"დადასტურდა, რომ ხელბორკილდადებული ომეხ აფრასიძე საჯაროდ დახვრიტეს" - დააკავებენ თუ არა აფრასიძეების სკანდალურ საქმეზე გია ბარამიძეს?! - კვირის პალიტრა

"დადასტურდა, რომ ხელბორკილდადებული ომეხ აფრასიძე საჯაროდ დახვრიტეს" - დააკავებენ თუ არა აფრასიძეების სკანდალურ საქმეზე გია ბარამიძეს?!

"საზოგადოებამ და სვანეთმა იცის, რაც მოხდა - 2000 შეიარაღებული პირი 12 ვერტმფრენით დაესხა თავს მძინარე ოჯახს, სადაც არასრულწლოვანი ბავშვები და მოხუცები ცხოვრობდნენ. ბავშვებს თვალწინ დაუხვრიტეს ბიძა და ცეცხლში დაუწვეს ბაბუა, დაუჭრეს მამა და მეორე ბიძა, დედა კი ფსიქიკურად შეიშალა"

10 ივლისს გენერალურ პროკურატურაში 2004 წელს სოფელ ეცერში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაზარალებული დოდო აფრასიძისა და ირაკლი შოთაძის შეხვედრა შედგა. დოდო აფრასიძე პასუხისმგებელი პირების დასჯას რახანია ითხოვს. როგორც ერთი მხარე აცხადებს, გენპროკურორი მათ საქმის გახსნას დაჰპირდა. იმჟამინდელი შს მინისტრი გია ბარამიძე კი დარწმუნებულია, რომ ეს წინასაარჩევნო პოლიტიკური სპეკულაციაა. შეგახსენებთ, რომ სვანეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპნენ ევგენი და ომეხ აფრასიძეები, გოჩა და შმაგი აფრასიძეები კი დააპატიმრეს. გოჩა აფრასიძეს მიესაჯა 19-წლიანი პატიმრობა, შმაგი აფრასიძეს კი 17-წლიანი. მათ 9 წელი მოიხადეს და 2013 წელს გათავისუფლდნენ.

"დადასტურდა, რომ ხელბორკილდადებული ომეხ აფრასიძე საჯაროდ დახვრიტეს"

ირმა ჭკადუა, აფრასიძეების ოჯახის ადვოკატი: - 8 წლის განმავლობაში ველოდით სამართლიან გადაწყვეტილებას, იმედი გვქონდა, რომ ამ სისასტიკის ჩამდენი პირები პასუხს აგებდნენ. არაერთი საგამოძიებო მოქმედება და ექსპერტიზა ჩატარდა, 100-ზე მეტი პირი დაიკითხა, გაკეთდა გვამების ექსჰუმაცია და ყველა დეტალი დადასტურდა. მაგალითად, ის, რომ მას შემდეგ, რაც ომეხ აფრასიძე ხელბორკილდადებული გამოიყვანეს სახლიდან, მერე მიაყენეს დაზიანებები და საჯაროდ დახვრიტეს.

- თუ არის დადგენილი, რომელმა სპეცრაზმელმა ჩაიდინა ეს? - ეს მხოლოდ ამოცნობით ვერ დადგინდება. ჩვენ გაგვაცნეს მასალა, რომელიც ამ მიმართულებითაც პროდუქტიულია. სიახლე ბალისტიკურ ექსპერტიზას შეეხება. საქმეში არის მტკიცებულებები, რომლებიც ძალიან გვაახლოებს ოჯახის ვერსიასთან. დავიწროვდა მსროლელთა წრეც. ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს ყველას ახსოვს მალხაზ ჯანგირაშვილის ბრძოლა ამ საქმეზე, არც ერთი დღე არ შეგვიწყვეტია საჩივრების წერა. ქალბატონ დოდოს რკინის ქალამნები ეცვა და როცა ბატონი ბარამიძე გვემუქრებოდა, კბილებში მოხვდებათ აფრასიძეების ადვოკატებსო, მაშინაც არ გავჩერებულვართ.

- რატომ გაჭიანურდა გამოძიება? ან რატომ შეხვდა შოთაძე ოჯახს წინასაარჩევნოდ? - შეხვედრა თებერვალში იყო დაგეგმილი და პანდემია დაემთხვა. შარშან ქალბატონმა დოდომ შიმშილობაც გადაწყვიტა პროკურატურასთან, მერე გვქონდა შეხვედრა კანცელარიაში... სხვათა შორის, ბარამიძემ რიტორიკა შეცვალა. ჩვენ ვაპელირებდით სააკაშვილის განცხადებაზე, რომ მისი უშუალო ბრძანებით გაიხსნა ცეცხლი, მაგრამ ბარამიძემ რამდენიმე დღის წინ თქვა, სააკაშვილს არ გაუცია ბრძანებაო.

- როგორ ფიქრობთ, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება? - ამ ოჯახში ცხოვრობდა ერთი ძებნილი - ომეხ აფრასიძე, რომელიც იარაღის შეძენა-შენახვისთვის იყო ბრალდებული. ვიცით, ეს რაში სჭირდებოდათ - უნდოდათ ლევან კალაძისა და მარიამ გოგინაშვილის მკვლელობა გახსნილად გამოეცხადებინათ (კალაძის საქმე სამჯერ გამოაცხადეს გახსნილად და მერე სხვა ადგილას იპოვეს გვამი). პროკურატურა დაადგენს, ვისი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს.

- აქამდე ბარამიძე არ უნდა დაეკითხათ? - ეს გამოძიების საქმეა... საზოგადოებამ და სვანეთმა იცის, რაც მოხდა - 2000 შეიარაღებული პირი 12 ვერტმფრენით დაესხა თავს მძინარე ოჯახს, სადაც არასრულწლოვანი ბავშვები და მოხუცები ცხოვრობდნენ. ბავშვებს თვალწინ დაუხვრიტეს ბიძა და ცეცხლში დაუწვეს ბაბუა, დაუჭრეს მამა და მეორე ბიძა, დედა კი ფსიქიკურად შეიშალა. ეს 4 ბავშვი ღია ცის ქვეშ დარჩა, დღემდე ამ ტკივილით ცხოვრობენ და აქვთ კითხვები, რომელთაც პასუხი უნდა გასცეს სახელმწიფომ. თუ ამას ვერ გააკეთებენ, მივმართავთ ევროპულ სასამართლოს.

აფრასიძეების სახლი

"პასუხს ვაგებ ყველაფერზე, კარგზეც და ცუდზეც"

გია ბარამიძე, შს ექსმინისტრი: - ბედის ირონიაა, როცა ნაძირალები და მკვლელები კარგი სახელის მორგებას ცდილობენ და გმირ პოლიციელებს მკვლელებად ასაღებენ. აფრასიძეებს უამრავი ადამიანი ჰყავთ დახოცილი: ახლავ არღვლიანი, ლაშა უშხვანი, ომარ დადეშქელიანი, ბადრი ვიბლიანი... ერთ მათგანს საკუთარი დის ქმარი ჰყავს მოკლული, გვარად პირველი.

- ხშირად ისმის კითხვა, რად უნდოდა დამნაშავის აყვანას ამხელა ძალის გამოყენებაო? - ავიყვანეთ კიდეც სამი კაცი, რომლებმაც არ ისროლეს. სასამართლოს წინაშე წარდგნენ და დიდი სასჯელებიც მიესაჯათ. უბრალოდ, "ქოცებმა", როგორც კრიმინალების დიდი ნაწილი, ისინიც გამოუშვეს. ჩვენი მიზანი კრიმინალების აყვანა რომ იყო, ეს იმითაც დასტურდება, რომ სამი კაცი ცოცხლად ავიყვანეთ - ძმები აფრასიძეები და მურავიოვი. დიდი ძალის გამოყენება კი იმიტომ დაგვჭირდა, რომ ეცერი მთის სოფელია, რომლის გადაკეტვა აუცილებელი იყო, რათა ეს მკვლელები არ გაქცეულიყვნენ. მათ პოლიცია ვერ ეკარებოდა, როგორც კი ვინმე სოფელში ცხვირს შეყოფდა, ეგრევე ესროდნენ. იმ ხუთიდან ერთი რომ გაქცეულიყო, რა გარანტია გვქონდა, ვინმე მძევლად არ აეყვანა ან არ მოეკლა? გარდა იმისა, რომ აფრასიძეებმა ამდენი ადამიანი მოკლეს, მესტიის პოლიცია ორჯერ გადაწვეს. თავზე ხელაღებულები იყვნენ და სწორედაც მოვიქეცით, ამხელა ძალები რომ გადავისროლეთ.

- პირველმა ვინ დაიწყო სროლა? - ვერტმფრენები ჯერ კიდევ არ იყვნენ მიწაზე დაშვებული, აფრასიძეებმა რომ ესროლეს და გაარტყეს, მფრინავის ვაჟკაცობა და პროფესიონალიზმი რომ არა, 15 სპეცრაზმელი ამოიჟუჟებოდა. მთელი ბრძოლა გაუმართეს აფრასიძეებმა სპეცრაზმს და მათაც საპასუხოდ დაიწყეს სროლა.

- სააკაშვილმა არაერთხელ თქვა, მე გავეცი ცეცხლის გახსნის ბრძანებაო, თუმცა, არ უხსენებია, რომ საპასუხო ცეცხლის გახსნის ბრძანება გასცა. - ბრძანება ნიშნავს იმას, რომ კრიმინალი თუ გესვრის, შენც უნდა უპასუხო. ვამაყობ თითოეული იმ პოლიციელით, რომელთაც შუბლი და გული მიუშვირეს მათ ტყვიებს. ასობით პოლიციელი ჰყავთ დაკითხული. არაერთხელ მოვუწოდე პროკურატურას, დავეკითხე, მაგრამ არანაირი სტატუსით არ დამიძახეს. თუ მართლა გაინტერესებთ საქმის გამოძიება და დეპუტატობის მანდატია იმუნიტეტი, მოვიხსნი-მეთქი. ამათ გამოძიება არ აინტერესებთ, ვინაიდან პოლიცია კანონის სრული დაცვით მოქმედებდა. როცა ბერი სალოსის ქუჩაზე ტერორისტებმა პოლიციას ესროლეს, შუა ქალაქში ნახევარი კორპუსი ყუმბარსატყორცნებით ხომ ამობუგეს? პოლიციელებს არ უნდა ესროლათ და უნდა გაქცეულიყვნენ? ამ შემთხვევაში თუ შეეძლო პოლიციას პასუხი დაებრუნებინა, სვანეთის შემთხვევაში რატომ არ შეეძლო? მათ ზუსტად ეს ბრძანება ჰქონდათ მიცემული - გესვრიან, ესროლეთო და თუ ვინმეა ამაში დამნაშავე, მე ვარ, ასეთი ბრძანება რომ გავეცი.

- მიშა სააკაშვილმა რატომ დაიბრალა? - კრიმინალის ალაგმვის დიდი პოლიტიკური ბრძანება სააკაშვილისგან მოდიოდა, დანარჩენი შს და უშიშროების მინისტრებისგან - ჩემი და ადეიშვილისგან. სპეცოპერაციაში ორივე უწყების სპეცრაზმი მონაწილეობდა პროკურატურის სანქციით და სხვა უამრავი უწყებაც იყო ჩართული ოპერაციის მომზადება-ჩატარებაში. როგორც მაშინდელი მინისტრი, პასუხს ვაგებ ყველაფერზე, კარგზეც და ცუდზეც. იმ ბოდვას კი, რომ სპეცრაზმელმა ხელბორკილდადებული ომეხ აფრასიძე მოკლა ან თითი მოაჭრა, არავის გავუტარებ, ამით შეურაცხყოფას აყენებენ გმირ პოლიციელებს.

- ევგენი აფრასიძე ცოცხლად დაწვეს და ამ სცენას ბარამიძე კმაყოფილი სახით უყურებდაო, გამიგონია... - როგორ ვუყურებდი, როცა ჩემს ჩასვლამდე მოხდა ეს? მე და ვანო მერაბიშვილი სპეცოპერაციის შემდეგ ჩავფრინდით. რატომღაც "ქოცების" პროპაგანდა ორ დაკავებულს ახსენებს, სინამდვილეში კი იყო მესამეც - მურავიოვი, რომელიც აფრასიძეებმა მონად გაიხადეს, მერე ბანდაში ჩაითრიეს და ისიც კრიმინალად იქცა. როცა ჩვენ ჩავფრინდით, სახლი დამწვარი იყო იმიტომ, რომ იქ მთელი ომი იყო.

- მაგრამ არ გაითვალისწინეს, რომ იმ სახლში ბავშვებიც იყვნენ. - ბავშვები რომ იყვნენ, მათი ოჯახის წევრებს არ უნდა სცოდნოდათ, პოლიციელებს რომ გაუხსნეს ცეცხლი?

- აფრასიძეების საბრძოლო მასალა არის საქმეში? - მათ ყუმბარსატყორცნებიც ჰქონდათ, ავტომატებიც, ტყვიამფრქვევებიც, ყუმბარებიც და ყველაფერი... ჩვენ რომ ჩავფრინდით, სარდაფში ჯერ კიდევ ტყვია-წამალი ფეთქდებოდა. ახლა კი იმასაც კადრულობენ, რომ არათუ არ გვისვრია, იარაღიც არ გვქონიაო.

- ბორკილდადებული ომეხ აფრასიძის დახვრეტა რა აუცილებელი იყო? მართლა არ გაწყობდათ მისი ცოცხლად დატოვება? - ვინ თქვა ეს?

- გოჩა აფრასიძემ თქვა ჩვენთან ინტერვიუში, ოჯახის სხვა წევრებიც ამას ამბობენ... - არც ერთი პოლიციელი ამას არ იკადრებდა. ან როგორ წარმოგიდგენიათ, რომელიმე სპეცრაზმელს მიცვალებულისთვის ბეჭდის გამო თითი მოეჭრა?

- პროკურატურას ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა წარუდგენია ოჯახისთვის, რითაც, როგორც ამბობენ, დადასტურდა მათი ვერსია, რომ ომეხი დაკავების მერე დახვრიტეს. - 8 წლის შემდეგ? ბალისტიკურ ექსპერტიზას ყველაზე დიდი 2 კვირა სჭირდება.

- როგორ ფიქრობთ, დაგაკავებენ? - ამათგან ყველაფერია მოსალოდნელი... ეს თავხედები სახელმწიფოსთან კიდევ კომპენსაციაზე ლაპარაკობენ. აფრასიძეებმა რამდენი ადამიანი მოკლეს და იმათ თუ ახსენებს ვინმე? ესაა "ქოცების" ჭეშმარიტი სახე.