პროკურატურა 24 წლის გოგოსთვის ბენზინის შესხმისა და ცეცხლის წაკიდების ფაქტზე განცახდებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

პროკურატურა 24 წლის გოგოსთვის ბენზინის შესხმისა და ცეცხლის წაკიდების ფაქტზე განცახდებას ავრცელებს

პროკურატურამ 24 წლის გოგოსთვის ბენზინის შესხმისა და ცეცხლის წაკიდების ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს პროკურატურამ, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, შ.გ.-ს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ შ.გ.-ს განზრახული ჰქონდა განსაკუთრებული სისასტიკით - ცეცხლის წაკიდებით მოეკლა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ს.შ. 2020 წლის 30 ივნისს, ღამის საათებში ბრალდებულმა ს.შ. გაიყვანა მისი საცხოვრებელი სახლიდან და მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ამის შემდეგ, ბრალდებულმა ბენზინი მიასხა ს.შ-.ს და ცეცხლი წაუკიდა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო ს.შ.-ს ადგილზე შეკრებილი ადამიანები დაეხმარნენ. ცეცხლის წაკიდების შედეგად, ს.შ.-მ მიიღო მრავლობითი დამწვრობები და ძლიერი შოკი.

სამართალდამცველებმა შ.გ. ცხელ კვალზე, საგარეჯოს რაიონში, სოფ. პატარძეულის მიმდებარე ტერიტორიაზე იმავე დღეს დააკავეს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. შ.გ-სთვის წარდგენილი ბრალდება 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულ შ.გ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

"ინტერპრესნიუსი"