"ჩემი ინფორმაციით, იაკობ ბრეგვაძე ინახავს ფოტოაპარატს, რომლითაც იღებდა შაქარაშვილის გაუჩინარების დროს" - რას წერს პოლიციელი პატაკში - კვირის პალიტრა

"ჩემი ინფორმაციით, იაკობ ბრეგვაძე ინახავს ფოტოაპარატს, რომლითაც იღებდა შაქარაშვილის გაუჩინარების დროს" - რას წერს პოლიციელი პატაკში

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. კერძოდ, "რადიო თავისუფლება" აქვეყნებს, შსს მცხეთის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის პატაკს, სადაც სამართალდამცავი ვარაუდს გამოთქვამს, რომ არაგვის ხეობაში მომხდარი მოწმე ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ საკუთარი ფოტოაპარატით გადაიღო.

"ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, იაკობ ბრეგვაძე პირადად ინახავს "სონის" ციფრულ ფოტოაპარატს, რომლითაც იგი სურათებს იღებდა 2020 წლის 18 ივნისს, ნარეკვავის დასახლებაში მომხდარი ძალადობისა და გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების დროს და იგი აპირებს აღნიშნული ფოტოაპარატის განადგურებას“, - ნათქვამია პატაკში, რომელიც 22 ივნისს არის დაწერილი და რომლითაც გამომძიებელი მცხეთის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს რეაგირებისთვის მიმართავს.

ცნობისთვის, იაკობ ბრეგვაძე გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა. იმ დროს როდესაც მაგისტრალზე მიმავალ ახალგაზრდებს თავს დაესხნენ, გიორგი შაქარაშვილმა და რამდენიმე ახალგაზრდამ, მათ შორის იაკობმა გადაწყვიტეს მათგან თავი გაქცევით დაეღწიათ.

როგორც რამდენიმე დღის წინ "ინტერპრესნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში ფოტოგრაფმა აღნიშნა, მან თავი იქვე მყოფ მიტოვებულ შენობას შეაფარა და სწორედ ამის შემდეგ დარეკა პოლიციაში და მომხდარის შესახებ აცნობა. იხილეთ სრულად