"ავთანდილ ბილანიშვილმა დაამტკიცა თავისი უდანაშაულობა, რომ იქ არ ყოფილა" - რას აცხადებს "კაწროს" ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"ავთანდილ ბილანიშვილმა დაამტკიცა თავისი უდანაშაულობა, რომ იქ არ ყოფილა" - რას აცხადებს "კაწროს" ადვოკატი?

ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე "კაწროს" ადვოკატის, თამარ აბესაძის განცხადებით, საგამოძიებო ორგანომ თეთრპერანგიანი მამაკაცის ვინაობა დაადგინა, რომელიც გურამ ამირხანაშვილს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ აბესაძემ გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. საგამოძიებო ორგანო თავად ავთანდილ ბილანიშვილმა ისე დატოვა, რომ მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

"ავთანდილ ბილანიშვილმა მოიხადა მისი მოქალაქეობრივი ვალი, გავრცელებული ამაზრზენი ინფორმაციის საპასუხოდ, გამოცხადდა სამინისტროში, წარედგინა ის მტკიცებულებები, ტელეფონის დეტალური ამონაწერი, ასევე სხვა მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ ავთანდილ ბილანიშვილი იმ დროს, იმ პერიოდში იქ არ იმყოფებოდა, საერთოდ არ გასულა უბნიდან.

მინდა გაცნობოთ, რომ ზუსტად ამ წუთებში, სამინისტრომ, გამომძიებლებმა დაადგინეს ის პირი, თეთრპერანგიანი პირი, რომელზეც "მთავარი არხი" ამბობდა, რომ ეს არის "კაწრო". სახელი და გვარი ჩემთვის უცნობია.

ბილანიშვილი არცერთს არ იცნობს, არ აქვს მათთან შეხება და კონტაქტი, ავთანდილ ბილანიშვილმა დაამტკიცა თავისი უდანაშაულობა იმაში, რომ იქ არ ყოფილა", - განაცხადა აბესაძემ.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ავთანდილ ბილანიშვილი გამოკითხვაზე დღეს დაიბარეს. ის საგამოძიებო უწყების კითხვებს დაახლოებით, 5 საათი პასუხობდა.

"ინტერპრესნიუსი"