"შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება" - რას ამბობს შს მინისტრის მოადგილე შაქარაშვილის საქმეზე? - კვირის პალიტრა

"შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება" - რას ამბობს შს მინისტრის მოადგილე შაქარაშვილის საქმეზე?

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასრულების და გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდეგ, შესაძლოა, საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს და ბრალდება დამძიმდეს.

როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ბორცვაძემ განაცხადა, საგამოძიებო ჯგუფის შემადგენლობა გაფართოვდა და ყველა შესაძლო ვერსიაზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გვსურს მოგაწოდოთ შუალედური ინფორმაცია გამოძიების შედეგებისა და მიმდინარეობის შესახებ. საქმის მოცულობისა და ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებების ინტენსივობის გათვალისწინებით, საქმეზე გაფართოვდა საგამოძიებო ჯგუფის შემადგენლობა და სისხლის სამართლის საქმეზე ამჟამად გამოძიებას აგრძელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი. გიორგი შაქარაშილის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები ყველა შესაძლო ვერსიაზე. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასრულების და გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდეგ, შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება", - განაცხადა ბორცვაძემ.

იხილეთ ასევე: შსს გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმის, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერს აქვეყნებს

იხილეთ ვიდეო