"მე ჩავუხვიე ბუჩქებისკენ, ვინც მოგვსდევდა, გაეკიდნენ გიორგი შაქარაშვილს და..." - რას ჰყვება ჩვენებაში დაზარალებულ ვახო ახვლედიანი - კვირის პალიტრა

"მე ჩავუხვიე ბუჩქებისკენ, ვინც მოგვსდევდა, გაეკიდნენ გიორგი შაქარაშვილს და..." - რას ჰყვება ჩვენებაში დაზარალებულ ვახო ახვლედიანი

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოკითხული ერთ-ერთი პირის, დაზარალებულ ვახო ახვლედიანის ჩვენების მიხედვით, ხიდიდან გაქცეულ გიორგი შაქარაშვილს 3 პირი მისდევდა. თუმცა, როგორც მისი ჩვენებიდან ირკვევა, აღნიშნული პირების ამოცნობა მას არ შეუძლია.

"ინეტრპრესნიუსმა" ახვლედიანის ჩვენება მოიპოვა, რომელშიც ახვლედიანი დაბადების დღეზე დაწყებულ კონფლიქტსა და შემდეგ უკვე, ხიდთან განვითარებულ მოვლენებს დეტალურად იხსენებს. როგორც დაზარალებულის ჩვენებიდან ირკვევა, იუბილარის დაბადების დღეზე ის მეგობრებთან - გიორგი ქათამაძესთან და დიჯეი კოკო ღიბრაძესთან ერთად წავიდა.

"ჩემმა მეგობარმა, ანა გაბეჩავამ მე და ჩვენი საერთო მეგობრები - გიორგი ქათამაძე და კონსტანტინე ღიბრაძე დაგვპატიჟა 2020 წლის 18 ივნისს, თავის დაბადების დღეზე. ანამ გვითხრა, რომ ის დაბადების დღის სუფრას იხდიდა ქალაქ მცხეთაში მდებარე "ლიდერფუდის" მაღაზიის უკან მდებარე კაფე-ბარში. ანას ჩვენ დავთანხმდით. 2020 წლის 18 ივნისს მე, გიორგი ქათამაძე და კონსტანტინე ღიბრაძე შევიკრიბეთ ჩემი საცხოვრებელი სახლის ეზოში, საიდანაც ჩვენ სამივენი ტაქსით წავედით ანას დაბადების დღის სუფრაზე - ქალაქ მცხეთაში მდებარე "ლიდერფუდის" მაღაზიის უკან მდებარე კაფე-ბარში... რომ მივედით, უკვე იყო შებინდებული, ზუსტი საათი არ მახსოვს. სუფრაზე რომ მივედით, ჩვენ იქ დაგვხვდნენ ანა გაბეჩავა და მისი მეგობარი გოგო-ბიჭები, რომლებსაც მე არ ვიცნობდი. სუფრაზე ვიქნებოდით დაახლოებით, 30 ადამიანი. სუფრაზე ყოფნისას მე იქ გავიცანი ანა გაბეჩავას მეგობარი გიორგი შაქარაშვილი. ჩვენ ცოტა დავლიეთ ალკოჰოლური სასმელი და თან ვცეკვავდით და ვერთობოდით. სუფრის მსვლელობისას იქ მყოფ ახალგაზრდებს შორის მოხდა ჩხუბი, ოღონდ თუ რაზე მოხდა მათ შორის ჩხუბი და ვის და ვის შორის მოხდა ჩხუბი, მე არ ვიცი, რადგან როგორც უკვე მოგახსენეთ, მე იქ მყოფთაგან ვიცნობდი მხოლოდ ჩემ მეგობრებს - გიორგი ქათამაძეს, კონსტანტინე ღიბრაძეს, ანა გაბეჩავას და იქ სუფრაზე გავიცანი გიორგი შაქარაშვილი. ჩხუბი და გაწევ-გამოწევა მე შევნიშნე კაფე-ბარის გარეთ ეზოში, როდესაც შემთხვევით გამოვედი გარეთ, ეზოში. ჩხუბი შიგნით კაფე-ბარში არ ყოფილა. ამის შემდეგ ჩხუბი მალევე შეწყდა და ყველანი ჩაჯდნენ ავტომანქანებში და დაიშალნენ. ჩხუბში ან მოჩხუბართა გაშველებაში მე მონაწილეობა არ მიმიღია, რადგან იმ ადგილზე ბნელოდა, მე არ დამინახავს სახეზე, თუ ვინ ჩხუბობდა ერთმანეთში და ვინ იღებდა მონაწილეობას გაშველებაში, არც ის დამინახავს, ვინმეს ჰქონდა თუ არა ჩხუბის შედეგად დაზიანება მიღებული. ამის შემდეგ რამდენიმე წუთის განმავლობაში ვამშვიდებდი ანა გაბეჩავას და მის მეგობარ გოგონებს, რომლებიც ასევე იმყოფებოდნენ იქ სუფრაზე, რის შემდეგაც ზოგიერთი გოგო შევიდა შიგნით კაფე-ბარში, ხოლო ზოგიერთი იყო გარეთ ეზოში. ამასობაში, გავიდა რამდენიმე წუთი, ამის შემდეგ ადგილზე დავრჩით მე, გიორგი ქათამაძე და კონსტანტინე ღიბრაძე, სხვა ბიჭები მე იქ არ მინახავს.

მე, გიორგი ქათამაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ გადავწყვიტეთ, წავსულიყავით სახლში და ცენტრალურ საავტომობილო გზაზე სანამ გამოვიდოდით, "ლიდერფუდთან" არსებულ კიბეებთან შევნიშნეთ სამი ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ასევე იმყოფებოდა ანა გაბეჩავას დაბადების დღის სუფრაზე. ამ სამი ახალგაზრდა ბიჭიდან ერთ-ერთი იყო გიორგი შაქარაშვილი. მათ არანაირი სახის დაზიანების კვალი არ ემჩნეოდათ. ჩვენ ექვსივე ერთად გადავედით მცხეთა-თბილისის დამაკავშირებელი ცენტრალური საავტომობილო გზის მეორე მხარეს, ანუ თბილისის მიმართულებით და დავყევით გზას ფეხით თბილისისკენ და თან ხელს ვუქნევდით ავტომანქანებს, რომ ვინმეს გაეჩერებინა ჩვენთვის და წავეყვანეთ ქალაქ თბილისში, თუმცა, ავტომანქანა არავინ გაგვიჩერა. რამდენიმე ასეული მეტრის გავლის შემდეგ, ქალაქ თბილისის მიმართულებით ჩვენ მდინარე არაგვის ხიდზე გადავედით თუ არა, უკანა მხრიდან დაგვეწია მოთეთრო-მოვერცხლისფრო ავტომანქანა, რომლის მარკა, სერია და ნომერი არ მახსოვს. ავტომანქანა გაჩერდა დაახლოებით, 10-15 მეტრით წინ მიმავალ ჩემ მეგობრებთან, გიორგი ქათამაძესთან და კონსტანტინე ღიბრაძესთან. ავტომანქანიდან გადმოვიდა დაახლოებით, 5 ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებმაც ცემა დაუწყეს გიორგი ქათამაძეს და კონსტანტინე ღიბრაძეს, რის შემდეგაც ერთ-ერთი გამოიქცა ჩემკენ და უკან გამოყვნენ დანარჩენებიც და როგორც კი მოვიდნენ ჩემთან, პირველმა, რომელიც გამოიქცა ჩემსკენ და მოვიდა ჩემთან, დამარტყა ხელი სახეში და მივიღე დაზიანება ცხვირის მიდამოში და ვიგრძენი ფიზიკური ტკივილი, რის შემდეგაც მე დავინახე, რომ სხვებიც მოდიოდნენ ჩემსკენ ჩემ საცემად, რის გამოც მე და ჩემ გვერდით მყოფი კიდევ 3 ახალგაზრდა ბიჭი, რომელთაგანაც ერთ-ერთი იყო გიორგი შაქარაშვილი, გავიქეცით უკან, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, მცხეთის მიმართულებით.

რამდენიმე მეტრი რომ გავიქეცით, მდევრებიც გაჩერდნენ, გატრიალდნენ უკან, ჩასხდნენ თავიანთ ავტომანქანაში და წავიდნენ. ამის შემდეგ ჩვენ ისევ გავაგრძელეთ ყველამ ერთად გზა ქალაქ თბილისისკენ, ანუ მე და ჩემმა მეგობარმა გიორგი ქათამაძემ და კიდევ იმ სამმა ახალგაზრდა ბიჭმა, რომლებიც ასევე იმყოფებოდნენ ანა გაბეჩავას დაბადების დღეზე და რომელთაგანაც ერთ-ერთი იყო გიორგი შაქარაშვილი, ხოლო კონსტანტინე ღიბრაძე ამ დროს იქ არ დამინახავს. მე უნდა მეკითხა გიორგი ქათამაძისთვის, კონსტანტინე ღიბრაძე სად არის-მეთქი, რა დროსაც იმავე ხიდზე როგორც კი გადავედით, ჩვენ უკანა მხრიდან დაგვეწია ავტომანქანა, რომლის ფერი, სერია და ნომერი არ მახსოვს, რადგან ვიყავი შეშინებული. აშკარად იყო სხვა ავტომანქანა. ავტომანქანა გაჩერდა ჩვენთან და როგორც კი გაიღო ავტომანქანის კარები და ავტომანქანიდან იქ მჯდომმა პირებმა დააპირეს გადმოსვლა, ჩვენ ყველა ერთად მოვტრიალდით უკან და გავიქეცით ქალაქ მცხეთის მიმართულებით. ისინი, ვინც ავტომანქანიდან გადმოვიდნენ, მოგვსდევდნენ უკან და გვეძახდნენ - გაჩერდით, სად გარბიხართო და გვაგინებდნენ. ჩვენ ყველამ ერთად ხიდზე გადავკვეთეთ გზა, გადავედით საავტომობილო გზის მეორე მხარეს და გავრბოდით. მე ხიდზე როგორც კი გადავედი, იქვე ჩავუხვიე დაბლა და როგორც კი ჩავუხვიე, ეგრევე ვნახე იქვე არსებული ბუჩქები და ჯაგები და გავიქეცი იქითკენ და დავიმალე აღნიშნულ ბუჩქებში, ხოლო სხვები თუ საით და რა მიმართულებით გაიქცნენ, არ ვიცი, რადგან იყო ღამე. მე სანამ ჩავუხვევდი ბუჩქებისკენ, დავინახე, რომ ჩემ წინ მირბოდა გიორგი შაქარაშვილი და მე რომ ჩავუხვიე ბუჩქებისკენ, ისინი, ვინც მოგვსდევდნენ, გაეკიდნენ გიორგი შაქარაშვილის და შემდეგ, თუ ვინ საით გაიქცა, არ დამინახავს. მე ჩუმად ვიჯექი და ვიმალებოდი ბუჩქებში, რა დროსაც საავტომობილო გზის მხრიდან დაახლოებით, 10 წუთი მესმოდა ძახილის ხმა - "სად გაიქეცით, გამოდითო" და თანაც გვაგინებდნენ. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ, ძახილის ხმა შეწყდა, თუმცა, მე მაინც არ გამოვსულვარ ბუჩქებიდან, სადაც ვიმალებოდი დაახლოებით, 35-40 წუთი. ბოლოს, როცა დავრწმუნდი, რომ საფრთხემ ჩაიარა, მე გამოვედი ბუჩქებიდან და გამოვედი ცენტრალურ საავტომობილო გზაზე. გზაზე რომ გამოვედი, მე დავურეკე ჩემი მობილური ტელეფონიდან ჩემს მეგობარ გიორგი ქათამაძეს მობილურ ტელეფონზე, რომლის სიმ ბარათის ნომერი არ მახსოვს და ვკითხე, სად მიდიხარ-მეთქი, რა დროსაც გიორგი იქვე საიდანღაც ბუჩქებიდან გამოვიდა საავტომობილო გზაზე, ხოლო ის სამი ახალგაზრდა ბიჭი, რომელთაგანაც ერთ-ერთი იყო გიორგი შაქარაშვილი, თუ სად წავიდნენ და სად იყვნენ, არ ვიცი, რადგანაც ისინი იმ დროს უკვე იქ არ ყოფილან. ამის შემდეგ მე დავურეკე ჩემს მეგობარ ლუკა ბეჟანიშვილის, რომლის ტელეფონის ნომერი არ მახსოვს და ვთხოვე, მოსულიყო ჩვენთან და წავეყვანე სახლში. რამდენიმე წუთში ჩვენთან მოვიდა ჩვენი მეზობელი კახა, რომლის გვარი არ ვიცი, თავისი ავტომანქანით, რომელმაც გვითხრა, რომ ლუკამ გამოგვგზავნა თქვენთანო, რის შემდეგაც ჩვენ, ანუ მე და გიორგი ქათამაძე ჩავჯექით კახას ავტომანქანაში და წავედით სახლში. უბანში რომ მივედით, იქ დაგვხვდა ჩვენი მეგობარი კონსტანტინე ღიბრაძე, რის შემდეგაც ჩვენ დავიშალეთ და წავედით სახლში.

მეორე დილით მე ანა გაბეჩავამ "ინსტაგრამზე" მომწერა, გიორგი შაქარაშვილი არ ჩანს და ხომ არ იცი, სად არისო, რაზედაც მე ვუპასუხე, რომ არ ვიცოდი. სწორედ მაშინ გავიგე ანასგან, რომ გიორგი შაქარაშვილი იყო დაკარგული. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მე შემიძლია ამოვიცნო ის ბიჭი, რომლებიც გიორგი შაქარაშვილთან ერთად იყვნენ, ხოლო იმ ბიჭებს, რომლებიც ჩვენ გამოგვეკიდნენ და გვცემდნენ, ვერ ამოვიცნობ, რადგან ისინი კარგად არ მინახავს. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მე არ ვიცი, ვის და ვის შორის და რა მიზეზით მოხდა ჩხუბი კაფე-ბარში, ანა გაბეჩავას დაბადების დღეზე. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მომხდარი ჩხუბის დროს მე სახეში ცხვირის მიდამოში მივიღე დაზიანება და მე თანახმა ვარ, ჩამიტარდეს ექსპერტიზა. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მე შემიძლია ამოვიცნო ის ორი ახალგაზრდა ბიჭი, რომლებიც გიორგი შაქარაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ და რომლებთან ერთადაც ჩვენ წავედით ქალაქ თბილისისკენ, მე მათი ამოცნობა შემიძლია სახეზე და ფიზიკურად.

კითხვაზე გიპასუხებთ, რომ როდესაც მე ჩემს უბანში მივედი და იქ დამხვდა კონსტანტინე ღიბრაძე, რომელსაც მე ვკითხე, შენ რითი წამოხვედი-მეთქი, რაზედაც მან მიპასუხა, რომ გზაზე ხელი გავუქნიე შემთხვევით გამვლელ ავტომანქანას და იმან გამომიყოლა ქალაქ თბილისშიო. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ როდესაც გავიგე ანა გაბეჩავასგან, გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, მე არ მიკითხავს არც ჩემს მეგობრებში და არც არავისთან გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, რადგანაც ვიფიქრე, რომ ალბათ, გამოჩდება-მეთქი. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მე შემიძლია ამოვიცნო გიორგი შაქარაშვილი... კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ის ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც მე მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც დაზიანება მივიღე ცხვირის მიდამოში, იყო ოდნავ გრძელი თმებით, საშუალო სიმაღლის და საშუალო აღნაგობის, რომლის ამოცნობაც მე შემიძლია. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ზემოთაღნიშნული ჩხუბის დროს მე მეცვა თეთრი ფერის გრძელსახელოიანი "საროჩკა" და ლურჯი ფერის ნაჭრის შორტები. როდესაც მე მომაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, მაგ დროს ასევე შემომეხა "საროჩკა", რომელიც მეცვა და რადგანაც იგი იყო გახეული, ქალაქ თბილისში ჩამოსვლისას ჩემ უბანში მდგარ ურნაში გადავაგდე, ხოლო შორტები მე გამოვიცვალე ჩემ სახლში და ამჟამად ვინახავ ჩემ საცხოვრებელ სახლში. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მე თანახმა ვარ, მონაწილეობა მივიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში", - აცხადებს ახველედიანი ჩვენებაში.

იხილეთ ასევე: "ერთი გარდაიცვალა, მეორეც უნდა მიჰყვეს?! დედაც არ ჰყავს აქ" - რას ამბობს გოგონას ადვოკატი, რომლის იუბილეზე დაწყებულ კონფლიქტს შაქარაშვილი ემსხვერპლა

"ინტერპრესნიუსი"