"მინ­და აე­ხა­დოს ფარ­და და არ მქონ­დეს ეს ბინ­ძუ­რი ლაქა... რა­ღა­ცას მტე­ნი­ან, ყვე­ლამ იცის მე არა­ფერ შუ­ა­ში ვარ" - რას ამბობს "კაწრო", იგივე ავთო ბილანიშვილი? - კვირის პალიტრა

"მინ­და აე­ხა­დოს ფარ­და და არ მქონ­დეს ეს ბინ­ძუ­რი ლაქა... რა­ღა­ცას მტე­ნი­ან, ყვე­ლამ იცის მე არა­ფერ შუ­ა­ში ვარ" - რას ამბობს "კაწრო", იგივე ავთო ბილანიშვილი?

სამართალდამცველები გუშინ გვიან ღამემდე კითხავდნენ ავთო ბილანიშვილს იგივე "კაწროს", რომელსაც გიორგი შაქარაშვილის საქმეს უკავშირებენ. ტელეკომპანია "ფორმულამ" მასთან ინტერვიუ საცხოვრებელ სახლთან ჩაწერა. როგორც "კაწრო" ამბობს, არც ფეხბურთელის გარდაცვალების საქმესთან, არც ე.წ. თეთრი სამარშრუტო ტაქსის ეპიზოდთან არანაირი კავშირი არ აქვს. მისივე თქმით, შაქარაშვილის შესახებ ტელევიზიით გაიგო, როცა ახალგაზრდა დაკარგული ბიჭის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

"არანაირი შემხებლობა არ მაქვს არც დაზარალებულებთან, არც მოძალადეებთან. არც ნაცნობობა მაქვს არანაირი, შორეული ნაცნობობაც არ მაკავშირებს. ვაფშე არ ვიცნობ.

ჩემი ტელეფონი ამოიღეს, გააკეთებენ ყველაფერს და დადგინდება სად ვიყავი, კონტაქტი ვისთან მქონდა და ა.შ. მივეცი ჩვენება, ისიც, სად ვარ და რას ვშვებოდი მაგ დღეებში - ყველაფერი ამოღებულია და ყველამ იცის, მე არაფერ შუაში ვარ. ალიბიც მაქვს და საერთოდ, ზარიც კი არ გამიშვია არც ერთთან, არანაირი კონტაქტი არ მქონია აბსოლუტურად.

ნამდვილად მინდა აეხადოს ფარდა და არ მქონდეს ეს ბინძური ლაქა, შვილი მყავს, ოჯახი მყავს... ძალიან მეწყინა ეგ ამბავი და მით უმეტეს, მე რომ რაღაცას მტენიან, ყველამ იცის მე არაფერ შუაში ვარ" - ამბობს ავთო ბილანიშვილი "ფორმულასთან" საუბარში.

გამოკითხულის ადვოკატის თქმით, ავთანდილ ბილანიშვილი გამოკითხვაზე მხოლოდ იმიტომ დაიბარეს, რომ ნიკა გვარამიამ თქვა ასე:

"ავთანდილ ბილანიშვილი დაპირისპირებაში მონაწილეთაგან არცერთს არ იცნობს, აბსოლუტურად, არ აქვს მათთან შეხება და კონტაქტი. მან დაამტკიცა თავისი უდანაშაულობა და იქ არ ყოფილა. ის იმყოფებოდა უბანში. ყველას მოგიწოდებთ, ასეთი ინფორმაციების გავრცელებისაგან თავი შეიკავოთ. ავთანდილ ბილანიშვილის ამ საქმეში მიკვრა, არის პოლიტიკური ამბიციების ფონი. დეტალურად გავეცით ყველა კითხვას პასუხი, ცრუ ბრალდებების საწინააღმდეგოდ", - განაცხადა თამარ აბესაძემ.

ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე "კაწროს" კავშირზე შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ტელეკომპანია "მთავარი არხი" რამდენიმე დღეა საუბრობს. არხის ინფორმაციით, კადრებში, სადაც ჩანს "ტოიოტა ქამრიდან" ჩამოსვლის შემდეგ შაქარაშვილის მეგობარ გურამ ამირხანაშვილს შეხვედრა უცნობ პირთან, ეს პირი სავარაუდოდ, ავთანდილ ბილანიშვილია.

Ambebi.ge