"საბოლოოდ ყველა კილერი სიცოცხლეს ერთნაირად ამთავრებს" - ვინ არიან ადამიანები, ვინც საქართველოში, სავარაუდოდ, დაქირავებულ მკვლელებს ემსხვერპლნენ? - კვირის პალიტრა

"საბოლოოდ ყველა კილერი სიცოცხლეს ერთნაირად ამთავრებს" - ვინ არიან ადამიანები, ვინც საქართველოში, სავარაუდოდ, დაქირავებულ მკვლელებს ემსხვერპლნენ?

სულ ახლახან, სუს-ის ინფორმაციით, საქართველოში ქართველი ჟურნალისტის შეკვეთილი მკვლელობა აღკვეთეს, რომლის კვალიც, როგორც ამბობენ, რუსულ სპეცსამსახურებამდე მიდის. მანამდე კი, ამა წლის იანვარში, ასევე სუს-ის კონტრტერორისტულმა ცენტრმა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა თბილისში დაგეგმილი ორი პირის, ძმები ფეიქრიშვილების აფეთქებით მკვლელობა აღკვეთეს. თუმცა მსგავსად ყველას არ უმართლებს და ხშირად შემკვეთებს შეკვეთა ბოლომდე მიჰყავთ. გავიხსენოთ მკვლელობები ჩვენი უახლესი ისტორიიდან, რომელთა ხელწერა შეკვეთილ მკვლელობას ჰგავს და მათ უმრავლესობას, როგორც წესი, გახსნა არ უწერია.

სამწუხაროდ, შეკვეთილი მკვლელობის უმრავლესობა იმთავითვე გაუხსნელ საქმეთა კატეგორიაში გადაინაცვლებს. კილერის იდენტიფიცირება და შემდგომ მკვლელობის შემკვეთის გამოვლენა ძნელია. არცთუ იშვიათად დავალების შესრულების შემდგომ კილერსაც თავიდან იცილებენ. ეს საუკეთესო გამოსავალია არასასურველი მოწმის თავიდან მოსაშორებლად. როგორც წესი, პროფესიონალი კილერი კვალს არ ტოვებს. ზოგჯერ მკვლელობა იგეგმება და შესრულდება ისე, რომ ყოველგვარი ნიშნით თვითმკვლელობას ჰგავს და კვალს ურევს სამართალდამცავებს.

შეკვეთილი მკვლელობების ქრონიკა

ბესიკ ხარძიანის საქმე

2015 წლის 28 მარტს, 13:43 საათზე, საკუთარი სახლის სადარბაზოში ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი მოკლეს. საქმე რამდენიმე თვის შემდგომ გაიხსნა. ითქვა, რომ ბიზნესმენი უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეებმა, ფარიდ გურბანოვმა და ალექსანდრ დამეტოვმა შეკვეთით მოკლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ხარძიანის მკვლელობაში ბრალდებულ ორივე პირს 19-19 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. ბიზნესმენის მკვლელობის მოტივად ბიზნესდავა დასახელდა.

როგორც ცნობილია, ხარძიანების მეზობლებმა შენიშნეს მარაბდის ქუჩაზე მოძრავი შავი მოტოციკლეტი, რომელსაც შავჩაფხუტიანი მამაკაცი მართავდა. მოგვიანებით მოტოციკლეტი სამართალდამცავებმა მკვლელობის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. ხარძიანის ქალიშვილის განცხადებით, ჩაფხუტიანი მოტოციკლისტი მკვლელობამდე რამდენიმე დღის განმავლობაში დროდადრო ჩნდებოდა მათ ქუჩაზე, ანუ მკვლელი, სავარაუდოდ, მსხვერპლს უთვალთვალებდა. როგორც ეროსი კიწმარიშვილის საქმეში, ხარძიანის საქმეშიც კილერად ჩეჩნური წარმოშობის ახალგაზრდა მამაკაცი ფიგურირებდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მან საქართველო მკვლელობიდან ერთ საათში დატოვა - თბილისის აეროპორტიდან უკრაინაში გაემგზავრა.

ეროსი კიწმარიშვილის საქმე

2014 წლის 15 ივლისს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი საკუთარ ავტომანქანაში მოკლული იპოვეს.ეროსი კიწმარიშვილი

მართალია, სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა, მაგრამ ოჯახის წევრები დღემდე დარწმუნებული არიან, რომ ეროსი კიწმარიშვილი სწორედ შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლია. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტებმა კიწმარიშვილის პისტოლეტზე უცხო პირის დნმ-ის არსებობა დაადასტურეს, თუმცა დნმ-ის იდენტიფიცირება პროკურატურამ ვერ მოახერხა. გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება ჩრდილოკავკასიური გარეგნობის მამაკაცის ამოცნობაზე მუშაობს, რომელიც მკვლელობის ადგილზე იმყოფებოდა - ეს ავტოფარეხში დამონტაჟებულმა ვიდეოთვალმა დააფიქსირა.

ნინუების მკვლელობის საქმე

2009 წლის 13 ნოემბერს თბილისში 67 წლის თამაზ ნინუა და მისი მეუღლე, 64 წლის ეთერ ნინუა, მათივე ბინაში დახოცილი იპოვეს. ცოლ-ქმარს ჭრილობები თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდათ მიყენებული. ეთერ ნინუა საძინებელში იპოვეს, ხოლო თამაზ ნინუა სავარძელში იყო ჩაცხრილული.

თამაზ ნინუა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში უშიშროების მინისტრად მუშაობდა. გამოძიების დაწყებიდან ცხადი იყო ერთი რამ - მკვლელს ნინუები იცნობდნენ, თავად გაუღეს კარი და ბინაში შეიპატიჟეს.

როგორც ჩანს, მკვლელმა მტკიცებულების მოსპობაზეც იფიქრა - ცხედრების ირგვლივ, სავარძლებზე, კომპიუტერთან, ყველგან, სადაც შეიძლებოდა დამნაშავეს შეხება ჰქონოდა, დაფქული წიწაკა მოაყარა. მკვლელობის იარაღს ვერ მიაგნეს, თუმცა საქმეში დევს ორი მასრა, რომლებსაც ბალისტიკური ექსპერტიზა ჩაუტარდა. ეს არის უიშვიათესი მოდელის უხმო რევოლვერის მასრები, რომლებიც 2007 წელს მაღალდაძის მკვლელობისას გამოიყენეს. თამაზ ნინუა

მკვლელობიდან რამდენიმე დღეში, კერძოდ, 27 ნოემბერს, ძალოვნებმა განაცხადეს, რომ ცოლ-ქმრის მკვლელობაში ყოფილი ფეხბურთელი, 60 წლის თამაზ გოგია ამხილეს. გოგიას მეგობრისა და მისი მეუღლის მკვლელობა არ უღიარებია. 2017 წელს, 8-წლიანი პატიმრობის შემდეგ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გენერალ თამაზ ნინუასა და მისი ცოლის ეთერ ნინუას მკვლელობაში მსჯავრდებული თამაზ გოგია გაამართლა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ანგარების მიზნით განზრახ მკვლელობისთვის გასამართლებულ თამაზ გოგიას 17-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

იური ვაზაგაშვილის საქმე

2015 წლის 20 იანვარს კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე აფეთქების შედეგად გარდაცვლილი იპოვეს და ეს ფაქტი მისი ვაჟის, ზურა ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებას დაუკავშირეს. იური ვაზაგაშვილი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიებას 8 წელზე მეტია ითხოვდა. ზურა ვაზაგაშვილი 2006 წელს სპეცოპერაციის დროს პოლიციელის ტყვიისგან დაიღუპა.  იური ვაზაგაშვილი მკვლელობის საქმეზე პოლიციელი გია სოსანაშვილი დააკავეს. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. პროკურატურის მტკიცებით, სოსანაშვილზე დნმ-ის ანალიზის შედეგად გავიდნენ. 2015 წლის 6 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი სოსანაშვილი რამდენიმე მუხლით ცნო დამნაშავედ და 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

გენერალ სამსონ ქუთათელაძის საქმე

გასულ წელს, 15 იანვარს, რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზარში მისივე კაბინეტში ჩაცხრილეს ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი, პარლამენტის ყოფილი წევრი და გენერალი, 53 წლის სამსონ ქუთათელაძე. თავდასხმა დღისით, დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა. მკვლელი მიიმალა. ქუთათელაძის მკვლელობა ბიზნესდავას დაუკავშირეს. გენერლის ბიზნესპარტნიორი უზიელ ნონი დარწმუნებულია, რომ ის დაქირავებულმა მკვლელმა მოკლა.

17 იანვარს სამართალდამცავებმა ყოფილი პროკურორი გიორგი ჭანტურია დააკავეს. სისხლის სამართლის საქმე საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის მუხლით აღიძრა. რუსთავში მისი სახლის ჩხრეკისას "მაკაროვის" ტიპის იარაღის ცხრა ვაზნა ამოიღეს. გიორგი ჭანტურიას ადვოკატების თქმით, ის ერთ-ერთი ეჭვმიტანილი იყო და მას გენერლის მკვლელობის აღიარებას აიძულებდნენ. თვითმხილველების თქმით, ჭანტურია მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე შეხვდა ბიზნესმენს, რასაც არც ჭანტურია უარყოფს, თუმცა მკვლელობაში მონაწილეობას გამორიცხავს. გიორგი ჭანტურია ამ საქმეზე ორჯერ დააკავეს და მტკიცებულებების არარსებობის გამო გაათავისუფლეს.

დოდო გუგეშაშვილის ვაჟის საქმე

2018 წლის 7 თებერვალს, დილის 11 საათზე, დიღმის მასივში დოდო გუგეშაშვილის შვილი, ნოდარ გუგეშაშვილი მოკლეს. დოდო გუგეშაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი შვილის მკვლელი ვიღაცის დაკვეთას ასრულებდა. ამ საქმეზე ძალოვნებმა 45 წლის ზაზა მურჯიკნელი დააკავეს და მას უმძიმესი ბრალდება წაუყენეს - დოდო გუგეშაშვილის მკვლელობის მცდელობა და მისი ვაჟის, 33 წლის გრიგოლ (ნოდარ) გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობა. დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 2018 წლის 7 თებერვალს დოდო გუგეშაშვილის დროებით საცხოვრებელ ბინაში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა დოდო გუგეშაშვილი და მისი შვილი გრიგოლ გუგეშაშვილი, რომელიც გარდაიცვალა. თავდასხმისას დოდო გუგეშაშვილმა სახლიდან გამოსვლა მოასწრო და სადარბაზოში დახმარება ითხოვა. მეზობლები მის გადარჩენას ცდილობდნენ და სწორედ ამ დროს ჩაირბინა კიბეზე დამნაშავემ. ფილტვში დაჭრილი დოდო გუგეშაშვილი გადაარჩინეს. მაშინ ის ამბობდა, რომ მკვლელი რამდენიმე თვით ადრე ზურად გაეცნო და მას რამდენჯერმე შეხვდა, რომ სწორედ ის იყო კილერი. ამ საქმეზე უამრავი ვერსია გავრცელდა, ოფიციალური კი ჯერ ცნობილი არ არის. ზაზა მურჯიკნელი ე.წ. მუხროვანის ამბოხის საქმეშიც ფიგურირებდა და 2009 წელს გაასამართლეს, თუმცა მოგვიანებით პოლიტპატიმრების სიაში აღმოჩნდა და 2013 წლის 13 იანვარს გლდანის მერვე დაწესებულება დატოვა.

აღნიშნულ დანაშაულსაც შეკვეთილი მკვლელობის სტატუსი მიეცა.

"გამოძიებამ და სასამართლომ უნდა თქვან, იყო თუ არა მკვლელობა შეკვეთილი"

kvirispalitra.ge ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს ყოფილ უფროსს კახა ჩიხლაძეს ესაუბრა:

- დანაშაულს შეკვეთილი მკვლელობის კვალიფიკაცია იმის მიხედვით ხომ არ ენიჭება, რამდენად სუფთადაა მკვლელობა შესრულებული? კახა ჩიხლაძე

- ყველა დანაშაული ინდივიდუალურია და ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, იმის თქმა, მკვლელობა შეკვეთილიაო, სისულელეა. თუ მართლა ასეა, გამოძიების მიმდინარეობისას გამოიკვეთება, როცა საქმეს შეისწავლიან და მტკიცებულებებიც იქნება. შეკვეთილი მკვლელობა შეიძლება არც იყოს სუფთად შესრულებული და უამრავი კვალიც იყოს დატოვებული, გააჩნია, შემსრულებელი რა დონის პროფესიონალია. ისე არ არის საქმე, როგორც ფილმებშია. შეიძლება იფიქრო, რომ შეკვეთილია მკვლელობა, მაგრამ ბოლოს შურისძიება ან სხვა მოტივი დადგინდეს. გვქონია საქმეებიც, როცა მივსულვართ დასკვნამდე, რომ მკვლელობა შეკვეთილი იყო.

ასეთი მკვლელობების უმეტესობა იხსნება, დარჩენილა გაუხსნელებიც, თუმცა ფაქტები შეკვეთილ მკვლელობაზე მეტყველებდა. საბოლოოდ გამოძიებამ და სასამართლომ უნდა თქვან, იყო თუ არა მკვლელობა შეკვეთილი. შეიძლება საქმე გაიხსნას, იცოდე მკვლელი, გქონდეს მტკიცებულებებიც, მაგრამ დამნაშავე ვერ დააკავო, რადგან შეიძლება საზღვარგარეთ იყოს ან იძებნებოდეს და ა.შ. შემხვედრია ისეთებიც, ვისაც შეკვეთილ მკვლელობაზე მოუწერია ხელი, თუმცა ვერაფრით წარმოიდგენდი, ამის ჩამდენი თუ იყო. არ არის სავალდებულო კილერი იმალებოდეს, ისიც ჩვეულებრივი ადამიანია. შესაძლოა აქეთ-იქით იაროს, მაგრამ მის უკან რა იმალება, კაცმა არ იცოდეს.

- მკვლელობის შემკვეთები კილერებს რა ნიშნით არჩევენ?

- კილერების სკოლა არ არსებობს. შეიძლება ის არც ნავარჯიშები იყოს, არც სპორტსმენი ან კარგი მსროლელი, ან სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომელი, არამედ ჩვეულებრივი მოქალაქე. მთავარია, ვინ მოაწერს ხელს მკვლელობაზე. ნაძირალა, რომელიც ფულის გულისთვის კაცს მოკლავს, ყველგან მოინახება. საბოლოოდ ყველა კილერი სიცოცხლეს ერთნაირად ამთავრებს - მათ იშორებენ. აბა, ვის რად უნდა ინფორმაციის მატარებელი? თუმცა, თუ კილერი პროფესიონალია, ერთხანს შეიძლება სხვადასხვა საქმეში გამოიყენონ.

სხვათა შორის, შეკვეთილ მკვლელობებს ერთი მახასიათებელი აქვს - იარაღი უნდა გაქრეს, ნამდვილი პროფესიონალი იარაღს ადგილზე არ დატოვებს.

(სპეციალურად საიტისთვის)