმართულებით წავედით ექვსნი. იმ სახლში, სადაც იყო დაბადების დღის წვეულება, უნდა გვენახა ჩიქოვანის ძმაკაცები და წამოვსულიყავით უკან... მივედით იმ სახლში, მაგრამ არავინ დაგვხვდა. ამის შემდეგ ისევ ჩავსხედით მანქანაში და გზა გავაგრძელეთ დასავლეთის მიმართულებით, სადაც პირველივე ესტაკადასთან მოვტრიალდით და წამოვედით თბილისისკენ. ავტობანზე, ბენზინგასამართ "რომპეტროლსა" და მცხეთის გადასახვევს რომ გავცდით, ხიდთან შევნიშნეთ გზაზე მოძრავი ოთხი პირი, გავაჩერეთ მანქანა.

მუხრუჭის გაგონებაზე ოთხივე უკან გაიქცა. ყველანი გადმოვედით მანქანიდან და მათ ვუყვიროდით, რომ გაჩერებულიყვნენ და ნურაფრის ნუ ეშინოდათ, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც გარბოდნენ. მე იქვე დავარღვიე წესი, დავატრიალე მანქანა და გავეკიდე მათ საპირისპირო მიმართულებით, რადგან გვინდოდა ამ ახალგაზრდების შეჩერება და მათთან მშვიდად საუბარი. როდესაც გავჩერდი და გადმოვედი მანქანიდან, დავინახე, რომ ყველა მათგანმა გადაკვეთა ავტობანი და გადავიდა საპირისპირო მხარეს. მე, ვახო ჩიქოვანი და მისი ერთი ძმაკაცი ჩავსხედით ასევე მანქანაში საპირისპირო მხარეს მოსახვედრად, ხოლო აჩიკო გაგნიძე, ნიკა რევაზიშვილი და ვახოს ერთი ძმაკაცი მისდევდნენ იმ პირებს და ეძახდნენ, გაჩერებულიყვნენ, ჩვენ კი ამასობაში მოვატრიალეთ მანქანა და აღმოვჩნდით საპირისპირო მხარეს. ამ დროს იქნებოდა დაახლოებით ღამის პირველი საათი. როდესაც ახლოს მივედით, დავინახე ჩემი მანქანის წევრებს ბუჩქებიდან ამოყვანილი ჰყავდათ ერთი პირი, რომელსაც ესაუბრებოდნენ და ამშვიდებდნენ (გულისხმობს გუკა ამირხანაშვილს - ავტ.). ამ ბიჭის თქმით, მას ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღია და იყო ფეხბურთელი. ჩვენს შეკითხვაზე, თუ სად იყვნენ დანარჩენები, თქვა, რომ სადღაც გაიქცნენ და კონკრეტულ ადგილს ვერ გვეუბნებოდა. ასევე თქვა, რომ იყო დაბადების დღეზე მეგობართან, გიორგი შაქარაშვილთან ერთად და მას ვერ პოულობდა, ხოლო დანარჩენ ორს არ იცნობდა. ჩვენ ყველამ ამ ბიჭს ვუთხარით, რომ დაერეკა თავის მეგობარ გიორგისთან და ისიც წაგვეყვანა თბილისში. რაზეც მან განმარტა, რომ გიორგის თან არ ჰქონდა ტელეფონი. ამის შემდეგ ყველანი მანქანაში ჩავსხედით და თბილისში წამოვედით. ეს ბიჭი თავისი თხოვნით ჩამოვსვით "სამთო ქიმიის" მიმდებარედ.

ჩვენ წავედით ნახალოვკაში. შემდგომ უბანში ბიჭებისგან შევიტყვე, რომ ბიჭი, ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი დაკარგული იყო. უშუალოდ ადგილზე რა მოხდა, ჩემთვის უცნობია, რადგან მე, ვახო ჩიქოვანმა და მისმა ერთმა ძმაკაცმა მანქანა მოვატრიალეთ და წამოვედით საპირისპირო მიმართულებით, სადაც მხოლოდ დაკარგული შაქარაშვილის მეგობარი ვნახეთ". წაიკითხეთ სტატია სრულად

იხილეთ ასევე: "ამ ინციდენტში მონაწილე ყველა სპორტსმენი უნდა იქნას სამუდამოდ დისკვალიფიცირებული"