"ეს სისხლჩაქცევები მუშტის დარტყმით ვერ განვითარდებოდა" - რას ამბობს გიორგი შაქარაშვილის საქმის ექსპერტი?
"ეს სისხლჩაქცევები მუშტის დარტყმით ვერ განვითარდებოდა" - რას ამბობს გიორგი შაქარაშვილის საქმის ექსპერტი?
ფოტო:ალექსანდრე გეჯაძე
ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ოჯახი აცხადებს, რომ გამოიკვეთა დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა და ითხოვს იმ პირთა საკადრისად დასჯას, ვინც საბედისწერო ღამეს გიორგი შაქარაშვილს თავს დაესხნენ. ოჯახი პროკურატურისგან ელოდება, რომ "ტოიოტა ქამრიში" მყოფ ექვს პირს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუმძიმდება და არ გამორიცხავს, ამ მძიმე მუხლით სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. უკვე ცნობილია, რომ რამდენიმე მუხლით აღძრულ საქმეს 109-ე მუხლი დაემატა.

დამოუკიდებელი საექსპერტო ბიურო "ვექტორის" ხელმძღვანელი ალექსანდრე
გეჯაძე, რომლის საექსპერტო ბიუროს თანამშრომელი კახა ერისთავი ესწრებოდა ექსპერტიზას და დასკვნასაც ხელს აწერს, ამბობს, რომ გიორგი შაქარაშვილს დაზიანებები, ალბათ, რამდენიმე ადამიანმა მიაყენა. გთავაზობთ ამონარიდს გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნებული სტატიიდან:

ალექსანდრე გეჯაძე:
- სიკვდილის მიზეზი ასფიქსია რომ იყო, ამის დამახასიათებელი ნიშნები თავიდანვე გვქონდა, თუმცა ველოდებოდით, რას
მოგვცემდა მიკროსკოპული ლაბორატორიული კვლევის შედეგი. როგორც კი მივიღეთ ეს შედეგები, განვაცხადეთ, რომ სიკვდილის მიზეზი არის ასფიქსია წყალში დახრჩობით. ანალიზი ჩატარდა როგორც ალკოჰოლზე, ასევე ნარკოტიკზე. მის სხეულში აღმოჩნდა 0,85 ეთილის ალკოჰოლი, რაც ნიშნავს, რომ სიკვდილის დროს ახალგაზრდა თითქმის ფხიზელი იყო. რაც შეეხება დაზიანებებს, თავიდანვე ვამბობდით, რომ მიკროსკოპულად გვამის პირველადი გამოკვლევებით ჩანდა ბლაგვი ტრავმა, რაც გამოიხატებოდა სისხლნაჟღენთების არსებობით. გიდასტურებთ, რომ ცხედარს გარეგანი დათვალიერებით ბევრი დაზიანება ჰქონდა სახის მიდამოში, მენჯისა და მუცლის ქვემო ნახევრის პროექციაში. დიფუზური სისხლჩაქცევები იყო ორივე თვალბუდის მიდამოში, ეს გადადიოდა ცხვირის მარჯვენა და მარცხენა გვერდით ზედაპირებზე და შუბლის არეში ჩანდა არაერთი სისხლნაჟღენთი, რაც მიუთითებს, რომ სახის არეში მკვრივი ბლაგვი საგნით მიაყენეს დაზიანება. ამავდროულად გვაქვს მკვრივი ბლაგვი საგნით გამოწვეული არაერთჯერადი ჰემატომები... ვადასტურებ, რომ ეს სისხლჩაქცევები მუშტის დარტყმით ვერ განვითარდებოდა, მას სჭირდებოდა დიდი ძალის ზემოქმედება. იმის დასადგენად, კონკრეტულად რომელი დაზიანება რომელი საგნით არის მიყენებული და რა შემთხვევაში შეიძლებოდა ისინი გარდაცვლილს მიეღო, ალბათ, გამოძიება დანიშნავს კომისიურ ექსპერტიზას, სადაც დეტალურად იქნება შესწავლილი და წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები; პროცესში ექსპერტებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ კრიმინალისტები, ექსპერტ-ტრასოლოგები და მივიღებთ სათანადო დასკვნას. გიორგის სხეულზე აღმოჩენილი დაზიანებები წყალში რაიმეს შეჯახებით ვერ განვითარდებოდა. ყველა დაზიანება მკვრივი ბლაგვი საგნით არის მიყენებული. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი მიეყენებინა ერთ ადამიანს, მაგრამ რამდენმა მიაყენა დაზიანება, ეს უნდა გაირკვეს. როგორ აღმოჩნდა გიორგი შაქარაშვილი მდინარეში, ესეც სამართლებრივი მსჯელობის საგანი და გამოძიების დასადგენია.

სისხლნაჟღენთი იწყება თეძოს ხედიდან, ჩამოდის საზარდულიდან და ვრცელი დაზიანებაა, რომლის ფონზე შიგნით, მენჯის წინა კედელზეც ვითარდება სისხლჩაქცევა. გიდასტურებთ, რომ ამ დაზიანებით ის სიარულს შეძლებდა.


ე.ლ.ა.
13 ივლისი 2020 10:01
ღმერთო ჩემო, ამხელა გორილებს ამ წიწილასავით ბავშვის წინააღმდეგ რკინის არმატურები რად უნდოდათ?
ასე გამეტებით როგორ ურტყეს?
ცივსისხლიანი უტვინო გორილები!
არავითარი დანდობა მკვლელებს!
ისინი არავის შვილებს არ დაინდობენ.
ამავე დროს ლაჩრები არიან, მაგის კაცობა ვინ მისცათ, პასუხი აგონ, ასე ამის გამო გავაკეთეთო...
უკუჭონ ახლა ადვოკატებს ფულები...
პ.ს. აბა, მტერს თუ გამოეკიდებოდნენ ასე?
მტერი აგერაა, ყურისძირში, მაგრამ ეს ცხოველები საკმაოდ ლაჩრებიც გახლავან..
ბავშვთან აღმოჩნდნენ ლომები!...

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები