"კაწროს" გამოკითხვა დასრულდა - რას აცხადებს მისი ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"კაწროს" გამოკითხვა დასრულდა - რას აცხადებს მისი ადვოკატი?

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე "კაწროს" გამოკითხვა დასრულდა.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ავთანდილ ბილანიშვილმა გამომძიებელს განუმარტა, რომ ის არ ფიგურირებს გავრცელებულ კადრებში.

მისივე თქმით, ამ დროისთვის გამოკითხვის პროცედურა დასრულებულია.

"რა თქმა უნდა, საქმე შსს-ს ჰქონდა შესწავლილი. ავთანდილ ბილანიშვილი გამოკითხვაზე იმიტომ დაიბარეს, რომ ნიკა გვარამიამ თქვა ასე",- განაცხადა თამარ აბესაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე "კაწროს" გამოკითხვა რამდენიმე საათის განმავლონაში მიმდინარეობდა. კერძოდ, ის გამოკითხვაზე მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე იყო დაბარებული.

"კაწრო" საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა. მისი გამოკითხვის შესახებ "ინტერპრესნიუსისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი.

ცნობისთვის, 7 ივლისს, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანიდან ჩამოსვლის შემდეგ თუ როგორ ხვდება გურამ ამირხანაშვილი დაუდგენელ პირს. კადრებში ასევე ჩანს მიკროავტობუსი, საიდანაც სწორედ აღნიშნული პირი ჩამოდის. ის ამირხანაშვილს რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრება. სავარაუდოდ, აღნიშნული პირი ავთანდილ ბილანიშვილია.

"ინტერპრესნიუსი"