"ჩემი ძმა ასე სადისტურად მოკლეს მოქმედმა პოლიციელებმა, დაკვეთა შეასრულეს" - კვირის პალიტრა

"ჩემი ძმა ასე სადისტურად მოკლეს მოქმედმა პოლიციელებმა, დაკვეთა შეასრულეს"

4 ივლისს რუსთავის საქალაქო სასამართლომ დავით მუმლაძის (ზურაბ დადეშელის) სასტიკი მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დაასრულა და ბრალდებულებს განაჩენი გამოუტანა. მოსამართლის ვერდიქტი მოულოდნელი აღმოჩნდა ჭირისუფლისთვის და განაჩენს დარბაზში ხმაური მოჰყვა. მოსამართლემ ერთ-ერთი ბრალდებული გიორგი ასათიანი, იგივე გიორგი შონია უდანაშაულოდ ცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა, ამ საქმეში მხილებული სხვა ბრალდებულები კი დამნაშავედ ცნო. ბრალდებულ ზურაბ ჯღარკავას (ზურაბ ბარბაქაძეს), რომელსაც უშუალოდ მკვლელობა ედებოდა ბრალად, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, დავით მიროტაძეს და მიხეილ ღებიანურს - 10-10 წლით, დიმიტრი დუღაშვილსა და გიორგი გეთაშვილს კი - 9-9 წლით პატიმრობა.

2019 წელს ზურაბ დადეშელის გახმაურებულმა მკვლელობამ და ამ უმძიმეს დანაშაულში პოლიციელების თანამონაწილეობამ საზოგადოება აღაშფოთა. საქმის მასალებით ირკვეოდა, რომ ორი მოქმედი პოლიციელი - დავით მიროტაძე და მიხეილ ღებიანური, ასევე მათი მეგობარი, ყოფილი პოლიციელი დიმიტრი დუღაშვილი გაურიგდნენ კრიმინალებს, კერძოდ, დავით მიროტაძის სიძეს, დის ქმარს, ზურაბ ბარბაქაძეს, იმავე ზურაბ ჯღარკავას. უმძიმესი და გამაოგნებელი იყო მისი აღიარებითი ჩვენება. დავით მიროტაძის სიძის სცენარით, პოლიციისფორმიანმა დამნაშავეებმა ზურაბ დადეშელი გლდანიდან გაიტაცეს. თავიდან ეს იყო მისი დაკავების ინსცენირება - დაადეს ხელბორკილი, ავტომანქანით ჩაიყვანეს რუსთავში და შეთანხმებისამებრ, გამოძიების მტკიცებით, გადასცეს ჯანჯღავასა და ასათიანს, რომლებმაც ის განსაკუთრებული სისასტიკით დაჭრეს, რასაც დადეშელის გარდაცვალება მოჰყვა. გამოძიების ცნობით, კვალის დაფარვის მიზნით ბრალდებულებმა ცხედარი მტკვარში გადააგდეს. მდინარემ გვამი ხუთი დღის შემდეგ რუსთავთან გამორიყა. გარდაცვლილს სხეულზე ჰქონდა დანით მიყენებული 30 ჭრილობა.

გამოძიება ამტკიცებდა, რომ სახლიდან მსხვერპლი დამნაშავეების დავალებით მოკლულის უახლოესმა მეგობარმა გიორგი გეთაშვილმა (იგივე ზურაბ ოქრუაშვილმა) გამოიტყუა. პოლიციელების გარდა საქმის მონაწილე ყველა პირს სახელი და გვარი შეცვლილი აქვს, ამიტომ გამოძიება მათ ამჟამინდელი საპასპორტო მონაცემებით მოიხსენიებს, მკვლელობაში ბრალდებულები კი ზურაბ დადეშელთან მეგობრობდნენ.

გამოძიება ირწმუნებოდა, რომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულმა 37 წლის გიორგი ასათიანმა (გიორგი შონიამ) და მისმა თანამზრახველმა, 1983 წელს დაბადებულმა ზურაბ ჯღარკავამ (ზურაბ ბარბაქაძემ) წარსულში დაპირისპირების გამო შურისძიების მოტივით 35 წლის დავით მუმლაძის (ზურაბ დადეშელის) მკვლელობა დაგეგმეს. საქმეს ამძიმებდა ის გარემოება, რომ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ასათიანი, იგივე გიორგი შონია, რომელიც ახლა უდანაშაულოდ ცნეს, მოკლულის შვილის ნათლიაა.

როცა დანაშაული გაიხსნა, ითქვა, რომ დანაშაულს აღიარებდნენ დაკავებული პოლიციელები, რომლებსაც ადამიანის გატაცებაში ედებოდათ ბრალი და ისინი სწორედ ამ მუხლით გაასამართლეს.

თავიდან სახლიდან მეგობრის გაყვანას ადასტურებდა ბრალდებული გიორგი გეთაშვილიც, თუმცა შემდგომ მან თქვა, რომ მასზე პოლიციაში ზეწოლა ხდებოდა. გეთაშვილის საქმეში მონაწილეობა მოულოდნელი აღმოჩნდა ჭირისუფლისთვის, რადგან როცა დაკარგულს ეძებდნენ, ის ოჯახს გვერდიდან არ შორდებოდა.

გამოძიება ირწმუნებოდა, რომ გეთაშვილმა მეგობარი ჯერ პოლიციელებს ჩაუგდო ხელში, პოლიციელებმა კი შებოჭილი ახალგაზრდა ასათიანს და ჯღარკავას გადასცეს. დანაშაულს არ აღიარებდა გიორგი ასათიანი. პროკურატურა ირწმუნება, რომ მის წინააღმდეგ უამრავი სამხილი იყო, თუმცა სასამართლომ ის დარბაზიდან გაათავისუფლა. ასათიანის ადვოკატი თავიდანვე აცხადებდა, რომ თავისი დასაცავის უდანაშაულობის დამტკიცებას შეძლებდა, რადგან მას ჰქონდა ალიბი - დანაშაულის ჩადენის დროს იყო დასავლეთ საქართველოში.

რაც შეეხება ჯღარკავას, ის კარგა ხანს იძებნებოდა, მაგრამ სამთვიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცავებმა წითელ ხიდთან, საზღვარზე დააკავეს. ჯღარკავა დანაშაულს დღემდე არ აღიარებს.

გამოძიების დროს დაკავებული პოლიციელები ადამიანის გატაცებას ადასტურებდნენ. ამბობენ, რომ სწორედ ჯღარკავასა და ასათიანს გადასცეს გატაცებული, თუმცა ირწმუნებოდნენ, არ ვიცოდით მის მოკვლას თუ აპირებდნენო. პოლიციელები არც იმას უარყოფენ, რომ ამ საქმეში თითოეულმა 4000 ლარი მიიღო.

ჩვენ მოკლულის დას, ნანა დადეშელს დავუკავშირდით, განაჩენით აღშფოთებულმა ჩვენთან ხანგრძლივი საუბარი ვერ შეძლო. ის თვლის, რომ განაჩენი უსამართლოა და ამ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულებისთვის უვადო პატიმრობა უნდა მიესაჯათ. "ეს იყო სრული მოულოდნელობა ჩვენთვის. ხაშურის გზას გადავკეტავთ, ქუჩაში გავწვებით და ასე გავაპროტესტებთ ამ ამბავს. ვერანაირად ვერ შევეგუებით იმას, რომ დამნაშავეები საკადრისად არ დაისაჯონ. ჩემი ძმა ასე სადისტურად მოკლეს მოქმედმა პოლიციელებმა, დაკვეთა შეასრულეს, ამაში ფული აიღეს და ყველას ასეთი პატარა სასჯელი მიუსაჯეს. ვითხოვთ მათ უვადო პატიმრობას. სამუდამოდ უნდა გამოკეტონ ციხეში. რა უნდა ვუთხრა ჩემს ძმისშვილებს? სამი ბავშვი დააობლეს, წამებით მოკლეს ჩემი ძმა, 30 ჭრილობა მიაყენეს და გარეწრები არ ისჯებიან. ხალხო, სად არის სამართალი?!"