ფოთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე სამი პირი დააკავეს - შსს ინფორმაციას ავრცელებს - კვირის პალიტრა

ფოთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე სამი პირი დააკავეს - შსს ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიცის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თანმხლებ პირებთან ერთად, 1976 წელს დაბადებულ ვ.ტ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი, სავარაუდოდ, ბასრი საგნისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. უგონო მდგომაროებაში მყოფი ვ.ტ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მალევე გარდაიცვალა.

საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისა და დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

იხილეთ ასევე: "სამძიმრიდან რომ გამოვედით, სპეცრაზმი მეგონა, ისე შემოვარდნენ" - რას ამბობს ფოთში მოკლულის მამა შვილის ე.წ. ქურდულ გარჩევებთან კავშირზე?