"აე­წე­წა ცხოვ­რე­ბა, რამ­დენ­ჯერ­მე მოხ­ვდა ცი­ხე­ში" - რას ყვება მამისა და ბაბუის მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებულის დედა - კვირის პალიტრა

"აე­წე­წა ცხოვ­რე­ბა, რამ­დენ­ჯერ­მე მოხ­ვდა ცი­ხე­ში" - რას ყვება მამისა და ბაბუის მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებულის დედა

მამისა და ბაბუის მკვლელობაში ბრალდებული 30 წლამდე ასაკის გიორგი ო.-ს დედა ამბობს, რომ შვილის ციხიდან გამოსვლის შემდეგ მასთან კონტაქტი არ ჰქონია და მის შესახებ ინფორმაციასაც არ ფლობს. შესაბამისად, ქალმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ვაჟი მამისა და ბაბუის მკვლელობის შემდეგ მასთან მივიდა, რომ ფული გამოერთმია.

ქალი უარყოფს იმასაც, რომ მამამთილი მასზე სექსუალურად ძალადობდა, რის გამოც გიორგი ო-მ ბაბუაზე შური იძია და ის მოკლა. ბრალდებულის დედის თქმით, დაახლოებით 22 წლის წინ, როდესაც მეუღლეს გაშორდა, მის მცირეწლოვან შვილზე მზრუნველობა მამამ და ბაბუამ ითავეს და ბიჭი "არასწორად გაზარდეს".

"როცა მე და ჩემი ყოფილი მეუღლე დავცილდით, ბავშვი დაიტოვეს იმათმა, იმიტომ რომ უნდოდათ იმათნაირი გაზრდილიყო. მე ვიტყვი იმას, რომ არასწორად ცხოვრობდა ეს კაცი (გულისხმობს მამამთილს) და გაზარდა არასწორად ეს ბავშვი. გიორგი გაიზარდა არასწორად, აეწეწა ცხოვრება, რამდენჯერმე მოხვდა ციხეში, დაენგრა ფსიქიკა, გამოვიდა და ჩაიდინა ეს" - ამბობს "იმედთან" საუბარში ბრალდებულის დედა.

შემზარავი შემთხვევა მუხრანში რამდენიმე დღის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე, წარსულში ნასამართლევმა გიორგი ო-მ, რომელმაც ციხე რამდენიმე დღის წინ დატოვა, მძინარე მამას და ბაბუას ყელი გამოჭრა, რის შემდეგაც ავტომობილი გაიტაცა და მიიმალა. ბრალდებულს სამართალდამცველები ჯერ კიდევ ეძებენ.

მეზობლები მკვლელობის სავარაუდო მიზეზის რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ. ერთ-ერთი ვერსიით, შვილიშვილმა ბაბუა იმის გამო მოკლა, რომ მამაკაცი რძალზე (ბრალდებულის დედაზე) წლების განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა.