სასჯელაღსრულებაში დავით ჭაკუა მაშინ გამოჩნდა, როდესაც სისტემა ბაჩო ახალაიამ ჩაიბარა - მინიდოსიე და ექსტრადირება 7 წლის შემდეგ - კვირის პალიტრა

სასჯელაღსრულებაში დავით ჭაკუა მაშინ გამოჩნდა, როდესაც სისტემა ბაჩო ახალაიამ ჩაიბარა - მინიდოსიე და ექსტრადირება 7 წლის შემდეგ

"პატივცემული ჭაკუა იმ ციხეში არ მოხვდება, როგორიც მას ჰქონდა, სავალალოდ უკეთეს ციხეში ჩაჯდება. სულაც არ მინდა, მასაც ისევე მოექცნენ, როგორც თვითონ ექცეოდა პატიმრებს, მაგრამ მაინც..."

7 წლის შემდეგ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ჭაკუა ბერლინიდან საქართველოში პატიმრის სტატუსით დაბრუნდა. ის არაერთი გახმაურებული საქმის ფიგურანტია და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში ედება ბრალი - ბაჩო ახალაიასთან, რეზო ჭარბაძესა და მეგის ქარდავასთან ერთად მსჯავრდადებულია 2006 წლის 27 მარტს ციხის ბუნტის პროვოცირებაში, რასაც შვიდი პატიმრის სიცოცხლე შეეწირა. ციხის ბუნტის საქმეზე დავით ჭაკუას დაუსწრებლად მისჯილი აქვს 3 წლისა და 9 თვის ვადით პატიმრობა. რაც შეეხება "ციხის კადრების" საქმეს, ის სასამართლო განხილვის სტადიაზეა... ჭაკუას ასევე ბრალად ედება 2011 წლის 13 სექტემბერს ბიზნესმენ ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და ცემა. დავით ჭაკუა ინტერპოლის წითელი ცირკულარით 2013 წლის 23 მარტიდან იძებნებოდა... საქართველოს პროკურატურა გერმანიიდან დავით ჭაკუას ექსტრადიციის შესახებ განცხადებას ავრცელებს. კერძოდ, ჭაკუა დაობდა, რომ საქართველოში ექსტრადიციის შემთხვევაში პოლიტიკური ნიშნით დევნას დაექვემდებარებოდა და არსებობდა მისი უფლებების დარღვევის საშიშროება. გერმანულმა სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქართველოს გენპროკურატურის საექსტრადიციო მასალის დასაბუთებულობა და დააკმაყოფილა ქართული მხარის თხოვნა.

პროკურატურა ჯერ კიდევ 2013 წელს აცხადებდა, რომ ჭაკუას ექსტრადირებისთვის დოკუმენტებს ამზადებდა. მაშინ ის ავსტრიაში დააკავეს, თუმცა 5.000-ევროიანი გირაო შეუფარდეს და გაათავისუფლეს. ჭაკუას აკრძალული ჰქონდა ქვეყნის დატოვება.

7 წლის შემდეგ დავით ჭაკუას საქართველოში ექსტრადირებას "კვირის პალიტრასთან" იურისტი ლია მუხაშავრია აფასებს:

- ძალიან დიდი დროა გასული, მაგრამ რაკი საქმე აღძრული იყო, ის ხანდაზმული ვერ იქნება. მაინტერესებს, ევროპაში თუ იყო, ამდენი დრო რატომ უნდა დასჭირვებოდა მის მოძებნას? ანუ აქაც ის კითხვა ჩნდება, რამდენად დასაბუთებული მოთხოვნა იყო გაგზავნილი, რომ მათ დაუყოვნებლივ დაეწყოთ ამ პირის ძებნა, დაეკავებინათ და გადმოეცათ.

- პროკურატურა ჯერ კიდევ 2013 წელს აცხადებდა, რომ ჭაკუას ექსტრადირებისთვის დოკუმენტაციას ამზადებდა, თუმცა ავსტრიაში დაკავებული ჭაკუა გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. - ავსტრიაში საქართველოს მართლმსაჯულებას ცუდი რეპუტაცია აქვს. ჯერ კიდევ 90-იანი წლების ბოლოს ჩართული ვიყავი რუდიკო გოგუაძის საქმეში. ავსტრიელ კოლეგასთან ერთად მეც ვმონაწილეობდი პროცესში, რათა გოგუაძის ექსტრადიცია არ მომხდარიყო. მას სამი უმძიმესი ბრალდება ჰქონდა წარდგენილი - ედუარდ შევარდნაძეზე თავდასხმა და ტერაქტის მომზადება, შემდეგ ნუგზარ შევარდნაძეზე თავდასხმა, ასევე შეიარაღებული ფორმირება... სამი უმძიმესი ბრალდების ტექსტი გვერდ-ნახევარზე იყო დაწერილი. მოსამართლე გაკვირვებული მეკითხებოდა, დარწმუნებული ხართ, რომ ეს არის ბრალდების ფორმულირებაო? ვერ წარმოედგინა, როგორ შეიძლებოდა ასეთი მძიმე ბრალდებები გვერდ-ნახევარზე დატეულიყო... ჭაკუას შემთხვევაში უნდა ვიგულისხმოთ, რომ პროკურატურამ დასაბუთებული მოთხოვნა წარადგინა. ეჭვი მაქვს, ხელისუფლებას დასჭირდა გახმაურებული სახეების ჩამოყვანა და პასუხისგებაში მიცემა. როცა სჭირდებათ, ძალიან კარგად შეუძლიათ მუშაობა. ის, რომ ასეთი უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი ამდენი ხნის შემდეგ დააკავეს, მიუთითებს, რომ აქამდე ხელისუფლებას ინტერესი არ ჰქონია. ჩანს, ახლა გაუჩნდა, ვინაიდან ყველაზე დიდი ბრალდება, რაც "ოცნების" მიმართ ამომრჩეველს აქვს, ის არის, რომ სამართლიანობის აღდგენა არ დაუწყიათ. გარდა ამისა, ჭაკუა მხოლოდ იმიტომ კი არ გადმოგვცეს, რომ ჩვენმა პროკურატურამ და იუსტიციამ ყველაფერი კარგად დაასაბუთეს, არამედ იმიტომაც, რომ ევროსასამართლოში მოგებულია ციხის ბუნტის საქმე, გადაწყვეტილება უკვე გამოვიდა. ორი მოკლული პატიმრის ოჯახის წევრები ჩიოდნენ და საქმე მოიგეს.

- ჭაკუა კი ჩამოიყვანეს, მაგრამ დანაშაულებს დამტკიცებაც სჭირდება. როგორ გაართმევს თავს ამას ჩვენი სასამართლო?

- იმის მიხედვით, თუ როგორ არის ნაწარმოები და დასაბუთებული ეს საქმე... ამას ხომ ახალაიასა და ვანო მერაბიშვილის შემთხვევაშიც ვხედავდით? - ერთი სასამართლო გაამართლებდა, მეორე დღეს ახალ ბრალდებას წაუყენებდნენ. საქმის ამგვარად წარმოება იმის საფუძველს იძლევა, ევროპამ ჩათვალოს, რომ მართლაც პოლიტიკური დევნააო...

- მაგრამ პენიტენციარულ სისტემაში ცემა-წამება და სხვა მანკიერებები ხომ არსებობდა?

- რა თქმა უნდა. მაგრამ ერთია, რომ ასეთი უმძიმესი დანაშაულია ჩადენილი, და მეორე ის, რომ ახლანდელი პროკურატურაც ისე მუშაობს, ეს მართლაც დამნაშავეები ლამის პოლიტპატიმრებად აქციოს.

- პროკურატურის განცხადებიდან ირკვევა, რომ ჭაკუა დავას აპირებს. - ყველაფერია მოსალოდნელი - შეიძლება იდავოს ან ითანამშრომლოს კიდეც გამოძიებასთან. ალბათ, მისცემს ჩვენებას და ამის მერე წამოვა თუ არა საქმეების ახალი კასკადი, ამის განჭვრეტა ჯერ შეუძლებელია. თუმცა პატივცემული ჭაკუა იმ ციხეში არ მოხვდება, როგორიც მას ჰქონდა, სავალალოდ უკეთეს ციხეში ჩაჯდება. სულაც არ მინდა, მასაც ისევე მოექცნენ, როგორც თვითონ ექცეოდა პატიმრებს, მაგრამ მაინც...

მინიდოსიე

სასჯელაღსრულების სისტემაში დავით ჭაკუა 2005 წელს გამოჩნდა, როდესაც სისტემა ბაჩო ახალაიამ ჩაიბარა. მანამდე შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს რიგითი თანამშრომელი იყო. ჭაკუა ჯერ ოპერატიული განყოფილების, შემდეგ კი უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დაინიშნა. 2007 წლიდან ბაჩო ახალაიას პირველი მოადგილე გახდა, 2009 წლიდან კი, მას შემდეგ, რაც ახალაია თავდაცვის მინისტრის მოადგილე გახდა, მისი ადგილი დაიკავა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე ჭაკუამ 2012 წლის 18 სექტემბრამდე, ციხის სკანდალური ვიდეოჩანაწერის გავრცელებამდე იმუშავა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჭაკუა ღირსების ორდენითაც დააჯილდოვა, პარალელურად, სისტემაში უმაღლესი იუსტიციის გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა. სკანდალური ვიდეოფირის გავრცელებისთანავე დავით ჭაკუა თანამდებობიდან გადააყენეს, საპარლამენტო არჩევნების დასრულებიდან 4 დღეში კი, 2012 წლის 5 ოქტომბერს, დავით ჭაკუამ დათა ახალაიასა და მეგის ქარდავასთან ერთად სარფის გავლით ქვეყანა დატოვა.

ციხის ბუნტის საქმიდან...

ლევან ცინდელიანი 2007 წლის 27 მარტს პატიმართა ამბოხებაში (ე.წ. ციხის ბუნტის) მონაწილეობის ბრალდებით გაასამართლეს და 12 წლით აღუკვეთეს თავისუფლება. ამნისტიის შემდეგ, ის დაზარალებულად ცნეს და დღემდე ჯანმრთელობის აღდგენისთვის იბრძვის. გთავაზობთ ამონარიდს ციხის ბუნტის საქმისთვის გასამართლებული პატიმრის ინტერვიუდან, რომელიც "კვირის პალიტრაში" დაიბეჭდა:

"იმხანად სამკურნალო დაწესებულებაში ვიწექი, ვინაიდან დაკავებიდან ორ თვეში C ჰეპატიტი აღმომაჩნდა. 2006 წლის 26 მარტს, ღამის 12 საათზე, "რესბალნიცის" თანამშრომელმა იმედა ლიპარტელიანმა დამიძახა, უფროსის (მალხაზ სინაურიძის) კაბინეტში ჩამოდიო. ეზო უნდა გამევლო და ისე შევსულიყავი ადმინისტრაციის შენობაში. ეზო სავსე იყო 200-მდე ნიღბიანი სპეცრაზმელით. უფროსის კაბინეტში დამხვდნენ ახალაია, ჭაკუა, ჭარბაძე, ქარდავა, სინაურიძე და სამოქალაქოფორმიანი 15 პირი. ზურა ვიბლიანი და გიორგი ავალიანიც (ავალიანი 3 წლის წინ გარდაიცვალა - ნ.ფ.) იქ ჰყავდათ. ვხედავ, პატიმარი უზით სკამზე, თმას აჭრიან და ჯიბეში უწყობენ. მერე გავიგე, პლატონ მამარდაშვილი ყოფილა... ახალაია მიადგა ავალიანს და უწმაწურად აგინა, მან კი ხელი გაარტყა, ახალაია მაგიდაზე დავარდა. ვიბლიანი მეგის ქარდავას სწვდა და ახრჩობდა, ძლივს გააგდებინეს ხელიდან, მერე სპეცრაზმელებმა რკინის ხელკეტებით ვიბლიანს ისე ურტყეს, დააინვალიდეს. ბაჩო ახალაია იარაღს პირდაპირ სახეში გვირტყამდა. შემდეგ ეზოში გამოგვათრიეს, პატიმრებს მკვდრები ვეგონეთ და ციხეს მღელვარება მოედო, რაც "რესბალნიცასა" და მე-5 დაწესებულებასაც გადაედო, პატიმრების ხმაურზე სპეცრაზმელები შეცვივდნენ. ოფიციალურად 7 გარდაცვლილი გამოაცხადეს და სინამდვილეში რამდენი იყო, ღმერთმა უწყის.

ყოველღამ 12 საათზე ახალაიასა და ჭაკუას დირექტორის კაბინეტში ჩავყავდი და მაიძულებდნენ მეღიარებინა, რომ ციხეში ბუნტი მზადდებოდა. ბაჩო ახალაია მეუბნებოდა, თუ დათანხმდები, გამოგიყვან, ბუზს ვერავინ აგიფრენს, თუ არადა, ისედაც კვდები (იმ ღამის შემდეგ ოთხი ოპერაცია გამიკეთეს - ნაღვლის ბუშტი ამომიღეს, დიაფრაგმა მქონდა გახეული, ზედა ყბა ჩამინგრიეს, თავში ჩირქი ჩამიდგა), არც სცენარის დადგმა გამიჭირდება, რომ თავი ჩამოიხრჩო ან ვენები გადაიჭრა, დაფიქრდი, თუ იმას არ იტყვი, რასაც ჩვენ გთავაზობთ, 22 წელს მოგცემ და ამასობაში მოკვდებიო...

როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, პროკურატურაში სარჩელი შევიტანე და დაზარალებულად მცნეს. ციხის ბუნტის საქმეზე ახალაია ლაითად გაასამართლეს, 9 საქმიდან მხოლოდ ბუნტზე წაუყენეს ბრალი. ეს რომ გავიგე, ერთი მუჭა წამალი დავლიე, რის შემდეგაც ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადამიყვანეს. ტრავმების გამო მე-2 ჯგუფის ინვალიდი გავხდი და ოპერაციების საფასური რომ დამეფარა, სახლი გავყიდე. მატერიალურად რაც უნდა ამინაზღაურონ, განუკურნებელი დაავადებები მაქვს, ფსიქიკა დამიზიანეს, იმ უბედურებას რა დამავიწყებს, რაც იქ გამოვიარე".