"არ გამოვრიცხავ, რომ დაპატიმრებულთა რიცხვი გაიზარდოს" - რა გადაიღო ფოტოგრაფმა საბედისწერო ღამეს?! - კვირის პალიტრა

"არ გამოვრიცხავ, რომ დაპატიმრებულთა რიცხვი გაიზარდოს" - რა გადაიღო ფოტოგრაფმა საბედისწერო ღამეს?!

"მე ყველაზე მეტად მაინტერესებს, გაჩნდება თუ არა საქმეში კიდევ ერთი მუხლი ბავშვის სიკვდილთან დაკავშირებით და ეს ბრალდება დაემატება თუ არა ახლა წაყენებულ ბრალს... ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს, 17 პირი იქნება ბრალდებული თუ - 37, მთავარია, დამნაშავეები დაისაჯონ. მათ პასუხი უნდა აგონ უდანაშაულო ბიჭის სიკვდილისთვის..."

გიორგი შაქარაშვილის ბიძა, იურისტი მირიან ნიკოლაძე ამ საქმის დეტალებზე საუბრობს.

- ბატონო მირიან, ამ საქმეზე თითქმის ყველა ტელეარხზე მზადდება სიუჟეტები და იმდენი ურთიერთგამომრიცხავი ვერსია ვრცელდება, სიმართლის გარკვევა შეუძლებელია...

- ჟურნალისტებთან ინტერვიუებზე უარი ვთქვი იმის გამო, რომ დაიწყო სისულელეების მომზადება. ამას ჰქვია ქაოსი! ეს არის სუბიექტური მოსაზრებები და არ ეყრდნობა მტკიცებულებებს. მაგალითად, დიდი ხმაური და განგაში მოჰყვა ფოტოაპარატის ამოღების ამბავს... გამოქვეყნდა კიდეც საქმეში არსებული ოპერატიული მუშაკის პატაკი, რომლის საფუძველზე ჩამოართვეს იაკობ ბრეგვაძეს ფოტოაპარატი. თქვე დალოცვილებო, ან საქმის მასალებს გადახედეთ, ან კომენტარს საერთოდ ნუ გააკეთებთ. დიახ, სწორედ პატაკი გახდა ფოტოკამერის გადაუდებელი ამოღების საფუძველი. ეს პატაკი რომ არ დაწერილიყო, გამოძიება დროს დაკარგავდა, რადგან სასამართლოსთვის უნდა მიემართა, რათა მიეღო ჩხრეკისა და ამოღების ნებართვა, რაც გამოძიებას ორ დღეს მაინც დააკარგვინებდა, მაგრამ გამოძიებამ გამოსავალი იპოვა - დაწერა პატაკი და მიუთითა, რომ არსებობს მასალის დაკარგვის საფრთხე და როგორც გადაუდებელი აუცილებლობა, ბრეგვაძეს ის ოპერატიულად ჩამოერთვა. დროულად გაუშვეს ექსპერტიზაზეც და უკვე დადგენილია, რა კადრებია ფოტოაპარატში.

ქვით მონიშნულია ის ადგილი, სადაც შაქარაშვილის ჩანთა იპოვეს

- რა არის ამ კადრებზე ასახული? ამბობენ, რომ რაღაცები წაშლილია... - შესაძლოა, არც არაფერი იყოს წაშლილი, რადგან იქ არის ვიდეორგოლები და ფოტოები, ასევე - გადაადგილების ფოტოკოლაჟი... მას არ გადაუღია ტრასაზე ჩხუბის დეტალები და რაც გადაიღო, საქმეში დევს, როგორც მტკიცებულება. დაველოდოთ ექსპერტიზას... არც ბრეგვაძის ჩვენებაშია რაიმე შეუსაბამობა.

არ მესმის, რა გახდა ამ აჟიოტაჟის საფუძველი. საკუთარი თვალით ვნახე, პირდაპირი ეთერით როგორ კითხულობდნენ გუკა ამირხანაშვილის 19, 21 და 23 ივნისის ჩვენებებს და ბოლოს დაასკვნეს, თანაც ყველა შეთანხმდა, რომ თურმე თავდაპირველად ამირხანაშვილს არ დაუსახელებია ის პირები, რომლებიც დაედევნენ და არც ის უთქვამს, თავისუფლება უკანონოდ აღმიკვეთესო, საბოლოოდ კი ჩვენება შეცვალაო... ამის მოსმენის შემდეგ სახტად დავრჩი. ამირხანაშვილი 19-შიც და 23-შიც წერს, თავისუფლება აღმიკვეთესო. მეტიც, ამბობს, რომ შეშინდა, როცა მანქანაში ჩასვეს, იყო ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ... ასეთ სასწაულს რომ უყურებ და უსმენ, რაღა უნდა თქვა?!..

მასმედიაში თითქოს შემთხვევის ადგილის კადრებს აჩვენებენ, ამბობენ, ფაქტი აქ მოხდაო, არადა, ეს კადრები არაგვის გაღმა ნაპირზეა გადაღებული, ბავშვი კი იქ ვერაფრით აღმოჩნდებოდა და ეს დადასტურებულია უამრავი ადამიანის, მათ შორის - ბრალდებულებისა და დაზარალებულების გამოკითხვით, ესენი კი სხედან ეთერში და განიხილავენ, როგორ შეიძლებოდა ბავშვი ხუთმეტრიანი კედლიდან არაგვში გადავარდნილიყო და ამაზე მეც მთხოვენ კომენტარს. ხალხო, იმ კადრებში დიდი ბეტონის კედელი რომ ჩანს, იმ ადგილას გიორგი არ ყოფილა! ის იქით არის, მდინარის მეორე ნაპირას, სადაც ბავშვს ფეხი არ დაუდგამს. ის მოხვდა აქეთა სანაპიროზე. ჩანთაც იმ ბურჯზე იდო, რომელიც ამ მხარესაა, მეორე ბურჯი კი ძველი ხიდისაა და მანძილი ამ ბურჯებს შორის 15-20 მეტრია...

- რა სიღრმისაა იქ წყალი? - ისეთი ადგილია, სადაც წყალი ზოგან კოჭამდეა, ზოგან - 1,5 მეტრი, ზოგან კი - 2 მეტრი...

- ჩვენ ვნახეთ კადრები, სადაც ახვლედიანის პერანგზე ჩანს სისხლის კვალი, რაც ადასტურებს, რომ აგარაკზე ჩხუბი იყო. ეს კადრები თავიდანვე იდო საქმეში? - ჩხუბი იყო წვეულებათა დარბაზშიც, გარეთაც, მერე გაგრძელდა ავტობანზე და დასრულდა უმძიმესი ტრაგედიით. სისხლიანი პერანგის კადრი, სავარაუდოდ, ფოტოგრაფის გადაღებულია...

- საქმის მასალებით ვიცით, რომ ახვლედიანმა სისხლიანი პერანგი გაიხადა და ნაგვის ურნაში გადააგდო. დღეს ეს პერანგი, როგორც მტკიცებულება, საქმეში არ დევს... - ამ მაისურთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით...

- ამბობენ, ამირხანაშვილმა სიმართლე იცისო. გაქვთ ეჭვი, რომ ის რამეს მალავს? - არ ვიცი, ზუსტად ვერაფერს გეტყვით... ვიღაცები ამბობენ, ოჯახს რატომ არ უჩნდება კითხვებიო... ხალხო, დაზარალებულ ოჯახს 9-ჯერ მეტი კითხვა უჩნდება, ვიდრე მათ, მაგრამ პასუხს იმისგან ველით, ვინც საქმეს იძიებს. კითხვები გვაქვს და მივდივართ იმასთან, ვინც უნდა დაგვარწმუნოს და ნაწილობრივ ვიღებთ კიდეც პასუხებს. რასაც საჯაროდ გაჰყვირიან, ეგ კითხვები კი არა, მტკიცებითი ფორმაა, სკანდალის საფუძველი...

- რა კითხვები გქონდათ გამოძიებასთან? იურისტი ბრძანდებით და თქვენი კითხვები პროფესიონალური იქნებოდა... - კონკრეტულად რა კითხვები მქონდა, ამას ახლა ვერ გეტყვით, მაგრამ მერწმუნეთ, ამ ეტაპზე ზუსტად იმას ვიკვლევთ, გიორგი მოკლეს თუ არა, ან დაზიანება მიაყენეს თუ არა. ყველა შემთხვევაში ეს "ტოიოტა ქამრიდან" გადმოსული ადამიანების ჩადენილია. სწორედ ისინი დაედევნენ ბავშვებს. ბევრ რამეზე გავამახვილე ყურადღება გამოძიებასთან და პასუხებიც მივიღე. მერე ყველაფერი შევაჯერე. საქმეში ბევრი დეტალია, მაგრამ ამაზე ახლა ვერ ვილაპარაკებ. საბოლოო პასუხს ექსპერტიზა გაგვცემს. მთავარი სწორედ ექსპერტიზაა! თუ გვინდა, ყველაფერზე დადასტურებულად ვილაპარაკოთ, ექსპერტიზას უნდა დაველოდოთ. გამოძიებას თავისი სპეციფიკა აქვს და ჟურნალისტური გამოძიებისგან განსხვავდება. უამრავი დეტალია, რომელთაც, თუ სისტემაში არ გიმუშავია, ვერ გაიგებ. დაველოდოთ გამოძიებას და ექსპერტიზას. უნდა გაირკვეს, მდევარმა გააგრძელა თუ არა გიორგის დევნა, მოკლეს და წყალში გადააგდეს, თუ გადაგდების შემდეგ გარდაიცვალა...

- ჩვენთან ინტერვიუში ამბობდით, რომ შეიძლებოდა გიორგის ფეხი დასცურებოდა და წყალში ჩავარდნილიყო... ეს ვერსია კვლავ განიხილება? - ჯერჯერობით არც ეს ვერსიაა გამორიცხული. დარწმუნებული ვარ, კატეგორიული იქნება ექსპერტიზის დასკვნა და გაირკვევა, გიორგი მოკლეს და გადააგდეს, თუ დევნის შედეგად ბავშვი გადავარდა... ექსპერტიზის პასუხი ამ დღეებში იქნება. მე უფრო მეტი ვიცი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რადგან ამით შეიძლება საკუთარი ინტერესები დავაზიანო. ჩვენი მთავარი მიზანი სიმართლის გარკვევაა... ყოველდღიურად ვრცელდება ახალ-ახალი კადრები, ვუყურებთ ათას სისულელეს... მერწმუნეთ, ოჯახი ყველაფრის საქმის კურსშია და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ გვაქვს სრული ინფორმაცია. ბუნებრივია, კიდევ უამრავი შეკითხვა მიჩნდება. არც იმას გამოვრიცხავ, რომ დაპატიმრებულთა რიცხვი გაიზარდოს. მე ყველაზე მეტად მაინტერესებს, გაჩნდება თუ არა საქმეში კიდევ ერთი მუხლი ბავშვის სიკვდილთან დაკავშირებით და ეს ბრალდება დაემატება თუ არა ახლა წაყენებულ ბრალს... ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს, 17 პირი იქნება ბრალდებული თუ - 37, მთავარია, დამნაშავეები დაისაჯონ. მათ პასუხი უნდა აგონ უდანაშაულო ბიჭის სიკვდილისთვის.

- ამბობენ, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია შავი წინდა და ფეხსაცმლის საფენები... - ეს ნივთები გიორგისი არ არის. ბავშვს თეთრი წინდა ეცვა. ეს ნივთები შემთხვევის ადგილზე აღმოაჩინეს და გიორგისთან არაფერი აკავშირებს, თუმცა ექსპერტიზა მაინც დაინიშნა. ვნახოთ, რას იტყვიან. გიორგის რომ არ ეკუთვნის, ნამდვილად ვიცი.

- უამრავი კითხვაა შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილ ჩანთასთან დაკავშირებით. როგორ აღმოჩნდა იქ? - უამრავი ვერსიაა... შეიძლება ბავშვმა დადო, ან იმ პირმა, ვისაც დანაშაულის დაფარვა უნდოდა. უნდა გაირკვეს, არის თუ არა ეს განზრახ მკვლელობა...

- კითხვა გაჩნდა პოლიციელთა ქმედებაზეც. ცნობილია, რომ ფოტოგრაფმა გამოიძახა საპატრულო პოლიცია და სწორედ "შკოდას" მოჰყავს ბრეგვაძე თბილისში. იმის მიუხედავად, რომ მათ ბრეგვაძისგან შეიტყვეს კონფლიქტის შესახებ, მოკვლევა არ დაუწყიათ... იკვეთება თუ არა პოლიციელთა ბრალეულობა? ეს ხომ არ გიკითხავთ გამოძიებისთვის? - ეს კითხვა გამოძიების დასაწყისშივე დავსვი და ვითარებაშიც გავერკვიე, თუმცა, გულწრფელად გეტყვით, პასუხები, რაც მათგან მივიღე, ამომწურავი არ არის... მე ვიცი კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც უახლოეს დღეებში უნდა გადავდგა. ვფიქრობ, უნდა შეფასდეს პოლიციელთა ქმედება და ამ საკითხზეც ამომწურავ პასუხებს ველოდები.

იხილეთ ასევე: "ვადასტურებ, იაკობ ბრეგვაძე ჩემი ნათესავია...ერთადერთია, რომელმაც პოლიცია გამოიძახა" - რას წერს ნინო გიორგობიანი