"მე ვიცი, რამდენმა ადამიანმა გააგრძელა გიორგის დევნა!"
13-07-2020
"მე ვიცი, რამდენმა ადამიანმა გააგრძელა გიორგის დევნა!"
"მათ წინააღმდეგ საკმარისზე მეტი მტკიცებულება მოგროვდება!"

გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის თქმით, ექსპერტიზის დასკვნა კატეგორიულია და ოჯახმა კითხვებზე პასუხები უკვე მიიღო.

- ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ ჩვენი შვილი გიორგი მოკლეს და შემდგომ მდინარე არაგვში გადა­აგდეს. დაახლოებით 12 სახის დაზიანება­ სიცოცხლის პერიოდში აქვს მიყენებული - ეს უტყუარად ადასტურებს ფიზიკურ ძალადობას, რასაც გიორგის მდინარეში გადაგდება მოჰყვა.
წარმოუდგენელი და გამორიცხულია ის დაზიანებები, რომლებიც ექსპერტიზის დასკვნაშია აღნიშნული,­ ადამიანს ფერდობზე ჩაგორებით ან თუნდაც გაქცევის დროს
მიეღო. ამ დასკვნის შემდეგ ოჯახის პოზიცია კატეგორიულია - გენერალური პროკურატურისა და შს სამინისტროსგან ვითხოვთ, ყველა დამნაშავე დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიეცეს პასუხისგებაში.

კვალიფიკაციაზე უკვე ისაუბრა პროკურატურამ, ეს სწორია, თუმცა ვითხოვთ ამ მუხლით კონკრეტული დამნაშავეების დასჯას. ველოდებით, როდის წარუდგენენ ბრალს ბრალდებულებს და როდის დაისჯ­ებიან
ისინი. გიორგის მიაყენეს დაზიანებები და წყალში გადააგდეს. კადრებიდანაც ჩანს, "ტოიოტა ქამრიში" მყოფი პირები როგორ გამოედევნენ ბავშვებს და ამის შემდეგ დადგა უმძიმესი შედეგი, ამიტომ ამ მანქანაში მყოფი ყველა პირი განზრახ მკვლელობისთვის უნდა დაისაჯოს.

თუ გამოძიება გამოკვეთს კონკრეტულად რომელიმე მათგანს და მათი მტკიცებულებები დამაჯერებელი იქნება, ჩვენ ამ მტკიცებულების საფუძველზე კიდევ ერთხელ ჩამოვყალიბდებით და ამ საკითხზე ჩვენს პოზიციას განვაცხადებთ, თუმცა დღეს ვამბობთ, რომ ექვსივე მათგანი უნდა გასამართლდეს 109-ე მუხლით.

- მანამდე იქ "მერსედესის" მგზავრები იყვნენ. მათთან არ გაქვთ პრეტენზია?
- "მერსედესის" მგზავრებთან დაკავშირებით ასეთი მოთხოვნა ვერ გვექნება, რადგან ის მანქანა წავიდა და მერე მოვიდა "ტოიოტა", მაგრამ თუ გამოძიებით მათი დანაშაულიც გამოიკვეთა, ბუნებრივია, პასუხს ისინიც აგებენ.

- ამირხანაშვილის შეცვლილი ჩვენებები­ კითხვებს აჩენს. ხომ არ განიცდის ის ზეწოლას? ამბობთ, გიორგის მკვლელობა­ "ტოიოტაში" მსხდომებმა ჩაიდინესო.­ იმ მანქ­ანით თბილისში ამირხანაშვილი ჩამოიყ­ვანეს. გამორიცხავთ, მან დანაშაულზე რამე იცოდეს? გზაში მომხდარზე არაფერს იტყოდნენ? და მოწმეების შეცვლილ ჩვენებებთან დაკავშირებით კითხვები არ გაქვთ?
- ცალკეულ მოწმესთან დაკავშირებით გვაქვს კითხვები და ამას გამოძიებასთან განვიხილავთ. როდესაც ოჯახი მოწმეებთან დაკავშირებით ყველა კითხვას ამოვწურავთ, ამაზე ჩვენს პოზიციას გაგაცნობთ. კითხვები იქნება მანამდე, სანამ არ დასრულდება საგამოძიებო მოქმედებები.
ოჯახმა მესამე დღეს იცოდა გიორგის გარდაცვალების მიზეზი, მაგრამ ჩვენ არ გავახმაურეთ, რომ გზა-კვალი არ არეოდა არც გამოძიებას, არც საზოგადოებას და ყურადღება წყალში დახრჩობის ფაქტზე არ გამახვილებულიყო. ვიდრე არ მოვიდა დასკვნა და არ დაიდო სრული სურათი, ამაზე არ გვილაპარაკია. ასე ვართ სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც. ექსპერტიზა არის კატეგორიული - გიორგი მოკლულია!
რომ მოხდეს პერსონიფიცირება და შევისწავლოთ მეტი დეტალი, ამისთვის საჭიროა სხვა ექსპერტიზის პასუხები და დამატებითი კომისიური ექსპერტიზაც. "ტოიოტაში" მყოფი ყველა პირი დანაშაულის ჩადენის შემდეგ ერთად წამოვიდა თბილისში.

მანქანაში ჩაისვეს ამირხანაშვილიც. არ გამოვრიცხავ, მასთან არაფერი ეთქვათ. შეიძლება იმიტომ არ უთხრეს და მანქანაშიც იმიტომ ჩაისვეს, რომ უნდოდათ ამით ალიბი შეექმნათ, რომ ის უვნებელი ჩამოიყვანეს - ეს ადვილი ასახსნელია. მე მოვუწოდებ ყველას, თქვან სიმართლე!
ექსპერტიზით დადგენილია, რომ მიყენებ­ული დაზიანებები სიკვდილს ვერ გამო­იწვევდა, რადგან არ იყო სიცოცხლისთვის სახიფათო, მაგრამ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბავშვი ჯერ კიდევ ცოცხალი, ნაცემი გადააგდეს არაგვში და წყალს გაატანეს. კონკრეტულ პირებს ბრალი ორი კვირის განმავლობაში მაინც უნდა წარუდგინონ. არ გამოვრიცხავ, ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს და თუ გამოიკვეთა სხვა პირთა პასუხისმგებლობაც, ყველა უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. ცხადია, გიორგი მოკლულია - ამაზე ორი აზრი არ არსებობს!
დანიშნულია რამდენიმე ექსპერტიზა - გენეტიკური, ნიადაგმცოდნეობის და სხვ., რომ მკვლელებს ბრალი დაუდასტურდეთ. შემთხვევის ადგილიდან აღებულია ნიადაგის ნიმუშები. რომელიმე დაკავებულს იქ გავლა რომ დაუდგინდეს და მის ფეხსაცმელზე იმ ნიადაგის ნიმუშები აღმოჩნდეს, ეს უკვე მტკიცებულებაა. დარწმუნებული ვარ, მათ წინააღმდეგ საკმარისზე მეტი მტკიცებულება მოგროვდება.
ზედა მხარეს მარცხნიდან პირველი - ვახო ჩიქოვანი, გვერდით ვასილ მახარაძე, გვერდით ნიკო რევაზიშვილი, ქვედა კუთხეში არჩილ გაგნიძე
- ამოღებულია რაიმე საგანი, რომლითაც გიორგის დაზიანება მიაყენეს?
- ის დაზიანებები შესაძლებელია ფეხის, ძელის ან რაიმე ბლაგვი საგნის ჩარტყმითაც მიეყენებინათ, მაგრამ განზრახ მკვლელობა უტყუარად დადასტურებულია.

- რაც შეეხება ჩანთას, იცით, ის იქ ვინ დადო?
- ჩვენ მივიღებთ გენეტიკური ექსპერტიზის პასუხს და ესეც გაირკვევა. ამასთან დაკავშირებით სამი ვერსია მაქვს, მაგრამ ახლა მათ ვერ განვიხილავ.
არ არის გამორიცხული, ხელჩანთა შენიღბვის მიზნით გამოეყენებინათ. ერთი რამ უნდა ითქვას - ასეთი დანაშაულები ყოველთვის იხსნება, რადგან დამნაშავეები ბევრ შეცდომას უშვებენ. ახლაც ასე მოხდება.

- მოტივზე რას იტყვით, გიორგი რატომ უნდა მოეკლათ? და როგორ ფიქრობთ, ფაქტს დამნახავი ეყოლება? ვახო ახვლედიანი ჩვენებაში ამბობდა, რომ ბოლოს მან დაინახა გიორგი. ხომ არ ფიქრობთ, რომ შეიძლება ისიც მალავს სიმართლეს?
- არის თუ არა ვინმე ამ ფაქტის დამნახავი, ახლა ამაზე რამის თქმა ნაადრევი იქნება. ვიმეორებ - აჯობებს, ითანამშრომლონ გამოძიებასთან, თქვან სიმართლე, თორემ მერწმუნეთ, სიმართლე მაინც გაირკვევა და ისინი უმკაცრესად დაისჯებიან.
რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, ამაზეც მაქვს ჩემი ვერსიები. სამ მოტივს განვიხილავ. ერთი სტანდარტული მოტივია, დანარჩენი - არასტანდარტული, რომლებიც მეტ ანალიზს მოითხოვს. ახლა მოტივზე არ ვილაპარაკებ, რადგან არ მინდა ბრალდებულების ადვოკატებმა თადარიგი დაიჭირონ და მოემზადონ. დამიჯერეთ, ყველაფერს ფარდა აეხდება.

- მაინც გკითხავთ - ერთი ვერსიით, გიორგი გოგონას გამო მოკლეს...
- ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება. ერთ-ერთ ვერსიად, რა თქმა უნდა, ესეც განიხილება. გიორგის შეყვარებული არ ჰყოლია, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რასაც თქვენ ამბობთ, მაგრამ დღეს ვერც ამ ვერსიებზე ვილაპარაკებ.

- ბრალდებულთა ადვოკატები ამბობენ, რომ "ტოიოტას" მგზავრებისთვის მტკიცებულების გარეშე რამის დაბრალება არ შეიძლება. ისინი თავიანთი დასაცავების უდანაშაულობაში დარწმუნებული არიან.
- ადვოკატებისთვის პასუხის გაცემას არ ვაპირებ, ეს მათი პროფესიაა და ცდილობენ, მათ დასახსნელად ყველა გზა გამოიყენონ, თუმცა მე ვიცი, რამდენმა ადამიანმა გააგრძელა გიორგის დევნა. ჩვენ გვინდა სიმართლე გაირკვეს, მტკიცებულებები მოგროვდეს და დამნაშავეები დაისაჯონ.
იმედი მაქვს, ვიღაც მაინც გააცნობიერებს, რა მოხდა და დეტალურ ჩვენებას მისცემს. იმედი ნუ ექნებათ, რომ დამნაშავეები გარეთ გამოვლენ. ეს კი არა, შეიძლება სხვა პირებიც მიეცენ პასუხისგებაში.

ია
13 ივლისი 2020 16:33
თუ სიმართლის დადგენა უნდათ ამ მორაგბეებს კი არა ტერორისტებსს გამოტეხავს ძალოვანი სტრუქტურები.
ხათუნა
13 ივლისი 2020 16:08
555-ს ამას რამე მნიშვნელობა აქვს? იგონებს ბიძია ვარო და მერე რა? გიორგის მამის ბიძაშვილია
მაიკო
13 ივლისი 2020 13:14
შენ გაზარდე რა წესიერი,პატიოსანი,მშვიდი და წარმატებული შვილი,ისე მოგიკლავენ,თვალს არ დაახხამებენ.ამიტომ ყველა უნდა დაისაჯოს,რომ ნელ-ნელა აღმოიფრქვას ქუჩური გარჩევები და ახალგაზრდების მკვლელობები.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები