"ეს ჟურნალისტური გამოძიება არ არის! ასე არც გამოძიება გვექნება, არც - შედეგი და ვერც სიმართლე გაირკვევა!"
"ეს ჟურნალისტური გამოძიება არ არის! ასე არც გამოძიება გვექნება, არც - შედეგი და ვერც სიმართლე გაირკვევა!"
"არ მინდოდა აქ ამ საქმეზე რაიმე მეთქვა, მაგრამ ტელეეთერები დუღს - ყველა­ საჯაროდ ციტირებს ჩვენებებს (გამოკითხვის ოქმებს)!!! ყველას აქვს ვერსია საკუთარი ფანტაზიის მიხედვით. ბევრი უკვე აღარ ენდობა გამოძიებას. ბევრი უკვე "მკვლელების" უმკაცრეს დასჯას ითხოვს! სატელევიზიო გამოკითხვებში ქუჩაში გამვლელებს გამოაქვთ ვერდიქტი!!! სატელევიზიო ინტერაქტივი ნაფიც მსაჯულთა კომპეტენციას ითავსებს!!! რეალურად კი ჯერ არ არის ცნობილი, როგორ დაიღუპა ახალგაზრდა!!!­ ერთ გადაცემაში გარდაცვლილის გადაადგილების ტრაექტორიაც კი "აღადგინეს"... მედიამ, მოყვარულებმა, ადვოკატებმა საჯაროდ, სახალხოდ უკვე "დაალაგეს" ჩვენებები!!!
"დამნაშავე" სახელმწიფოა!!! კითხვა მაქვს: სასამართლო გვჭირდება?!" - ასე გამოეხმაურა სოციალური ქსელით დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ფეხბურთელის საქმეს. ის დარწმუნებულია, რომ საქმის საჯაროდ განხილვა გამოძიებას დააზარალებს.
- დარწმუნებული ვარ, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზის დადგენა შესაძლებელია, ოღონდ ამას ექსპერტიზის დასკვნა და დრო სჭირდება... რასაც დღეს ვხედავთ, წარმოუდგენელია
- გამოძიების საიდუმლო სტრატეგია, ტაქტიკა აბსოლუტურად გადაითელა და ეს ყველაფერი საზოგადოების აზრზე ზემოქმედებისთვის ხდება. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ჟურნალისტები ქუჩაში აჩერებენ გამვლელებს და ეკითხებიან, გჯერათ გამოძიებისო? ყველა თავის ვერსიას გვთავაზობს და ამ ვერსიების განხილვამ, ფაქტობრივად, საზოგადოებას უკვე ჩამოუყალიბა აზრი, თანაც - მტკიცებითი ფორმით, რომ ბიჭი მოკლეს! არადა, ჯერ საქმეში არ დევს ექსპერტიზის დასკვნა. ეს აღმაშფოთებელია! არგუმენტაციის არარსებობის ფონზე ამტკიცებენ, რომ ეს არის მკვლელობა. უდანაშაულობის პრეზუმფციასაც რომ თავი დავანებოთ, ჟურნალისტები გამოძიების პარალელურად ამზადებენ დაუშვებელ სიუჟეტებს და საზოგადოება ამას იღებს, როგორც სიმართლეს. ადვოკატების ფანტაზია ისე შორს წავიდა, რომ ტელევიზიით ვითომ ექსპერიმენტს ატარებენ და იმაზეც კი ლაპარაკობენ, რას ფიქრობდა ბიჭი იმ დროს, როცა გარბოდა და იქ ჩადიოდა. კინაღამ გავგიჟდი, როცა ამას ვუსმენდი... გასაგებია, ადვოკატს აქვს უფლებები, მაგრამ საზოგადოებას თავისი აზრი და ტყუილი მოახვიოს თავს, წარმოუდგენელია!

დარწმუნებული ვარ, ექსპერტიზით დადგინდება, ეს იყო ასფიქსია, თუ ბიჭი მოკლული გადაადგეს წყალში. ლაბორატორიული კვლევებითა და სხვადასხვა მეთოდიკით გაირკვევა, შაქარაშვილი ცოცხალი მოხვდა წყალში თუ გარდაცვლილი... ბევრი რამის თქმა შემიძლია, მაგრამ არ მინდა, ეს შემდეგ ადვოკატებისთვის ერთგვარ "შპარგალკად" იქცეს, ამიტომ ვერსიებზე საუბრისგან თავს შევიკავებ... დიდი ალბათობით, ექსპერტიზის დასკვნა იქნება კატეგორიული, თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა...K მთავარია, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დროულად გამოაქვეყნოს შედეგი და ამით ხელი შეუშალოს არასწორი ინფორმაციის გავრცელებას, რათა ამ მანქანას არ მიეცეს საზოგადოებაზე ზემოქმედების საშუალება. ექსპერტიზის ბიურო ხშირად მიიჩნევს, რომ დეტალები ერთხანს გასაიდუმლოებული უნდა იყოს. ეს სააკაშვილის დროს დაიწყეს, თორემ მანამდე არ იყო საიდუმლო... როცა მე ვიყავი ხელმძღვანელი, მაშინვე ვაქვეყნებდით იმას, რისი გამოქვეყნებაც შეიძლებოდა. ვიცოდით, რა შეიძლებოდა გვეთქვა, რომ გამოძიება არ დაზარალებულიყო.

ახლა წარმოუდგენელი რამ ხდება. ჟურნალისტურ გამოძიებას თავისი წესები აქვს, მაგრამ რაც დღეს ხდება, ჟურნალისტური გამოძიება არ არის! ასე არც გამოძიება გვექნება, არც - შედეგი და ვერც სიმართლე გაირკვევა! თუ ეს მკვლელობა იყო, შეიძლება დამნაშავე არც დაისაჯოს და უდანაშაულო ადამიანი მოხვდეს ციხეში. ყველა ეთიკური თუ მორალური ნორმა დარღვეულია. ეს არის არაპროფესიონალიზმი და სირცხვილი! დაზარალებულს საქმის მასალებს არ აცნობენ, ჟურნალისტებს კი ხელში უჭირავთ მთელი 10-ტომიანი საქმე, ყველა ჩვენების ასლი და საზოგადოებას აცნობენ. ეს ნონსენსია!
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები