"არასამთავრობო სექტორის ნაწილის ქმედებებში იკვეთება უცხო ქვეყნების ინტერესების სასარგებლო საქმიანობის ნიშნები" - ვინ ცდილობს ქვეყანაში ეთნიკური შუღლის პროვოცირებას? - კვირის პალიტრა

"არასამთავრობო სექტორის ნაწილის ქმედებებში იკვეთება უცხო ქვეყნების ინტერესების სასარგებლო საქმიანობის ნიშნები" - ვინ ცდილობს ქვეყანაში ეთნიკური შუღლის პროვოცირებას?

ერთი თვეა, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება, რომელიც რასობრივ დისკრიმინაციასა და ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობას შეეხება. უკვე გამოჰკითხეს მარნეულის არაერთი მკვიდრი, სასულიერო პირები, ქართველი და აზერბაიჯანელი აქტივისტები, პარლამენტის დეპუტატები.

არ გამორიცხავენ, რომ მალე რამდენიმე პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც დადგეს. უწყების მტკიცებით, საქართველოში არიან პირთა ჯგუფები და მოქალაქეები, რომლებიც ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას ცდილობენ.

"აღნიშნული პირები, იჭრებიან რა სახელმწიფოსა და ხელისუფლების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში, ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში წამოჭრილი საკითხების გამოყენებას ეროვნული მტრობის ჩამოგდების მიზნით", - აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

კონკრეტულად, პირთა რომელ ჯგუფებსა და საკითხებს გულისხმობს სუს-ი, უწყება არ განმარტავს.

გამოძიების დაწყებას წინ უძღოდა მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლისა და დავითგარეჯის გარშემო მიმდინარე მოვლენები. გამოკითხულები მედიასთან კომენტარს ერიდებიან, ვინაიდან მათ გაუთქმელობაზე აწერინებენ ხელს.

ერთ-ერთი პირველი, ვინც საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაიბარეს, "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" დამფუძნებელი დავით ქაცარავა იყო. საქმე ეხებოდა დავით გარეჯის საკითხს. დავით ქაცარავა და მისი "ანტისაოკუპაციო მოძრაობა" ხშირად აპროტესტებს აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებების ქმედებებს.

გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებამ გამოჰკითხა საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე შეიხ მირტაგ ასადოვი, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატები რუსლან ჰაჯიევი და თამაზ ნავერიანი, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მარნეულის მერი ზაურ დარგალი, სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა და სხვანი...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ გამოკითხვაზე ყოველდღიურად იბარებენ მოქალაქეებს, თუმცა ვის და რა მოტივით, უწყება არ აზუსტებს. როგორც უწყების პრესცენტრში გვითხრეს, "მიმდინარეობს გამოძიება. ეს არის ახალი გამოძიება, აქამდე მარნეულში ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. გამოკითხვები სისტემატურად მიმდინარეობს, დაიკითხა არაერთი პირი და ამ ეტაპზე პასუხისგებაში არავინაა მიცემული. გამოძიება გრძელდება და დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ".

kvirispalitra.ge უსაფრთხოების საკითხების ექსპერტს, ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოების სასწავლო კვლევითი ცენტრის დირექტორს დავით კუხალაშვილს ესაუბრა.

- თქვენთვის თუ არის ცნობილი, რას იძიებს სუს-ი და მართლა ცდილობენ თუ არა დესტაბილიზაციის ინსპირირებას რეგიონში?

- კომპაქტურად დასახლებული ეთნიკური უმცირესობები არა მარტო ჩვენთან, არამედ ნებისმიერ სახელმწიფოში წარმოადგენენ უცხო სახელმწიფოების შეღწევადობისა და ზეგავლენის ობიექტს. ეთნიკურ ან რელიგიურ უმცირესობებს ხშირად იყენებენ დესტაბილიზაციის ინსპირირებისათვის, რათა ქვეყანაში დასუსტდეს და ზიანი მიადგეს ოპერატიულ ვითარებას, ე.ი. ეროვნულ უსაფრთხოებას. სადაზვერვო საქმიანობაში არსებობს მეთოდოლოგია, როდესაც მზვერავ სახელმწიფოს სურს მიაღწიოს ქვეყანაში დესტაბილიზაციას და ამით ზეგავლენა იქონიოს ამ ქვეყნის ხელისუფლებაზე. ასე რომ, ეს რეალური საფრთხეა.

- ვის დაინტერესებას ხედავთ ამ შემთხვევაში?

- არსებობს ხელსაყრელი ვითარება როგორც ეთნიკური, ასევე რელიგიური ფაქტორის გათვალისწინებით. ამ სიტუაციით დაინტერესებულია ყველა ის სახელმწიფო, რომელთაც ხელს აძლევს საქართველოში დესტაბილიზაცია და სურთ მუდმივ სტრესში ჰყავდეთ საქართველოს ხელისუფლება და მოსახლეობა, მათ შორის სპეცსამსახურები.

- როგორც ამბობენ, არაერთი პირი დაიკითხა, თუმცა არავის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დამდგარა. როგორ იკითხება სუს-ის განცხადებაში ფრაზა: "ეს პირები იჭრებიან სახელმწიფოს და ხელისუფლების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში"?

- ჯერჯერობით, ხალხი და, ალბათ, ეს არის მოწმეთა ბაზა. მათი გამოკითხვის შემდგომ მიიღებენ გადაწყვეტილებას კონკრეტული პირის ან პირთა ჯგუფის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. საქმე აღძრულია, არსებობს ნიშანთა ერთობლიობა, რაც საკმარისი შეიქნა საქმის აღძვრისთვის. კომპეტენციაში შეჭრა არის იმ ნიშანთა ერთობლიობის ერთი ნაწილი, რომელიც პირდაპირ მიანიშნებს უცხო სახელმწიფოების სადაზვერვო სამსახურების ინტერესს, რომელთაც სურთ ზეგავლენა იქონიონ ხელისუფლებაზე. შესაძლოა გარკვეულ სახელმწიფოებთან ჩვენ ამ წუთას სხვადასხვა მიმართულებით კონტაქტების დამყარებას ვცდილობთ, სადავო საკითხებზე მოლაპარაკებაც გვაქვს და შესაძლებელია ცდილობენ ჩვენს ხელისუფლებაზე ზეგავლენას, რათა რაღაც საკითხები დავთმოთ.

მეზობელ სახელმწიფოებს ჩვენთან აქვთ სადავო საკითხები და შესაძლებელია ისე, რომ მათი ინტერესები არ გამოჩნდეს, სწორედ ისინი აპელირებენ ამ ჯგუფებზე. სადაზვერვო საქმიანობის პრინციპი სწორედ ის არის, რომ არ უნდა გამოიკვეთოს ის სახელმწიფო, რომელიც ამ ინტერესს ემსახურება.

- ამ ჯგუფებში არასამთავრობო სექტორს გულისხმობთ? ისინი აპროტესტებენ დავით გარეჯის საკითხს...

- ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე და ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არასამთავრობო სექტორის  ნაწილის ქმედებებში იკვეთება უცხო ქვეყნების ინტერესების სასარგებლო საქმიანობის ნიშნები. ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და მისი ლიდერი გამოირჩევიან ისეთი ქმედებებით, რაც უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის დამკვიდრებას ემსახურება როგორც ხელისუფლების, ისე კონკრეტული ეთნიკური ან რელიგიური ჯგუფის შესახებ. ჩანს ნიშნები, რომ ეს ქმედებები მიმართულია ზოგჯერ და უმეტეს შემთხვევაში ხელისუფლების დაუსაბუთებელი კომპრომეტაციისკენ და პირდაპირ კავშირშია უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების მიზანთან, დაიწყოს დესტაბილიზაცია ქვეყანაში.

ჩვენ უკვე გადავედით მესამე მიმართულებაზე (ეთნიკურის და რელიგიურის შემდეგ) - ეს არის არასამთავრობო სექტორის მიმართულება. გარკვეულწილად ჩანს არასამთავრობო სექტორის მიბმა პოლიტიკურ პარტიებთან, განსაკუთრებით მათთან, რომელთა საქმიანობაშიც უკვე ათწლეულების განმავლობაში უცხო ქვეყნების სადაზვერვო ინტერესების გატარების ნიშნები იკვეთება. ვფიქრობ, სახელმწიფოს დიდი საზრუნავი აქვს ამ მხრივ და მივესალმები, თუ მიმდინარეობს მუშაობა, ყოველ შემთხვევაში, დაგვიანებული არ არის.

1918-21 წლებში საქართველოში ანალოგიური პროცესები მიმდინარეობდა. ყველა სახელმწიფო, რომლებიც საქართველოში დესტაბილიზაციით და სახელმწიფოს ხელისუფლებაზე ზეგავლენით იყვნენ დაინტერესებული, ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს იყენებდა, რათა საქართველოში ინსპირირებული ყოფილიყო ეთნიკური თუ რელიგიური კონფლიქტები და შემდეგ ამას მსოფლიო ასპარეზზე ისე ასაჯაროებდნენ, თითქოს ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფდა ქვეყანაში ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების დაცვას. საუკუნის შემდეგ ზუსტად იგივე მიმართულება და იგივე აქცენტები აქვთ აღებული როგორც არასამთავრობო სექტორს, ისე ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს, მათ შორის რელიგიურ ლიდერებსაც.

სადაზვერვო მეთოდოლოგია, პრაქტიკულად, არ იცვლება. ისინი აპელირებენ, რომ თითქოს ხელისუფლებას არა აქვს რეაქცია, მაგალითად, დავითგარეჯის მოვლენებზე, რასაც ვერ ვიტყოდი - არსებობს ხელისუფლების ხილული და უხილავი ქმედება და არსებობენ შესაბამისი სტრუქტურები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ. მათ შორის მახსენდება პოლიტიკური ლიდერების განცხადება, განსაკუთრებით, საქართველოს პრეზიდენტისა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა იმ პრობლემებზე, რომლებიც საქართველოს წინაშეა. არ ვამბობ, რომ პროტესტის გამოთქმის უფლება არავის აქვს, მაგრამ მე ვგულისხმობ სხვა მიმართულებას, იმ პერსპექტივას, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა განვითარდეს. მეც ბევრ რაღაცაზე მიჩნდება პროტესტი, მაგრამ არასოდეს ხელს არ შევუწყობ საზოგადოების დემორალიზაციას და არასოდეს მოვაქცევ ისეთ წნეხში, რომ ჩემმა შეფასებამ სახელმწიფოში დესტაბილიზაციას შეუწყოს ხელი. შემიძლია გითხრათ, რომ სახელმწიფო მუშაობს და სწორად მიჰყვება თავის პოლიტიკას ამ მიმართულებით.

(სპეციალურად საიტისთვის)