"ბუჩქებში მხოლოდ ვახო ახვლედიანი და სასტიკად ნაცემი გიორგი ქათამაძე ვიპოვეთ" - რას ყვება საბედისწერო წვეულების დიჯეი? - კვირის პალიტრა

"ბუჩქებში მხოლოდ ვახო ახვლედიანი და სასტიკად ნაცემი გიორგი ქათამაძე ვიპოვეთ" - რას ყვება საბედისწერო წვეულების დიჯეი?

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე "ტვპირველმა" გაავრცელა დიჯეი კონსტანტინე ღიბრაძის ჩვენება, რომელიც წვეულების ღამეს, მოძალადეების პირველი სამიზნე გახდა. "კვირის პალიტრა" უკვე წერდა, რომ დაბადების დღის წვეულებაზე  უკმაყოფილება სუფრის გარკვეულ წევრებს თავდაპირველად დიჯეიდ მიწვეულ ბიჭთან მოუვიდათ. ჩვენებაში ღიბრაძე უკვე ავტომაგისტრალზე მომხდარ ეპიზოდზე ლაპარაკობს:

"აღნიშნული ავტომანქანა გაჩერდა ჩვენს წინ და გადმოვიდა სხვადასხვა მხრიდან ჩემთვის უცნობი 4-5 პიროვნება. მომიახლოვდა მათგან ერთ-ერთი პიროვნება (სხვა ჩვენებიდან ირკვევა, რომ ეს მორაგბე ნიკა ჟვანია იყო - კ.პ.), მომიქნია გრძელი მყარი საგანი, რომელიც ერთხელ მომხვდა მარჯვენა ფეხში, კერძოდ ბარძაყში, რასაც ფიზიკური ზიანი და ფიზიკური ტკივილი არ გამოუწვევია ჩემში. გიორგი ქათამაძე, ვახტანგ ახვლედიანი, შაქარაშვილი და მისი ორი მეგობარი მათ დანახვაზე უცებ გაიქცნენ დასავლეთით. მე არ დამინახავს, რომ ზემოაღნიშნულ პირებს დაერტყათ და ფიზუკურად გასწორებოდნენ გიორგი ქათამაძეს, ვახტანგ ახვლედიანს, შაქრაშვილს და მის ორ მეგობარს. მათ უკან დაედევნენ ზემო აღნიშნული ავტომანქანით მოსული პიროვნებები, მათ შორის ის პიროვნებაც დაედევნა, რომელმაც მყარი საგანი ჩამარტყა მარჯვენა ბარძაყში".

როგორც დიჯეი ამბობს, მას შემდეგ, რაც რკინის ხელკეტით სცემეს, მიწიდან წამოდგა და თბილისისკენ ტაქსით წამოვიდა. საცხოვრებელ სახლთან მისულს გაახსენდა, რომ მეგობრები ისევ საფრთხეში იყვნენ, ამიტომ ძმაკაცები შეკრიბა და უკან საბედისწერო გზატკეცილისკენ წაიყვანა. მათ ბუჩქებში მხოლოდ ვახო ახვლედიანი და სასტიკად ნაცემი გიორგი ქათამაძე იპოვეს, სხვების კვალს კი ვერ მიაგნეს.

"ვიყავი ძალიან აღელვებული, მოვუყევი ყველაფერი დეტალულარად თუ რა გადაგხვდა, ამ დროს მობილურზე დარეკეს ქათამაძე გიორგიმ და ვახტანგ ახვლედიანმა, ხოლო ვის დაურეკეს არ მახსოვს, შემდეგ მეც ვესაუბრე მათ, გვითხრეს შეუძლოდ ვართ იმ ადგილის მიმდებარედ, სადაც ინციდენტი მოხდა და გვითხრეს წაგვეყვანა. მათ არ უთქვამთ სად იყო შაქარაშავილი, თავის ორ მეგობართან ერთად, მეორე ავტომანაქანამ იპოვა ახვლედიანი და ქათამაძე, ორივე მათგანს აღენიშნებოდა დაზიანებები სხეულზე, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე ვეძებეთ შაქარაშვილი თავის ორ მეგობართან ერთად, მაგრამ უშედეგოდ"- აღნიშნავს ჩვენებაში დიჯეი.

იხილეთ ასევე: "გაეკიდნენ... და ერთ-ერთი დაიჭირეს, რომელსაც ყველა ჩემი თანმხლები ურტყამდა" - რას ჰყვება ჩვენებაში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ძიუდოისტი?