"გიდასტურებთ, რომ ამ დაზიანებით გიორგი სიარულს შეძლებდა"
"გიდასტურებთ, რომ ამ დაზიანებით გიორგი სიარულს შეძლებდა"
ქსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ოჯახი აცხადებს, რომ გამოიკვეთა დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა და ითხოვს იმ პირთა საკადრისად დასჯას, ვინც საბედისწერო ღამეს გიორგი შაქარაშვილს თავს დაესხნენ. ოჯახი პროკურატურისგან ელოდება, რომ "ტოიოტა ქამრიში" მყოფ ექვს პირს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუმძიმდება და არ გამორიცხავს, ამ მძიმე მუხლით სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. უკვე ცნობილია, რომ რამდენიმე მუხლით აღძრულ საქმეს 109-ე მუხლი დაემატა.

"გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების
საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების გადაწყვეტილება. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით" - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია,
რომ გიორგის სიკვდილამდე სხეულზე 12-მდე დაზიანება მიაყენეს.
"გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია, წყალში დახრჩობით... სიკვდილის დადგომიდან გვამის მედიკური­ წესით გამოკვლევამდე გასულია 48 საათზე­ მეტი. ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი ბლაგვი საგნით მიყენებული, სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე­ თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულის მიდამოებში. აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებს სხეულის მსუბუქი დაზიანების ნიშნებს. გვამს გამოკვლევით რაიმე სახის ჭრილობა არ აღენიშნება".

ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ცხრაგვერდიან დასკვნაში წერია ის კითხ­ვებიც,­ რომლებიც გამოძიებამ ექსპერტიზას დაუსვა. ექსპერტებს უნდა გაერკვიათ, რამ გამოიწვია გარდაცვალება; დაზიანებები, რომლებიც ცხედარს აღენიშნებოდა, სიცოცხლის დროინდელი იყო თუ გარდაცვალების შემდგომ მიღებული; როგორია­ დაზიანებების ხარისხი; აღენიშნებოდა თუ არა შაქარაშვილს ცეცხლნასროლი ჭრილობა; როგორი იყო დაზიანებების ხანდაზმულ­ობა; შეინიშნებოდა თუ არა ფეხბურთელის­ ორგანიზმში ალკოჰოლური, ნარკოტიკული, მომწამლავი ან ფსიქოტროპული ნივთიერებების კვალი. ყველა ამ კითხვაზე პასუხი გაცემულია. ცნობილია ისიც, რომ სხეულის დაზიანებებით გიორგი ვერ გარდაიცვლებ­ოდა, ის გარდაიცვალა მდინარე არაგვში, მაგრამ ახლა პასუხგაუცემელია მთავარი კითხვა: როგორ აღმოჩნდა მდინარეში და თუ ჩააგდეს, ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული?

ოჯახი დარწმუნებულია, რომ გიორგის სცემეს და მდინარეში გადააგდეს. ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარე, მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად ჩასატარებელია საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ამავდროულად, მისაღებია ბიოლოგიური, ქიმიური, ტრასოლოგიური, საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სხვა პირთა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები. უწყვეტად მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვები და ინფორმაციის ანალიზი. მტკიცებულებების საფუძველზე პროკურატურა მიიღებს სამართლებრივ გადაწყვეტილებას, რის შესახებაც გიორგი შაქარაშვილის ოჯახსა და საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია.

პროკურატურა საქმის სირთულისა და სენსიტიურობის გათვალისწინებით ყველას სთხოვს, თავი შეიკავონ შეუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რათა შს სამინისტროს მიეცეს სრულყოფილი გამოძიების შესაძლებლობა და პროკურატურამ მიიღოს სამართლებრივი გადაწყვეტილებები, რათა დადგინდეს ჭეშმარიტება და დამნაშავეებმა კანონის წინაშე აგონ პასუხი.

დამოუკიდებელი საექსპერტო ბიურო "ვექტორის" ხელმძღვანელი ალექსანდრე გეჯაძე, რომლის საექსპერტო ბიუროს თანამშრომელი კახა ერისთავი ესწრებოდა ექსპერტიზას და დასკვნასაც ხელს აწერს, ამბობს, რომ გიორგი შაქარაშვილს დაზიანებები, ალბათ, რამდენიმე ადამიანმა მიაყენა.

ალექსანდრე გეჯაძე:
- სიკვდილის მიზეზი ასფიქსია რომ იყო, ამის დამახასიათებელი­ ნიშნები თავიდანვე გვქონდა, თუმცა ველოდებოდით, რას მოგვცემდა მიკროსკოპული ლაბორატორიული კვლევის შედეგი. როგორც კი მივიღეთ ეს შედეგები, განვაცხადეთ, რომ სიკვდილის მიზეზი არის ასფიქსია წყალში დახრჩობით. ანალიზი ჩატარდა როგორც ალკოჰოლზე, ასევე ნარკოტიკზე. მის სხეულში აღმოჩნდა 0,85 ეთილის ალკოჰოლი, რაც ნიშნავს, რომ სიკვდილის დროს ახალგაზრდა თითქმის ფხიზელი იყო. რაც შეეხება დაზიანებებს, თავიდანვე ვამბობდით, რომ მიკროსკოპულად გვამის პირველადი გამოკვლევებით ჩანდა ბლაგვი ტრავმა, რაც გამოიხატებოდა სისხლნაჟღენთების არსებობით. გიდასტურებთ, რომ ცხედარს გარეგანი დათვალიერებით ბევრი დაზიანება ჰქონდა სახის მიდამოში, მენჯისა და მუცლის ქვემო ნახევრის პროექციაში. დიფუზური სისხლჩაქცევები იყო ორივე­ თვალბუდის მიდამოში, ეს გადადიოდა ცხვირის მარჯვენა და მარცხენა გვერდით ზედაპირებზე და შუბლის არეში ჩანდა არაერთი სისხლნაჟღენთი, რაც მიუთითებს, რომ სახის არეში მკვრივი ბლაგვი საგნით მიაყენეს დაზიანება. ამავდროულად გვაქვს მკვრივი ბლაგვი საგნით გამოწვეული არაერთჯერადი ჰემატომები... ვადასტურებ, რომ ეს სისხლჩაქცევები მუშტის დარტყმით ვერ განვითარდებოდა, მას სჭირდებოდა დიდი ძალის ზემოქმედება. იმის დასადგენად, კონკრეტულად რომელი დაზიანება რომელი საგნით არის მიყენებული და რა შემთხვევაში შეიძლებოდა ისინი გარდაცვლილს მიეღო, ალბათ, გამოძიება დანიშნავს კომისიურ ექსპერტიზას, სადაც დეტალურად იქნება შესწავლილი და წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები; პროცესში ექსპერტებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ კრიმინალისტები, ექსპერტ-ტრასოლოგები და მივიღებთ სათანადო დასკვნას. გიორგის სხეულზე აღმოჩენილი დაზიანებები წყალში რაიმეს შეჯახებით ვერ განვითარდებოდა. ყველა დაზიანება მკვრივი ბლაგვი საგნით არის მიყენებული. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი მიეყენებინა ერთ ადამიანს, მაგრამ რამდენმა მიაყენა დაზიანება, ეს უნდა გაირკვეს. როგორ აღმოჩნდა გიორგი შაქარაშვილი მდინარეში, ესეც სამართლებრივი მსჯელობის საგანი და გამოძიების დასადგენია.

სისხლნაჟღენთი იწყება თეძოს ხედიდან, ჩამოდის საზარდულიდან და ვრცელი დაზიანებაა, რომლის ფონზე შიგნით, მენჯის წინა კედელზეც ვითარდება სისხლჩაქცევა. გიდასტურებთ, რომ ამ დაზიანებით ის სიარულს შეძლებდა.

- "მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს რამდენიმე დღე გარდაცვლილი დამალული ჰყავდათ და დღე-ნახევრის თუ ორი დღის შემდეგ გადააგდეს წყალში...
- ვადასტურებთ, რომ გვამის წყალში ყოფნის ნიშნები არსებობს - ასეთ დროს ხელის მტევნების, ტერფების კანი სპეციფიკურად იცვლება. ამას ჰქვია მრეცხავის ხელები, რაც უტყუარად ადასტურებს, რომ ცხედარი წყალში იყო. ახლა ზაფხულია და ცხედარი თუნდაც ერთი დღე რომ ყოფილიყო ზევით, ლპობის პროცესი ისეთი ინტენსივობით განვითარდებოდა, გამოძიებაც და ჭირისუფალიც ამოცნობას მხოლოდ ტანსაცმლის დათვალიერებით შეძლებდნენ. ხმელეთზე ლპობის პროცესი 8-10-ჯერ უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს, ვიდრე წყალში. ცხადია, გვამს გარეგნული დათვალიერებისას აღენიშნებოდა ლპობითი პროცესის საწყისი სტადია, მაგრამ ამას ჩვენთვის ხელი არ შეუშლია, დაგვედგინა სიკვდილის მიზეზი - ასფიქსია და ის, რომ ყველა დაზიანება არის სიცოცხლის დროინდელი.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები