რას ამბობს ბორცვაძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც ნინო გიორგობიანმა ფოტოგრაფის წამოსაყვანად "შკოდას" ავტომობილით მცხეთის სამმართველოს თანამშრომელი გააგზავნა - კვირის პალიტრა

რას ამბობს ბორცვაძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც ნინო გიორგობიანმა ფოტოგრაფის წამოსაყვანად "შკოდას" ავტომობილით მცხეთის სამმართველოს თანამშრომელი გააგზავნა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ნინო გიორგობიანმა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მოწმის, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის წამოსაყვანად მცხეთაში "შკოდას" ავტომობილით მცხეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე გააგზავნა, ტყუილია.

ბორცვაძის თქმით, გავრცელებულ ვიდეოში ავტომობილი არა "შკოდას", არამედ "ტოიოტა პრიუსის" მარკისაა და ტაქსია, რომლის მძღოლი დაკითხულია.

"რაც შეეხება გავრცელებულ ვიდეოს "შკოდას" ფირმის ავტომობილთან დაკავშირებით, ეს არის სრული სიცრუე და ტყუილი. ვინაიდან გამოძიებით დადგენილია, რომ კადრები, სადაც ვითომდა მოძრაობს "შკოდა" და ავტომანქანაში ისვამს მოქალაქეებს, არის "ტოიოტა პრიუსის" ავტომობილი და არის ტაქსი. დადაგენილია ამ ტაქსის მძღოლი და დაკითხული. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნინო გიორგობიანმა, ჩემმა კოლეგამ "შკოდას" ფირმის ავტომობილით მცხეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე გელაშვილი გააგზავნა იაკობ ბრეგვაძის წამოსაყვანად. გელაშვილი იმ ღამით მორიგე არ იყო და დადასტურებულია, რომ იმყოფებოდა ქარელში, მის საცხოვრებელ სახლში და ეს არის სრული სიცრუე და ტყუილი, ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეეფერება",- განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

იხილეთ ასევე: "ვადასტურებ, იაკობ ბრეგვაძე ჩემი ნათესავია...ერთადერთია, რომელმაც პოლიცია გამოიძახა" - რას წერს ნინო გიორგობიანი

"ინტერპრესნიუსი"