ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი მოჭიდავე დააკავეს - კვირის პალიტრა

ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი მოჭიდავე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხუთი პირი: 1996 წელს დაბადებული ი.ლ., 2001 წელს დაბადებული ლ.ლ., 1996 წელს დაბადებული მ.დ., 1983 წელს დაბადებული მ.ბ და 1992 წელს დაბადებული ი.დ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ოზურგეთში დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაში ედებათ.

"დანაშაული 2- დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ ნ.ძ.-ს ქალაქ ბათუმში, შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, კერძოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს მ.ბ.-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში, წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის143-ე მუხლის მესამე ნაწილის„ა“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, იური ლომაძეა.

ambebi.ge