ოლიმპიური პრიზიორი რამაზ ნოზაძე ვალის ამოღებას გაუგონარი მეთოდებით ცდილობს - კვირის პალიტრა

ოლიმპიური პრიზიორი რამაზ ნოზაძე ვალის ამოღებას გაუგონარი მეთოდებით ცდილობს

კარგა ხანია, მანქანის მართვისას მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი აღარ არის საჭირო. მანქანების ყიდვა-გაყიდვისას მოქალაქეთა უმრავლესობა ფულის დაზოგვისა თუ სხვა მოსაზრებით ახალნაყიდ ავტომობილს არ იფორმებს და სიტყვაზე ენდობა გამყიდველს, მაგრამ, როგორც ჩანს, დღეს საქართველოში პატიოსანმა სიტყვამ ისეთივე "ინფლაცია" განიცადა, როგორიც ერთ დროს ულვაშმა.

შალვა ბუჩუკური: - ორი თვის წინ რუსთავის ავტომანქანების ბაზრობაზე BMW X5 შევიძინე ვინმე კობა წიკლაურისაგან. რადგან მანქანა მის სახელზე არ იყო გაფორმებული, გადავწყვიტე, ფული მას შემდეგ გადამეხადა, რაც მანქანის იურიდიულ მფლობელს შევუთანხმდებოდი. ვიფიქრე, სიფრთხილეს თავი არ სტკივა-მეთქი და მაინც მოტყუებული დავრჩი. მანქანის იურიდიული მფლობელი ოლიმპიური პრიზიორი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში რამაზ ნოზაძე ყოფილა. რადგან მანქანის მფლობელს  ნოზაძის ტელეფონის ნომერი არ ჰქონდა, მას ავლაბარში, სახლში მივაკითხეთ. შინ მისი ძმა დაგვხვდა. რამაზს ტელეფონით დავუკავშირდი. ვუთხარი, რომ მის სახელზე გაფორმებულ მანქანას ვყიდულობდი და ვკითხე, პრობლემა ხომ არ შემექმნებოდა.

მითხრა, ქუთაისში ვარ შეკრებაზე, ჩამოვალ და მანქანას გაგიფორმებო. ვენდე და კობა წიკლაურს მანქანის საფასური - 10.000 დოლარი გადავეცი. რამაზ ნოზაძე 5-6 დღეში დაბრუნდა თბილისში, მაგრამ მანქანის გაფორმებაზე სასტიკი უარი მტკიცა. მეტიც, პოლიციაში განცხადება შეიტანა, ჩემს მანქანას უცხო პირი მართავს და დამეხმარეთო. დამიბარეს და მანქანა ჩამომართვეს, ავტომობილი რამაზ ნოზაძეს ეკუთვნის და მის დაბრუნებას ითხოვსო.

- ნოზაძეს არ მოსთხოვეთ პასუხი, რატომ მოიქცა ასე?

- რა თქმა უნდა, ვკითხე, რატომ მომატყუე-მეთქი?

იმიტომ მოგატყუე, რომ ვიღაც იურას ჩემი ვალი აქვს, წადი და აკაჩავეო. თურმე ვიღაც იურა თუმანიანს რამაზ ნოზაძის ვალი ჰქონია 20.000 დოლარი და თუ მანქანის დაბრუნება მინდა, ფული მე უნდა წავართვა, ნოზაძეს მივუტანო და მხოლოდ ამის შემდეგ გამიფორმებს მანქანას.

მე ვინ ვარ, რომ ვიღაც იურას ნოზაძის ვალზე პასუხი მოვთხოვო? ან ვინ მომცა ვალის ამოღების უფლება? ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ. ახლა მანქანა დაპატიმრებულია, ისანი-სამგორის პოლიციაში დგას დალუქული. სამჯერ შევიტანე განცხადება პროკურატურაში, მაგრამ ამაოდ. მეუბნებიან, გამოძიება მიმდინარეობსო. ვის მოვთხოვო პასუხი?

სიტუაციაში გასარკვევად კობა წიკლაურს დავუკავშირდით.

- მართალია, ნოზაძე  არ უფორმებს ბუჩუკურს მანქანას, მაგრამ მე რა შუაში ვარ?

- მანქანა თქვენ არ მიჰყიდეთ ბუჩუკურს?

- მე მივყიდე, მაგრამ გაფორმებული რამაზის სახელზე იყო.

- არ შეუთანხმდით ნოზაძეს მანქანის გადაფორმებაზე?

- როგორ არ შევუთანხმდით. ჩემს თვალწინ დაურეკა შალვა ბუჩუკურმა ჩემი მობილურით რამაზ ნოზაძეს. ნოზაძემ უთხრა, ახლა ქუთაისში ვარ, ორ დღეში ჩამოვალ და გაგიფორმებო.

- ეს მანქანა დიდი ხანია გყავთ?

- 2008 წელს იურა თუმანიანისაგან ვიყიდე 15.000 დოლარად. ეს ვაცნობე რამაზ ნოზაძეს და მითხრა, ფასიანი ნომერი მაქვს, უკრაინაში მივდივარ და გთხოვ, ჩემს ჩამოსვლამდე ამ ნომრებით იარე, არ მინდა მისი ჩაბარებაო. უკან რომ დავბრუნდები, გაგიფორმებო.

- აღარ გაგიფორმათ?

- არა. მანქანა მალე დავამტვრიე. შეკეთება რომ მოვახერხე, გადავწყვიტე, გამეყიდა. სამი წელი მყავდა ეგ მანქანა და არც მოუკითხავს მისი ასავალ-დასავალი ნოზაძეს.

- სამი წლის შემდეგ რა მოხდა?

- ეტყობა, გაკეთებული მანქანა მოეწონა   და იფიქრა, წავართმევო. სხვა ვერსია არა მაქვს.

რამაზ ნოზაძეს სომხეთში დავუკავშირდით:

- რთული და ჩახლართული ამბავია. რამდენიმე წლის წინ ეს მანქანა იურა თუმანიანმა წაიყვანა. ფული სამ თვეში უნდა მოეცა და დღემდე არ მოუტანია. მერე ეს მანქანა გაუყიდია თუ რაღაც...

- თუმანიანმა მანქანა წიკლაურს 2008 წელს მიჰყიდა, რატომ მაშინ არ მოიკითხეთ თქვენი მანქანა?

- იურასთან მივდიოდი, ფულს ვთხოვდი, მპირდებოდა, დღეს-ხვალ მოგცემო და აქამდე კი გაჭიანურდა ეგ საქმე. არ მოჰქონდა ფული და ხომ არ მოვკლავდი?

- მაშინ შალვა ბუჩუკურს რატომ უთხარით, რომ პრობლემა არ ექნებოდა მანქანის გაფორმებაში?

- ვარჯიშზე ვიყავი, რომ დამირეკეს, მეჩქარებოდა და ისე მივაძახე, პრობლემა არ არის-მეთქი და გავუთიშე ტელეფონი, მეტი არაფერი. კარგად იცოდა, რომ მანქანა ჩემს სახელზე იყო გაფორმებული და არ უნდა ეყიდა. თქვენ იყიდდით სხვის სახელზე გაფორმებულ მანქანას?

- ჩემი მანქანა დღემდე სხვის სახელზეა გაფორმებული და ჯერჯერობით არავინ მართმევს. თქვენ კარგად იცით, რომ ეს საქართველოში ჩვეულებრივი ამბავია მას შემდეგ, რაც მანქანის მართვისას მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი აღარ არის საჭირო.

- ასეა, მაგრამ ჩემს სიტუაციაში ასე არ არის. ბუჩუკური კი მართლა ცოდვაა.

- უცნაურია, რას ელოდებოდით მთელი სამი წელი, ან რატომ გადაწყვიტეთ მაინცდამაინც მაშინ გეჩივლათ, როცა  მანქანა მესამეჯერ გაიყიდა?

- წიკლაურმა რომ მითხრა, გავყიდე და გაუფორმე მანქანაო, მაშინ ვუთხარი, როგორ, მე ფული არ ამიღია და რას ჰქვია, გადავუფორმო-მეთქი?

- გეთქვათ ბუჩუკურისთვის, არ გაგიფორმებ მანქანას, პრობლემები გექნება-თქო.

- ბუჩუკურმა იმავე დღეს მისცა ფული წიკლაურს. მოეთმინა, ჩამოვიდოდი და მერე ეყიდა. ერთი დღე ვერ მოითმინა და ჩემი რა პრობლემაა? მაგრად არ მსიამოვნებს ეგ ამბავი. კი არის ცოდვა ეგ კაცი, მაგრამ არ ვიცი, რა ვქნა. 24.000 დამიჯდა ეგ მანქანა და კაპიკი ფული არ ამიღია. არა ვარ ის კაცი, მანქანის გულისთვის სახელი გავიფუჭო. ჩამოვალ და შეიძლება გულისხმიერება გამოვიჩინო და მანქანა ბუჩუკურს ვაჩუქო.

- ბუჩუკურს 10.000 დოლარი აქვს გადახდილი მანქანაში, რა სჭირს საჩუქებელი?

- ყველაზე კარგ სიტუაციაში მე ვარ, ჩემზეა გაფორმებული მანქანა. ჯერ კიდევ ვიფიქრებ, მაგრამ რომ ჩამოვალ, შეიძლება ვაჩუქო კიდეც!

თამარ აბესაძე, შალვა ბუჩუკურის ადვოკატი: - საქართველოში გაფორმების პროცედურა ნდობის ფაქტორზეა დამოკიდებული. ვინაიდან სხვისი მანქანის ტარება შეიძლება, ზოგი ავტომობილს ერთი დღის, ზოგი ერთი თვის ან ერთი წლის შემდეგ იფორმებს, ზოგიერთი სულაც არ იფორმებს და სიტყვაზე ენდობა გამყიდველს. ამ შემთხვევის შემდეგ კი აღარ ვიცი, ვინმეს სიტყვას თუ ექნება ფასი. იურიდიულმა მეპატრონემ, ანუ რამაზ ნოზაძემ მოატყუა მყიდველი და მისი ნდობა ბოროტად გამოიყენა. ახლა რა გამოდის? წიკლაურმა სარგებელი მიიღო, მოიშორა ნაკლიანი მანქანა. ნოზაძე მანქანას უკან ითხოვს, ბუჩუკურმა კი ვის მოსთხოვოს პასუხი?

- თუ ნოზაძე ვინმე იურა თუმანიანმა მოატყუა, რატომ მას არ სთხოვს ნოზაძე პასუხს?

- ნოზაძემ შეიტანა საჩივარი, მაგრამ თუმანიანის თაღლითობა არ დადასტურდა (აღიარებს ნოზაძის ვალს). ამ საქმეზე შალვა ბუჩუკური მოწმის სახით არის დაკითხული, გამოძიებას წიკლაურმაც მისცა ჩვენება, რომ ბუჩუკურმა მანქანა მისგან ნამდვილად იყიდა ნოზაძესთან შეთანხმებით, მაგრამ ყველაფერი ამაოა. პროკურატურა ორი თვეა გაიძახის, საქმეს ვიძიებთო. როგორც ჩანს, ეს იმიტომ ხდება, რომ ნოზაძე ნოზაძეა, ოლიმპიური პრიზიორი, ბუჩუკური კი ერთი ჩვეულებრივი მოკვდავი.