"უფროსის კაბინეტში დამხვდნენ ახალაია, ჭაკუა, ჭარბაძე, ქარდავა... ახალაია იარაღს პირდაპირ სახეში გვირტყამდა. შემდეგ..." - კვირის პალიტრა

"უფროსის კაბინეტში დამხვდნენ ახალაია, ჭაკუა, ჭარბაძე, ქარდავა... ახალაია იარაღს პირდაპირ სახეში გვირტყამდა. შემდეგ..."

7 წლის შემდეგ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ჭაკუა ბერლინიდან საქართველოში პატიმრის სტატუსით დაბრუნდა. ის არაერთი გახმაურებული საქმის ფიგურანტია და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში ედება ბრალი - ბაჩო ახალაიასთან, რეზო ჭარბაძესა და მეგის ქარდავასთან ერთად მსჯავრდადებულია 2006 წლის 27 მარტს ციხის ბუნტის პროვოცირებაში, რასაც შვიდი პატიმრის სიცოცხლე შეეწირა. ციხის ბუნტის საქმეზე დავით ჭაკუას დაუსწრებლად მისჯილი აქვს 3 წლისა და 9 თვის ვადით პატიმრობა.

პროკურატურა ჯერ კიდევ 2013 წელს აცხადებდა, რომ ჭაკუას ექსტრადირებისთვის დოკუმენტებს ამზადებდა. მაშინ ის ავსტრიაში დააკავეს, თუმცა 5.000-ევროიანი გირაო შეუფარდეს და გაათავისუფლეს. ჭაკუას აკრძალული ჰქონდა ქვეყნის დატოვება.

7 წლის შემდეგ დავით ჭაკუას საქართველოში ექსტრადირებას "კვირის პალიტრასთან" იურისტი ლია მუხაშავრია აფასებს:

- ავსტრიაში საქართველოს მართლმსაჯულებას ცუდი რეპუტაცია აქვს. ჯერ კიდევ 90-იანი წლების ბოლოს ჩართული ვიყავი რუდიკო გოგუაძის საქმეში. ავსტრიელ კოლეგასთან ერთად მეც ვმონაწილეობდი პროცესში, რათა გოგუაძის ექსტრადიცია არ მომხდარიყო. მას სამი უმძიმესი ბრალდება ჰქონდა წარდგენილი - ედუარდ შევარდნაძეზე თავდასხმა და ტერაქტის მომზადება, შემდეგ ნუგზარ შევარდნაძეზე თავდასხმა, ასევე შეიარაღებული ფორმირება... სამი უმძიმესი ბრალდების ტექსტი გვერდ-ნახევარზე იყო დაწერილი. მოსამართლე გაკვირვებული მეკითხებოდა, დარწმუნებული ხართ, რომ ეს არის ბრალდების ფორმულირებაო? ვერ წარმოედგინა, როგორ შეიძლებოდა ასეთი მძიმე ბრალდებები გვერდ-ნახევარზე დატეულიყო... ჭაკუას შემთხვევაში უნდა ვიგულისხმოთ, რომ პროკურატურამ დასაბუთებული მოთხოვნა წარადგინა. ეჭვი მაქვს, ხელისუფლებას დასჭირდა გახმაურებული სახეების ჩამოყვანა და პასუხისგებაში მიცემა. როცა სჭირდებათ, ძალიან კარგად შეუძლიათ მუშაობა. ის, რომ ასეთი უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი ამდენი ხნის შემდეგ დააკავეს, მიუთითებს, რომ აქამდე ხელისუფლებას ინტერესი არ ჰქონია. ჩანს, ახლა გაუჩნდა, ვინაიდან ყველაზე დიდი ბრალდება, რაც "ოცნების" მიმართ ამომრჩეველს აქვს, ის არის, რომ სამართლიანობის აღდგენა არ დაუწყიათ. გარდა ამისა, ჭაკუა მხოლოდ იმიტომ კი არ გადმოგვცეს, რომ ჩვენმა პროკურატურამ და იუსტიციამ ყველაფერი კარგად დაასაბუთეს, არამედ იმიტომაც, რომ ევროსასამართლოში მოგებულია ციხის ბუნტის საქმე, გადაწყვეტილება უკვე გამოვიდა. ორი მოკლული პატიმრის ოჯახის წევრები ჩიოდნენ და საქმე მოიგეს.

- ჭაკუა კი ჩამოიყვანეს, მაგრამ დანაშაულებს დამტკიცებაც სჭირდება. როგორ გაართმევს თავს ამას ჩვენი სასამართლო?

- იმის მიხედვით, თუ როგორ არის ნაწარმოები და დასაბუთებული ეს საქმე... ამას ხომ ახალაიასა და ვანო მერაბიშვილის შემთხვევაშიც ვხედავდით? - ერთი სასამართლო გაამართლებდა, მეორე დღეს ახალ ბრალდებას წაუყენებდნენ. საქმის ამგვარად წარმოება იმის საფუძველს იძლევა, ევროპამ ჩათვალოს, რომ მართლაც პოლიტიკური დევნააო...

ციხის ბუნტის საქმიდან...

ლევან ცინდელიანი 2007 წლის 27 მარტს პატიმართა ამბოხებაში (ე.წ. ციხის ბუნტის) მონაწილეობის ბრალდებით გაასამართლეს და 12 წლით აღუკვეთეს თავისუფლება. ამნისტიის შემდეგ, ის დაზარალებულად ცნეს და დღემდე ჯანმრთელობის აღდგენისთვის იბრძვის. გთავაზობთ ამონარიდს ციხის ბუნტის საქმისთვის გასამართლებული პატიმრის ინტერვიუდან, რომელიც "კვირის პალიტრაში" დაიბეჭდა:

"იმხანად სამკურნალო დაწესებულებაში ვიწექი, ვინაიდან დაკავებიდან ორ თვეში ჩ ჰეპატიტი აღმომაჩნდა. 2006 წლის 26 მარტს, ღამის 12 საათზე, "რესბალნიცის" თანამშრომელმა იმედა ლიპარტელიანმა დამიძახა, უფროსის (მალხაზ სინაურიძის) კაბინეტში ჩამოდიო. ეზო უნდა გამევლო და ისე შევსულიყავი¬ადმინისტრაციის შენობაში. ეზო სავსე იყო 200-მდე ნიღბიანი სპეცრაზმელით. უფროსის კაბინეტში დამხვდნენ ახალაია, ჭაკუა, ჭარბაძე, ქარდავა, სინაურიძე და სამოქალაქოფორმიანი 15 პირი. ზურა ვიბლიანი და გიორგი ავალიანიც (ავალიანი 3 წლის წინ გარდაიცვალა - ნ.ფ.) იქ ჰყავდათ. ვხედავ, პატიმარი უზით სკამზე, თმას აჭრიან და ჯიბეში უწყობენ. მერე გავიგე, პლატონ მამარდაშვილი ყოფილა... ახალაია მიადგა ავალიანს და უწმაწურად აგინა, მან კი ხელი გაარტყა, ახალაია მაგიდაზე დავარდა. ვიბლიანი მეგის ქარდავას სწვდა და ახრჩობდა, ძლივს გააგდებინეს ხელიდან, მერე სპეცრაზმელებმა რკინის ხელკეტებით ვიბლიანს ისე ურტყეს, დააინვალიდეს. ბაჩო ახალაია იარაღს პირდაპირ სახეში გვირტყამდა. შემდეგ ეზოში გამოგვათრიეს, პატიმრებს მკვდრები ვეგონეთ და ციხეს მღელვარება მოედო, რაც "რესბალნიცასა" და მე-5 დაწესებულებასაც გადაედო, პატიმრების ხმაურზე სპეცრაზმელები შეცვივდნენ. ოფიციალურად 7 გარდაცვლილი გამოაცხადეს და სინამდვილეში რამდენი იყო, ღმერთმა უწყის.

ყოველღამ 12 საათზე ახალაიასა და ჭაკუას დირექტორის კაბინეტში ჩავყავდი და მაიძულებდნენ მეღიარებინა, რომ ციხეში ბუნტი მზადდებოდა. ბაჩო ახალაია მეუბნებოდა, თუ დათანხმდები, გამოგიყვან, ბუზს ვერავინ აგიფრენს, თუ არადა, ისედაც კვდები (იმ ღამის შემდეგ ოთხი ოპერაცია გამიკეთეს - ნაღვლის ბუშტი ამომიღეს, დიაფრაგმა¬მქონდა გახეული, ზედა ყბა ჩამინგრიეს, თავში ჩირქი ჩამიდგა), არც სცენარის დადგმა გამიჭირდება, რომ თავი ჩამოიხრჩო ან ვენები გადაიჭრა, დაფიქრდი, თუ იმას არ იტყვი, რასაც ჩვენ გთავაზობთ, 22 წელს მოგცემ და ამასობაში მოკვდებიო...

იხილეთ ვრცლად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად