მამხილებელი ფირი - სად წახდნენ "გონიერი" პოლიციელები - კვირის პალიტრა

მამხილებელი ფირი - სად წახდნენ "გონიერი" პოლიციელები

აქა ამბავი, როგორ მოიყვანა მელამ თავისი კუდი მოწმედ

"ამ პრინციპით შეიძლება ადამიანს კენედის მკვლელობაც დაუმტკიცო"

2011 წლის 6 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მესამე განყოფილების თანამშრომლებმა დააკავეს ძმები ბაქარ და ლაშა ლუტიძეები. მათ ბრალად ედებათ წვრილმანი ხულიგნობა, საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება და სამართალდამცავი მუშაკისთვის ბოროტი დაუმორჩილებლობა. ბაქარ და ლაშა ლუტიძეები მეორე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასამართლეს, ბრალეულად ცნეს ზემოხსენებულ დანაშაულში და 400-400-ლარიანი ადმინისტრაციული სახდელები დააკისრეს.

ოლეგ ლუტიძე, ლაშა და ბაქარ ლუტიძეების მამა: "6 თებერვალს, ღამის სამის ნახევარზე დამირეკეს შვილებმა და მითხრეს, დაგვაკავესო. სასწრაფოდ მივედი სევასტოპოლის ქუჩაზე მდებარე მთაწმინდა-კრწანისის ქვეგანყოფილებაში და უფროსის მოადგილე გიორგი ხიდაშელთან შევედი საქმის გასარკვევად. მითხრა, თქვენი შვილები ქუჩაში იგინებოდნენ, საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ, გაგვიძალიანდნენ და ამიტომაც დავაკავეთო. კი გამიკვირდა ჩემი შვილებისაგან ასეთი საქციელი, მაგრამ ვიფიქრე, რაკი პოლიცია ამბობს, ალბათ, მართალია-მეთქი. მოკლედ, ორივენი წინასწარი დაკავების იზოლატორში წაიყვანეს. დილის 6 საათზე კი ისევ სევასტოპოლის ქუჩაზე, პოლიციაში დააბრუნეს".

ბაქარ ლუტიძე: "საღამოს 12-ის ნახევარზე უფროსი ძმის სახლიდან ჩვენს სახლში ვბრუნდებოდით მე და ჩემი ძმა ლაშა. უცებ ჩვენ წინ გაჩერდა მანქანა, საიდანაც გადმოვიდა  სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული სამი კაცი (ერთიI საჭესთან დარჩა) და შეჩერება მოგვთხოვა. ერთი პირი მოგვიახლოვდა და ჯიბეებიდან ხელების ამოღება უხეშად მოგვთხოვა. ლაშამ ჯიბეებიდან ხელები ამოიღო და თან მობილურიც ამოაყოლა. ლაშას ჯერ მობილური წაართვეს. ამაზე გაეღიმა. რატომ იღიმი, შე უზრდელოო. ამის თქმა იყო და ერთ-ერთმა ჩემს ძმას თმაში წაავლო ხელი, მეორემ კი სახეში გაარტყა. ამას, რა თქმა უნდა, ჩემი სიტყვიერი პროტესტი მოჰყვა, ნაცვლად იმისა, კანონი დაიცვათ, რას სჩადით-მეთქი? რადგან პოლიციის არანაირი ნიშანი არ ჰქონდათ, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარმოდგენა მოვთხოვეთ. ერთ-ერთმა შორიდან წამით დაგვანახა რაღაც მოწმობა და ჯიბეში ჩაიდო. ვუთხარით, იქნებ მართვის მოწმობას გვაჩვენებთ, ნორმალურად გვაჩვენეთ-მეთქი. ამის შემდეგ ორივენი მანქანაში ჩაგვყარეს. წინ მჯდომმა პოლიციელმა, რომელიც განყოფილების უფროსის მოადგილე გიორგი ხიდაშელი აღმოჩნდა, მანქანაშიც მოგვაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.

მთელი ღამე წინ და უკან გვატარეს, რადგან არც თბილისში, არც კასპში წინასწარი დაკავების იზოლატორში ადგილი არ იყო, ბოლოს გორში წაგვიყვანეს. იზოლატორში 4 საათი გავატარეთ. დილის 6 საათზე გორიდან თბილისში დაგვაბრუნეს და სასამართლოში წარგვადგინეს. მოსამართლეს ყველაფერი წვრილად მოვუყევით, მაგრამ მაინც დამნაშავედ გვცნეს. ყველაზე მეტად იმან შეურაცხგვყო, რომ მამასაც კი ეჭვი ეპარებოდა ჩვენს სიმართლეში".

ოლეგ ლუტიძე: "სასამართლო პროცესი რომ დამთავრდა, ბიჭებმა მითხრეს, მამა, ჩვენი თუ არ გჯერა, ეს ამბავი ზანდუკელის ქუჩაზე, გოეთეს ინსტიტუტის წინ მოხდა, იქ სათვალთვალო კამერებია და არ შეიძლება, ეს ფირზე არ იყოს აღბეჭდილიო. გოეთეს ინსტიტუტში მივედი და კანონის შესაბამისად ფირის ნახვა მოვითხოვე. მართლაც, ჩემი შვილები სიმართლეს ამბობდნენ".

ჩვენ ბატონ ოლეგთან ერთად გოეთეს ინსტიტუტში მივედით და ფირის კიდევ ერთხელ ჩვენება მოვითხოვეთ. მართლაც, ფირზე მკაფიოდ ჩანს, რომ ორი ახალგაზრდა ნელი ნაბიჯით მიუყვება ტროტუარს. მართალია, ფირი ხმოვანი არ არის, მაგრამ მათი სიარულის მანერა აშკარად მიუთითებს, რომ საზოგადოებრივ წესრიგს არ არღვევდნენ. მალე წინ ჩერდება ავტომანქანა, საიდანაც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული 3 პირი გადმოდის. ისიც კარგად ჩანს, რომ მათ მოთხოვნაზე ძმები გაჩერდნენ. შემდეგ სამივე უახლოვდება შეჩერებულთ, ერთ-ერთი ჯერ მუჯლუგუნს სთავაზობს ლაშა ლუტიძეს, სახეში არტყამს, შემდეგ კი თმაში სწვდება, თან ზედაპირულად ჩხრეკს, რის შემდეგაც იმართება საუბარი. ამის შემდეგ ბიჭები მანქანაში ჩაყარეს. ფირზე ასევე ნათლად ჩანს, რომ მძღოლის გვერდით მჯდომი პირი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს მანქანის უკანა სავარძელზე მჯდომ დაკავებულებს.

იხ. ფირი: http://www.interpressnews.ge/ge/video.html?view=video&video=423

საყურადღებოა ისიც, თუ რა მოხდა სასამართლოში, რომლის დადგენილებაში მითითებულია, რომ "2011 წლის 6 თებერვალს წარმოდგენილი პირები ნასვამ მდგომარეობაში იგინებოდნენ უცენზურო სიტყვებით და არ დაემორჩილნენ პოლიციის თანამშრომლის კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც ისინი დაკავებული იქნენ ადმინისტრაციული წესით".

2011 წლის 7 თებერვალს სასამართლოს სხდომაზე ინსპექტორ-გამომძიებელმა მხარი დაუჭირა სამართალდარღვევის ოქმს, დაადასტურა მასში მითითებული გარემოებები და ლაშა და ბაქარ ლუტიძეებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება ითხოვა. ამავე დადგენილებაში მითითებულია, რომ სასამართლო სხდომაზე ლაშა და ბაქარ ლუტიძეები არ დაეთანხმნენ წარდგენილ ოქმს. ამ გარემოების გათვალისწინებით მოსამართლე წერს (სტილი დაცულია):

"საქმის მასალის შესწავლის და მხარეთა მოსმენის შემდეგ სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოქალაქეებმა ლაშა და ბაქარ ლუტიძეებმა ჩაიდინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, კერძოდ, წვრილმანი ხულიგნობა, საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, რაც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და მოქალაქეთა სიმშვიდეს. მათვე ჩაიდინეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოების მუშაკის კანონიერი განკარგულების ან მოთხოვნისადმი ბოროტი დაუმორჩილებლობა, რის გამოც ისინი დაკავებულ იქნენ ადმინისტრაციული წესით. სასამართლო სამართალდარღვევის ფაქტს დადგენილად მიიჩნევს სამართალდარღვევის ოქმის და პატრულ-ინსპექტორის ახსნა-განმარტებით და საქმეში არსებული მასალებით".

საინტერესოა, რა მასალებით დაადგინა მოსამართლემ ლუტიძეების ბრალეულობა, როცა საქმეში არ არსებობდა არც ერთი მოწმე გარდა პოლიციელებისა, რომლებიც დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენდნენ?

დიმიტრი ლორთქიფანიძე, პარლამენტარი: "ეს სკანდალია. მას შემდეგ, რაც პოლიციის კანონში შევიდა სამარცხვინო ცვლილება გონივრული ეჭვის თაობაზე, მსხვერპლიც სახეზეა ლუტიძეების სახით. აშკარაა, ბიჭები სწორედ "გონივრული ეჭვის" საფუძველზე შეაჩერეს, მაგრამ უსაფუძვლო შეჩერებას შეიძლება მათთვის პრობლემა შეექმნა. ამიტომ ჩაწერეს ოქმში, რომ ბიჭები არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, იგინებოდნენ და ხულიგნობდნენ, რაც ასლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, ამიტომ დაამატეს პოლიციისთვის წინააღმMდეგობის გაწევაც და 400-400 ლარით დააჯარიმეს.

ფირზე ნათლად ჩანს, რომ პოლიციელები ბიჭებს სცემენ. ეს აშკარა პროვოკაციაა. როცა 19-20 წლის ბიჭს თმაში ხელს წაავლებ და სახეში ურტყამ, ეს იმას ნიშნავს, რომ აშკარად იწვევ. შეიძლება ვერ მოითმინოს, მით უმეტეს მაშინ, როცა თავიდანვე არ იცის ვინ ხარ, პოლიციელი თუ მომხდური (სავარაუდოდ, ეს პროვოკაციაც სწორედ იმაზე იყო გათვლილი, რომ ბიჭებისთვის მოთმინებას ეღალატა). თუნდაც პოლიციელი იყოს, ვინ მისცა უფლება მშვიდობიან მოქალაქეს ისე მოექცეს, როგორც ფირზეა აღბეჭდილი? ისე, ეს გასაკვირი აღარც არის, მათ დავალებული აქვთ ბიუჯეტის ნებისმიერ ფასად შევსება. სოციალისტური შეჯიბრებაა გაჩაღებული პოლიციის რაიონულ განყოფილებებსა და რაიონულ პროკურატურებს შორის, ვინ უფრო მეტ თანხას შეიტანს ბიუჯეტში.

400-400-ლარიანი სტანდარტული ჯარიმები, რომლებიც მტკიცებულებების გარეშე ცხვება სასამართლოში, ბიუჯეტის შესავსები ერთ-ერთი ხერხია და მას კავშირი არა აქვს წესრიგის დაცვასთან. პოლიციელები და პროკურორები ასეთ საქმეებში პრემიებს იღებენ. აქ მხოლოდ პოლიციის დანაშაული როდი იკვეთება, ნახეთ, როგორ იქცევა სასამართლო? როდესაც ორ მხარეს სხვადასხვა ვერსია აქვს და მოსამართლე მხოლოდ პოლიციელების სიტყვიერ განმარტებას თვლის ჭეშმარიტებად, რომელ სამართლიან სასამართლოზე შეიძლება ლაპარაკი? ოთხი პოლიციელი, რომელთაგან ერთი ოქმის შემდგენია, დანარჩენი სამი კი მისი  მოწმე, ბუნებრივია, ობიექტური ვერ იქნება. ამ პრინციპით შეიძლება ადამიანს კენედის მკვლელობაც დაუმტკიცო. რომ არა ეს ფირი, ახალგაზრდები ხომ ვერასოდეს დაამტკიცებდნენ თავიანთ უდანაშაულობას?"

P.S. ვინაიდან ფირი ხმოვანი არ არის და  ლუტიძეებისგან გინების შესაძლებლობის თეორიული შანსი შეიძლებოდა დაშვებულიყო, ჩვენ მივედით ზანდუკელის ქუჩაზე, სწორედ იქ, სადაც ინციდენტი მოხდა და ახლომახლო მობინადრეებს ჩამოვუარეთ კითხვით, 6 თებერვალს კვირა ღამით, რომელიმე მათგანი ხომ არ შეუწუხებია გინებასა და დებოშს. ჩვენ გამოვკითხეთ ზანდუკელის #9, 11, 13-ში მცხოვრები მოსახლეობა, ასევე, ერთ-ერთი სახლის დაცვის სამსახურის თანამშრომლებიც, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მორიგეობენ სახლთან, სადაც უცხოელები ცხოვრობენ. გამოკითხულთაგან ვერც ერთმა დებოში და გინება 6 თებერვლის ღამეს ვერ გაიხსენა.