19.06.2020. მცხეთა - კვირის პალიტრა

19.06.2020. მცხეთა

გიორგი შაქარაშვილის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებამ იმდენი პასუხგაუცემელი კითხვა გააჩინა და ტყუილ-მართალი ისეა ერთმანეთში არეული, სიმართლის გარკვევა ჭირს, არადა, საზოგადოება მთავარ კითხვაზე პასუხს ელოდება - უნდა გაირკვეს, რას შეეწირა უდანაშაულო ბიჭის სიცოცხლე.

შეგახსენებთ, რომ ამ საქმეზე 17 პირია დაკავებული. გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, ძალადობა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება.

მთელი კვირაა, მედია საქმის ყველა დეტალს აშუქებს. უპრეცედენტო ფაქტია, რომ ჟურნალისტების ხელში მთლიანად აღმოჩნდა 10-ტომიანი სისხლის სამართლის საქმე და საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია მოწმეთა, დაზარალებულთა და ბრალდებულთა ჩვენებები, რაც დამატებით კითხვებს აჩენს... თითქმის ყველა პირი რამდენჯერმეა დაკითხული, ყველა ადვოკატს კი თავისი ვერსია აქვს. ისინი თავიანთი დასაცავების უდანაშაულობის დამტკიცებას ცდილობენ და მათი ვერსიები ისეთი შეუსაბამოა, ძნელია გაარკვიო, ვინ ტყუის და ვინ ამბობს სიმართლეს. მეტიც - ერთი და იგივე ადვოკატები სხვადასხვა ინტერვიუში სხვადასხვა ვერსიაზე ლაპარაკობენ და ამ ფონზე მთელი საზოგადოება მსჯელობს, ფიქრობს, ვარაუდობს, რა მოხდა იმ საბედისწერო ღამეს მაგისტრალზე.

ვახტანგ ახვლედიანის ჩვენებებიდან...

დადგენილია, რომ ყველაზე ბოლოს ვახტანგ ახვლედიანმა დაინახა, როგორ გარბოდა გიორგი შაქარაშვილი არაგვის ხეობისკენ. ახვლედიანი ამ საქმეში დაზარალებულად ცნეს. გამოძიებამ ის ორჯერ დაკითხა - Aპირველად 19 ივნისს, მეორედ კი 23 ივნისს, ადვოკატ მზია ქასრაშვილთან ერთად. სწორედ იმ საღამოს ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტიც და ის ინციდენტის ადგილას წაიყვანეს. საქმის მასალებით ისიც ჩანს, რომ ახვლედიანს ეცვა თეთრი პერანგი, რომელზეც იყო სისხლის კვალი. მცხეთის ტრასაზე გიორგი შაქარაშვილი ვახტანგ ახვლედიანს თეთრ პერანგზე სისხლის ლაქაზე მიუთითებს, მაგრამ ეს პერანგი საქმეში არ დევს, რადგან ახვლედიანმა ჩხუბის შემდეგ ის ნაგვის ურნაში გადააგდო. ასე დაკარგა გამოძიებამ ერთ-ერთი მტკიცებულება, რომელიც გასცემდა პასუხს კითხვას - ვისი სისხლის ლაქა იყო პერანგზე.

ახვლედიანის 23 ივნისს მიცემული ჩვენებიდან (სტილი დაცულია): "გიორგი შაქარაშვილმა ხიდზე სირბილისას, დაახლოებით შუა ნაწილში, ხიდის მეორე მხარეს გადაირბინა და მეც ამ მიმართულებით წავედი. ის იყო ჩემ წინ დაახლოებით ხუთი ნაბიჯით. ამ დროს ჩვენი მიმართულებით ისმოდა გინება იმ ადამიანების მხრიდან, ვინც მოგვდევდა. ხიდის მარჯვენა მხარეს გაჩნდა ცენტრალური გზიდან გადახვევის შესაძლებლობა. გადავუხვიე მარჯვენა მხარეს და გადავედი ცენტრალური საავტომობილო გზიდან, რათა დავმალულიყავი. სადაც ჩავუხვიე, რელიეფი იყო უსწორმასწორო, გარკვეულად ციცაბო. მოვახერხე ხიდიდან ქვემოთ ჩასვლა და აღმოვჩნდი ვიწრო საავტომობილო გზაზე, ამ გზაზე ჩავირბინე ოდნავ დაბლა. დაახლოებით 15-20 მეტრში, შევნიშნე ვიწრო ჩასასვლელი და იქვე დავიმალე ეკალბარდებში. უკან არ მომიხედავს, არ ვიცი, მომდევდა თუ არა ვინმე. მესმოდა სირბილით ნაბიჯების ხმა, ასევე ძახილი: "სად ხართ?" ჩამოხვევის შემდეგ ვერ დავინახე გიორგის გადაადგილება. იქიდან გამომდინარე, რომ დამალვის შემდეგ მესმოდა სირბილის, ნაბიჯების ხმა, ხსენებულ ვიწრო გზაზე აშკარად ხდებოდა გადაადგილებები. დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში მესმოდა ფეხის ხმა, ისინი ყვიროდნენ, გამოდითო, თუმცა შიშის გამო ხმას არ ვიღებდი".

19 ივნისს მიცემულ ჩვენებაში კი ვახტანგ ახვლედიანი წერს, რომ მან დაინახა, როგორ გაედევნენ შაქარაშვილს თავდამსხმელები (სტილი დაცულია):

"მე სანამ ჩავუხვევდი ბუჩქებისკენ, დავინახე, რომ ჩემ წინ მირბოდა გიორგი შაქარაშვილი. მე რომ ჩავუხვიე ბუჩქებისკენ, ისინი, ვინც მოგვდევდნენ, გაეკიდნენ გიორგი შაქარაშვილს, ხოლო შემდეგ ვინ სად გაიქცა, არ დამინახავს. ვიჯექი ჩუმად და ვიმალებოდი ბუჩქებში, რა დროსაც საავტომობილო მხრიდან დაახლოებით 10 წუთი მესმოდა ძახილი, სად გაიქეცით, გამოდითო და თან გვაგინებდნენ. აშკარა იყო, მათ ჩვენი ცემა უნდოდათ. სიტყვიერად ეს არ უთქვამთ".

საქმის მასალების მიხედვით, ახვლედიანი ფიგურირებს როგორც აგარაკზე დაწყებულ კონფლიქტში, ისე - მაგისტრალის ინციდენტში, თუმცა თავის ჩვენებაში ამბობს, რომ აგარაკზე მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიუღია, იმას კი ადასტურებს, რომ ავტობანზე მომხდარი ჩხუბის დროს პერანგი დაეხა (სტილი დაცულია): "ჩხუბის დროს მე მეცვა თეთრი ფერის გრძელსახელოებიანი პერანგი და ლურჯი ფერის ნაჭრის შორტები. როდესაც მომაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, შემომეხა პერანგი და რადგანაც ის იყო დახეული, თბილისში ჩამოსვლისას ჩემს უბანში მდგარ ურნაში გადავაგდე, ხოლო შორტები გამოვიცვალე სახლში".

ლურჯი შორტი გამოძიებამ მისი ბინიდან ამოიღო და ექსპერტიზა უტარდება, 23 ივნისს კი ჩაატარეს საგამოძიებო ექსპერიმენტი და ახვლედიანი იმ ურნასთან მიიყვანეს, სადაც დახეული პერანგი გადააგდო...

იაკობ ბრეგვაძის ჩვენებებიდან...

ბევრი კითხვა გააჩინა ფოტოგრაფის ჩვენებამაც. დღემდე მსჯელობენ, წაშალა თუ არა ფოტოგრაფმა ჩხუბის ამსახველი კადრები. ამ კითხვასაც პასუხს ექსპერტიზა გასცემს. 18 წლის იაკობ ბრეგვაძე ასევე ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, ისიც დაზარალებულად არის ცნობილი და ამბობს, რომ გაქცევით უშველა თავს. კითხვა იმის თაობაზე, თანამშრომლობს თუ არა გამოძიებასთან, მას შემდეგ გაჩნდა, რაც მედიისთვის ცნობილი გახდა პოლიციელის პატაკი (სტილი დაცულია): "იაკობ ბრეგვაძის გამოკითხვის ოქმის ანალიზის შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და მოვლენათა ნაწილის შესახებ, რომელთა უშუალო შემსწრეც გახდა, ინფორმაციას არ აწვდის გამოძიებას. აქედან გამომდინარე, არსებობს ვარაუდი, რომ მან მომხდარი ფაქტების ამსახველი ფოტოებიც გადაიღო, რომელიც შესაძლებელია გაანადგურა, წაშალა, რისი აღდგენაც შესაძლებელია მხოლოდ ექსპერტიზის ჩატარების გზით. არსებობს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველი, რომ შესაძლებელია, აღნიშნული კამერით დაფიქსირებულიყო საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები, მათ შორის - მომხდარი კონფლიქტი, კონფლიქტთან დაკავშირებული მოვლენები, კონფლიქტში მონაწილე პირთა გადაადგილება და ისეთი გარემოებები, რომლებიც მნიშვნელოვანია საქმის სწორი წარმართვისთვის. ვინაიდან ექსპერტიზის ჩატარების გარეშე ვერ მოხერხდება წაშლილი ფოტომასალის აღდგენა, აღმოჩენა და გადმოწერა, უნდა მოხდეს ფოტოაპარატის ამოღება, რათა დაინიშნოს საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა, რის შემდეგაც მოხდება ფოტოაპარატში არსებული და წაშლილი მასალის აღდგენა".

ექსპერტიზის შესახებ გაცემულ დოკუმენტში წერია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი მეხსიერების ბარათიდან ამოღებული და აღდგენილია 2198 არსებული და 1700 წაშლილი გრაფიკული და ვიდეოფაილი, მეხსიერების ბარათიდან სხვა სახის მასალის ამოღება/აღდგენა კი ექსპერტთა ხელთ არსებული აპარატურულ-პროგრამული საშუალებებით შეუძლებელი აღმოჩნდა. დაეხმარება თუ არა გამოძიებას ეს აღდგენილი მასალა, მოგვიანებით გაირკვევა.

საქმეში იაკობ ბრეგვაძის ორი ჩვენება დევს. პირველ ჩვენებაში ის ამბობს, რომ გაქცევისას 112-ში დარეკა და დახმარება ითხოვა. საპატრულო პოლიცია ადგილზე ინციდენტის ამოწურვის შემდეგ მივიდა, მან საპატრულო ეკიპაჟს უთხრა, რომ კონფლიქტი დამთავრებული იყო და პოლიციას თბილისში გაჰყვა. 21 ივნისს მიცემულ მეორე ჩვენებაში კი ამბობს, რომ პატრული გამოიძახა, შემდეგ გამოძახება გააუქმა, რადგან კონფლიქტი ამოწურული იყო და დახმარება აღარ სჭირდებოდა, თუმცა პოლიცია მაინც მივიდა. სხვა ვერსიით, იაკობ ბრეგვაძე ამბობს, რომ ინციდენტის ადგილას მისულ პოლიციას ყველაფერი უამბო.

დადგენილია ერთი რამ - სწორედ ბრეგვაძე იყო ერთადერთი ადამიანი, რომელმაც პოლიცია გამოიძახა. ჯერჯერობით უცნობია ისიც, გამოიკვეთება თუ არა იმ საპატრულო ეკიპაჟის პასუხისმგებლობა, რომელიც ადგილზე მივიდა და შეტყობინების მიუხედავად, არ უცდია გაერკვია, რა მოხდა. ფოტოგრაფი საპატრულო მანქანით თბილისში ჩამოიყვანეს - ეს იყო და ეს. როგორც შევიტყვეთ, პოლიციელთა საქციელს გენინსპექცია იკვლევს და არ არის გამორიცხული, ამ დღეებში საქმის რეაგირების გარეშე დატოვებისთვის მათი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.

შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთები

საქმის მასალებით ირკვევა, რომ 25 ივნისს მდინარე არაგვის ხიდის ქვეშ, ნაპირის დათვალიერების შედეგად ნაპოვნია შავი წინდები და შავი ფერის ფეხსაცმლის საფენები. ამოღებული ნივთები ქიმიურ და ბიოლოგიურ ექსპერტიზაზეა გაგზავნილი.

საქმეში ფიგურირებს შავი ფერის პატარა სპორტული ჩანთაც, რომელიც შაქარაშვილს გარდაცვალებამდე გადაღებულ კადრებში მხარზე აქვს გადაკიდებული. ამ ჩანთასთან დაკავშირებით კითხვები კვლავ არსებობს. ცნობილია, რომ ის სვეტზე შემოდებული მაშინ ნახეს, როცა პოლიციელები "ოქროს მოწმესთან", გურამ ამირხანაშვილთან ერთად საგამოძიებო ექსპერიმენტს ატარებდნენ და ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, როგორ აღმოჩნდა ის ხიდის საყრდენ სვეტზე.

გიორგი შაქარაშვილის ცხედრის აღმოჩენისა და დათვალიერების ოქმში დეტალურად არის აღწერილი, რა ეცვა გარდაცვლილს და რა მდგომარეობაში იპოვეს მაშველებმა ცხედარი - მას ეცვა შავი შორტი, ორნამენტებიანი პერანგი, ყელზე ეკიდა ძეწკვი ჯვრით.